დამტკიცებულია

თსსუ-ის წარმომადგენლობითი საბჭოს 2013 წლის 1 მარტის

# 23/1 დადგენილებით


სსიპ _ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის

ეთიკის კოდექსი



მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1.1. სსიპ _ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის (შემდგომში - უნივერსიტეტი) ეთიკის კოდექსი შემუშავებულია უნივერსიტეტისათვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში.

1.2. ეთიკის კოდექსი ადგენს უნივერსიტეტის ეთიკურ ნორმებს, განსაზღვრავს უნივერსიტეტის პერსონალისა და სტუდენტის ქცევის წესებს მოქმედი კანონმდებლობისა და უნივერსიტეტის საქმიანობის მარეგულირებელი ადმინისტრაციული აქტების მოთხოვნათა შესაბამისად.

1.3. კოდექსი ვრცელდება თსსუ-ის პერსონალზე, ადმინისტრაციული თანამდებობის პირებზე, დამხმარე პერსონალზე და თსსუ-ის სტუდენტებზე. უნივერსიტეტის პერსონალში იგულისხმება აკადემიური პერსონალი, მასწავლებელი, ასევე, სასწავლო ან/და სამეცნიერო კვლევით პროცესში მონაწილეობის მიზნით მოწვეული ნებისმიერი სხვა პირი. ადმინისტრაციულ/დამხმარე პერსონალში იგულისხმება თსსუ-ის წესდებით განსაზღვრული ადმინისტრაციულ/დამხმარე პერსონალი. ეთიკის კოდექსით დადგენილი მოთხოვნები ვრცელდება ყველა საგანმანათლებლო საფეხურის სტუდენტზე (მათ შორის - მაგისტრანტზე, დოქტორანტზე), აგრეთვე, რეზიდენტზე, მსმენელისა და თავისუფალი მსმენელის სტატუსის მქონე პირებზე; პირებზე, რომლებიც სწავლობენ ან გადიან მზადებას უნივერსიტეტის რომელიმე დეპარტამენტში ან ცენტრში.


მუხლი 2. ეთიკის კოდექსის გამოყენება

2.1. ეთიკის კოდექსი გამოიყენება უნივერსიტეტის მიერ მიღებულ სხვა ადმინისტრაციულ აქტებთან ერთად.

2.2. ეთიკის კოდექსით დადგენილი ნორმები შეიძლება საფუძვლად დაედოს უნივერსიტეტის მართვის ორგანოების გადაწყვეტილებებს (დისციპლინურ, ადმინისტრაციულ ან სახელშეკრულებო ურთიერთობას) მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს პირდაპირ არის დადგენილი უნივერსიტეტის შესაბამისი ადმინისტრაციული აქტებითა და შრომითი ხელშეკრულებით.


მუხლი 3. ეთიკის კოდექსის პრინციპები

3.1. თსსუ-ის პერსონალი, ადმინისტრაციული თანამდებობის პირები, დამხმარე პერსონალი და სტუდენტები ხელმძღვანელობენ უნივერსიტეტში დადგენილი საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებით, როგორიცაა:

3.1.1. კანონიერება;

3.1.2. სამართლიანობა;

3.1.3. პროფესიონალიზმი;

3.1.4. დამოუკიდებლობა.


მუხლი 4. უნივერსიტეტის პერსონალის ვალდებულებები

4.1. ამ მუხლით განსაზღვრული ვალდებულებები ვრცელდება უნივერსიტეტის პერსონალზე, კანონმდებლობითა და ხელშეკრულებით განსაზღვრული მათი კომპეტენციის ფარგლებში.

4.2. თსსუ-ის პერსონალი:

4.2.1 თსსუ-ის პერსონალის ძირითადი მოვალეობაა სტუდენტს მიაწოდოს კვალიფიციური ცოდნა სწავლებისა და კვლევის თანამედროვე საშუალებებით. პერსონალი უნდა აცნობიერებდეს, რომ ადამიანური თვისებები და მოქალაქეობრივი ფასეულობები მისაბაძი უნდა იყოს სტუდენტებისათვის.

4.2.2 თსსუ-ის პერსონალის საქმიანობა და სტუდენტებთან ურთიერთობა დამყარებული უნდა იყოს აკადემიურ და ეთიკურ სტანდარტებზე;

4.2.3 თსსუ-ის პერსონალმა უნდა შექმნას ყველა პირობა სრულყოფილი აკადემიური გარემოს არსებობისათვის, შეიმუშავოს ხარისხიანი სწავლების ეფექტური მეთოდები და შეფასების სამართლიანი კრიტერიუმები;

4.2.4 თსსუ-ის პერსონალმა სასწავლო პროცესი უნდა წარმართოს უნივერსიტეტის მიერ დამტკიცებული სასწავლო გეგმის შესაბამისად, სტუდენტს გაუწიოს აკადემიური ხელმძღვანელობა, დაიცვას მისი აკადემიური თავისუფლება, ხელი შეუწყოს აზრთა თავისუფალ გაზიარებას და პატივი გამოხატოს მის მიმართ;

4.2.5 სტუდენტის შეფასების პროცესში თსსუ-ის პერსონალმა უნდა იმოქმედოს სამართლიანობისა და ობიექტურობის პრინციპების შესაბამისად. მისი შეფასება თავისუფალი უნდა იყოს სუბიექტური შეხედულებისაგან, როგორიცაა: აღმსარებლობა, რასობრივი და პოლიტიკური კუთვნილება და სხვა. მიცემული შეფასება დაფუძნებული უნდა იყოს მხოლოდ სტუდენტის აკადემიურ მოსწრებაზე;

4.2.6 თსსუ-ის პერსონალის მიერ არ უნდა იყოს განხორციელებული ისეთი ქმედება, რაც სტუდენტს ჩააყენებს სხვებთან შედარებით პრივილეგირებულ ან შეზღუდულ მდგომარეობაში;

4.2.7. უნივერსიტეტის პერსონალს არ აქვს უფლება, სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით მიიღოს საჩუქარი, ასევე, დაუშვებელია საჩუქრის სახით თანხის მიღება; 4.2.8. ამოღებულია; (06/07/2018წ N23/9)

4.2.9. თსსუ-ის პერსონალმა არ უნდა გაამჟღავნოს სტუდენტის შესახებ მის ხელთ არსებული კონფიდენციალური ინფორმაცია (მათ შორის: პირადი ცხოვრების, პოლიტიკური ან რელიგიური შეხედულებების შესახებ), გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

4.3. თსსუ-ის პერსონალს ეკრძალება:

4.3.1 გამოიყენოს სტუდენტების შესაძლებლობები პირადი სარგებლის მიღების მიზნით;

4.3.2 გაუწიოს დისკრიმინაცია სტუდენტს სქესობრივი, რასობრივი, რელიგიური, ეთნიკური კუთვნილების, ოჯახური მდგომარეობის, ასაკის ან სხვა საფუძველზე;

4.3.3 სტუდენტებთან ისეთი ურთიერთობა, რომელმაც შესაძლებელია ხელი შეუშალოს მის მიერ სტუდენტის ობიექტურად და სამართლიანად შეფასებას ან შექმნის სტუდენტთან კონფლიქტურ სიტუაციას;

4.3.4 უნივერსიტეტში და მის გარეთ ისეთი საქციელის ჩადენა, რომელმაც შეიძლება ხელყოს ან საფრთხე შეუქმნას უნივერსიტეტის პრესტიჟს;

4.3.5 თანამდებობისათვის შეუფერებელი საქციელის ჩადენა. თანამდებობისათვის შეუფერებელ საქციელად განიხილება: ნებისმიერი ქმედება, რომელიც პირდაპირ ან ირიბად შეიძლება უარყოფითად აისახოს აკადემიური, კვლევითი და სამკურნალო პროცესების ხარისხზე, შრომის დისციპლინაზე და ქმედება, რომელიც არ შეესაბამება უნივერსიტეტის წესდებით და შინაგანაწესით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.

4.3.6 სტუდენტის გამოცდის შედეგებზე ზემოქმედება, მათ შორის - არაობიექტური შეფასება, პლაგიატის ფაქტების, გაყალბების და სხვა ანალოგიური ხასიათის დარღვევის დაფარვა, მეცადინეობების გაცდენა ან დაგვიანებით გამოცხადება, პროტექციის შემთხვევის დაფარვა, ფაკულტეტისათვის არასწორი ინფორმაციის, მათ შორის არასწორი პირადი მონაცემების მიწოდება, საქართველოს ან უნივერსიტეტის პრესტიჟის ხელყოფა, საზოგადოებაში აღიარებული ზნეობრივი ნორმების დარღვევა.

(06/07/2018წ N23/9)

4.3.61 აკადემიურმა პერსონალმა საზოგადოების წინაშე მედია საშუალებებით წარდგომისას საკუთარი პერსონის წარდგენა მოითხოვოს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში დაკავებული აკადემიური თანამდებობის მითითებით. (23/12/2014წ N23/10)

4.4. უნივერსიტეტის პერსონალმა მაქსიმალურად უნდა გამოიყენოს საკუთარი დრო და ენერგია პროფესიონალიზმის ასამაღლებლად, თავის საქმიანობაში იყოს კეთილსინდისიერი.

4.5. უნივერსიტეტის პერსონალი ვალდებულია:

4.5.1 დაიცვას კოლეგების და სტუდენტების აკადემიური თავისუფლება;

4.5.2 პატივისცემით და სამართლიანად მოეპყრას კოლეგებს;

4.5.3 თავი შეიკავოს მცდარი და უსაფუძვლო შეფასებისაგან;

4.5.4 კრიტიკისას იყოს კორექტული;

4.5.5 უნივერსიტეტის ტერიტორიაზე სიტყვიერი ფორმით თუ ქმედებით გამოხატული მუქარის, შეურაცხყოფის და დამცირების ფაქტები არ დატოვოს რეაგირების გარეშე;

4.5.6 საკუთარი პოზიციის გამყარების მიზნით არ წარმოაჩინოს კოლეგის შეხედულება მცდარად ან არასწორად;

4.5.7 გაუწიოს აქტიური დახმარება კოლეგებს პროფესიული განვითარების პროცესში;

4.5.8 კოლეგების ან სხვა მეცნიერების ორიგინალური დასკვნები გამოიყენოს მხოლოდ შესაბამისი ციტირებით – როგორც ზეპირი, ასევე წერილობითი ფორმით;

4.5.9 არ დაუშვას უხეში კომენტარები კოლეგის სწავლების/კვლევის მეთოდებთან მიმართებაში;

4.5.10 არ შეურაცხყოს ან ანონიმურად არ დაადანაშაულოს კოლეგები;

4.5.11 დადგენილი წესით აქტიური მონაწილეობა მიიღონ საუნივერსიტეტო ცხოვრებაში, მათ შორის - უნივერსიტეტის მართვის ორგანოების ჩამოყალიბებასა და საქმიანობაში, იმ პირობით, რომ ეს ხელს არ შეუშლის მათ ძირითად მოვალეობებს;

4.5.12 რაციონალურად და სათანადოდ გამოიყენოს უნივერსიტეტის შენობა, ტექნიკა, მატერიალური ფასეულობები. უნივერსიტეტის მიერ ანაზღაურებული სამუშაოHდრო, მისი ადამიანური რესურსები და ინტელექტუალური საკუთრება გამოიყენოს მხოლოდ სამსახურებრივი მიზნებისათვის, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ამის ნებართვა არსებობს;

4.5.121 მართვის ორგანოს წევრი და მართვის ორგანოს სხდომაზე დამსწრე პირი უნდა იყოს კლასიკურად ჩაცმული (კლასიკური პიჯაკი, კოსტუმი, ჰალსტუხი, პერანგი, ქვედაბოლო, შარვალი და სხვა). სხდომების დროს მობილური ტელეფონი უნდა იყოს გამორთული. დაუშვებელია სხდომის დროს დარბაზიდან გასვლა ან საუბარი, გარდა განსაკუთრებული შემთხვევისა. (23/12/2014წ N23/10)

4.5.13 დაემორჩილოს მოქმედი კანონმდებლობის, უნივერსიტეტის წესდების, ადმინისტრაციული აქტებისა და ეთიკის კოდექსის მოთხოვნებს.


მუხლი 5. ადმინისტრაციული და დამხმარე პერსონალი

5.1. ადმინისტრაციული და დამხმარე პერსონალის მოვალეობაა უნივერსიტეტში შექმნას საჭირო მორალური, ასევე, ფინანსურ_ეკონომიკური და საყოფაცხოვრებო გარემო სასწავლო კვლევითი საქმიანობისა და პროფესიული განვითარებისათვის.

5.2. ადმინისტრაციული და დამხმარე პერსონალი ვალდებულია პატივი სცეს უნივერსიტეტის ტრადიციებს, პატივისცემით და სამართლიანად მოეპყრას უნივერსიტეტის თანამშრომლებსა და სტუდენტებს. ადმინისტრაციულმა პერსონალმა უნდა შეიმუშაოს ისეთი პოლიტიკა, რომელიც გამორიცხავს თანამშრომელთა და სტუდენტთა დისკრიმინაციას სქესისა და ასაკის, რასობრივი, ეთნიკური, პოლიტიკური ან რელიგიური კუთვნილების მიხედვით.

5.3. ადმინისტრაციული და დამხმარე პერსონალის საქმიანობა უნდა ეფუძნებოდეს ეთიკის სტანდარტებს, კეთილსინდისიერებას და პროფესიონალიზმს; ხელს უწყობდეს საზოგადოებაში უნივერსიტეტის სახელისა და ავტორიტეტის განმტკიცებას.

5.4. ადმინისტრაციული და დამხმარე პერსონალი უნდა ემორჩილებოდეს უნივერსიტეტის მიერ დადგენილ წესებს და არსებულ კანონმდებლობას.

5.5. ადმინისტრაციული და დამხმარე პერსონალი ვალდებულია არ გაამჟღავნოს პროფესიული საქმიანობის დროს მოპოვებული კონფიდენციალური ინფორმაცია, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

5.6. ადმინისტრაციულმა და დამხმარე პერსონალმა უნივერსიტეტის საჭიროებისათვის ეფექტურად უნდა გამოიყენოს უნივერსიტეტის ქონება, სამუშაო დრო, ინტელექტუალური შესაძლებლობები და სხვა.

5.7. ეთიკის კოდექსით დადგენილი მოთხოვნების დარღვევად განიხილება თანამდებობრივი შეუთავსებლობა, რომელიც რეგულირდება უნივერსიტეტის წესდებითა და შესაბამისი ადმინისტრაციული აქტებით.


მუხლი 6. უნივერსიტეტის სტუდენტის ვალდებულებები

6.1. სტუდენტი ვალდებულია:

6.1.1 დაიცვას მოქმედი კანონმედებლობის, თსსუ-ის წესდების, შინაგანაწესის, ადმინისტრაციული აქტების და ეთიკის კოდექსის მოთხოვნები;

6.1.2 სტუდენტმა პატივი უნდა სცეს უნივერსიტეტის პერსონალს, სხვა სტუდენტებს, მათთან ურთიერთობისას დაიცვას საყოველთაოდ აღიარებული ზნეობრივი ნორმები;

6.1.3 სტუდენტმა არ უნდა ჩაიდინოს ისეთი საქციელი, რამაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას უნივერსიტეტს ან შელახოს მისი პრესტიჟი.

6.2. სტუდენტისათვის შეუფერებელ და არაეთიკურ ქცევად ჩაითვლება:

6.2.1 სასწავლო პროცესის მიმდინარეობისათვის ხელის შეშლა (ხმაური, მობილური ტელეფონით სარგებლობა და სხვა);

6.2.2 თამბაქოს მოწევა უნივერსიტეტის შენობაში და მათ საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებულ ტერიტორიებზე; (06/07/2018წ N23/9)

6.2.3 უნივერსიტეტში ალკოჰოლური სასმელების შემოტანა, გავრცელება ან/და გამოყენება თსსუ-ის ადმინისტრაციასთან შეთანხმების გარეშე; (06/07/2018წ N23/9)

6.2.4 უნივერსიტეტში აზარტული თამაშები;

6.2.5 ინვენტარის განზრახ დაზიანება;

6.2.6 ნარკოტიკული ან/და ფსიქოტროპული საშუალებების შემოტანა, გავრცელება და/ან გამოყენება;

6.2.7 ცეცხლსასროლი ან/და ცივი იარაღის შემოტანა და/ან გამოყენება;

6.2.8 ძალადობა, ფიზიკური ან/და სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება სხვა სტუდენტების, აკადემიური, ადმინისტრაციული და დამხმარე პერსონალის წარმომადგენლებისათვის.

6.3. უნივერსიტეტის ყველა სტუდენტი ვალდებულია უნივერსიტეტის ტერიტორიაზე შემოსვლისას თან იქონიოს სტუდენტის სტატუსის დამადასტურებელი ან პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, რომელსაც მოთხოვნისთანავე წარუდგენს ადმინისტრაციის პერსონალს, აკადემიურ პერსონალს, ან დაცვის პოლიციის თანამშრომელს. (05/12/2014წ N23/9)

6.4. სტუდენტს ეკრძალება ჩაიდინოს ისეთი ქმედება, რაც წარმოადგენს აკადემიურ სიყალბეს რომელიც გულისხმობს:

6.4.1 გამოცდის დროს სხვისი ნამუშევრის გადაწერა ან რაიმე სხვა დამხმარე მასალის

გამოყენება, (მათ შორის წიგნების და კონსპექტების, ერთმანეთთან საუბარი და სხვა).

6.4.2 სხვა სტუდენტის მაგივრად გამოცდის ჩაბარება;

6.4.3 გამოცდის შესახებ კონფიდენციალური ინფორმაციის ან მასალის მოპოვება, ან სხვის მიერ მოპოვებული შესაბამისი მასალის გამოყენება წყაროს მითითების გარეშე;

6.4.4. სხვა პირის ნამუშევრის საკუთარ ნამუშევრად წარმოჩენა;

6.4.5 საუნივერსიტეტო მონაცემების (მათ შორის - მიღებული შეფასებების) გაყალბება;

6.4.6 სხვა სტუდენტებისათვის აკადემიურ სიყალბეში დახმარების გაწევა;

6.4.7 კვლევითი სამუშაოების დროს ფაქტობრივი ინფორმაციის ან რაიმე სხვა სახის მონაცემების გაყალბება;

6.4.8 საკუთარ ნაშრომში კონფიდენციალური ინფორმაციის გამოყენება.

6.5. სტუდენტის დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხს წყვეტს ფაკულტეტის საბჭო, თსსუ-ის წესდების, შინაგანაწესის, ეთიკის კოდექსის და ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად. სტუდენტს უფლება აქვს დაესწროს საკუთარი საქმის განხილვას და ისარგებლოს კანონით გათვალისწინებული სხვა უფლებით.


მუხლი 7. ეთიკის კომისია

7.1. ეთიკის კოდექსით დადგენილი მოთხოვნების შესრულების უზრუნველსაყოფად უნივერსიტეტში იქმნება ეთიკის კომისია.

7.2. კომისია შედგება მუდმივი და ცვლადი წევრებისაგან (საკითხის სპეციფიკის მიხედვით).

7.3. კომისიის შემადგენლობა მტკიცდება რექტორის ბრძანებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში და ინტერესთა კონფლიქტის გამორიცხვით.

7.4. კომისიის შემადგენლობის მუდმივმოქმედი წევრები არიან:

7.4.1 ვიცე_რექტორი – კომისიის თავმჯდომარე;

7.4.2 ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარმომადგენელი;

7.4.3 რექტორის აპარატის უფროსი – კომისიის მდივანი;

7.4.4 იურიდიული სამსახურის წარმომადგენელი.

7.5 საქმის სპეციფიკის გათვალისწინებით, კომისიის შემადგენლობის ცვლადი წევრები არიან:

7.5.1 ფაკულტეტის, მიმართულების ან/და დეპარტამენტის, დიპლომისშემდგომი/კვლევითი ინსტიტუტების წარმომადგენლები;

7.5.2 კადრების სამსახურის წარმომადგენელი;

7.5.3 სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენელი;

7.5.4 მოწვეული ექსპერტი.

7.6 კომისია იკრიბება ეთიკის კოდექსის მოთხოვნათა დარღვევის ფაქტის არსებობის შესახებ ინფორმაციის (განცხადება, საჩივარი) წარმოდგენიდან 2 კვირის ვადაში.

7.7. საკითხის აღძვრა შეუძლია უნივერსიტეტის ადმინისტრაციული, აკადემიური, პედაგოგიური, დამხმარე   პერსონალის  ნებისმიერ წარმომადგენელს,  ასევე, სტუდენტს, რომელსაც   შეუძლია   დაადასტუროს  ეთიკის ნორმების დარღვევის ფაქტი.(12.02.2024 წ; 23/3).

7.8 სხდომა უფლებამოსილია, თუკი მას ესწრება წევრების ნახევარზე მეტი. გადაწყვეტილება მიიღება ხმათა უმრავლესობით. ხმათა თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა.

7.9 კომისიის სხდომაზე დგება ოქმი. სხდომის ოქმს ხელს აწერს კომისიის ყველა წევრი.

7.10 კომისიის წევრებს შორის განსხვავებული მოსაზრების არსებობის შემთხვევაში, კომისიის წევრის განსხვავებული აზრი წერილობითი ფორმით თან დაერთვება კომისიის გადაწყვეტილებას.

7.11 პირს, რომლის საკითხიც განიხილება, კომისიამ უნდა მისცეს შესაძლებლობა წარმოადგინოს საკუთარი ახსნა-განმარტება.

7.12 კომისია გადაწყვეტილებას იღებს მხოლოდ სათანადო დასაბუთების არსებობის შემთხვევაში.

7.13 კომისია თანამშრომლის შემთხვევაში გადაწყვეტილების შესახებ აცნობებს - უნივერსიტეტის რექტორს, ხოლო სტუდენტის შემთხვევაში - შესაბამისი ფაკულტეტის საბჭოს.

7.14 კომისიის გადაწყვეტილება ატარებს სარეკომენდაციო ხასიათს. მუხლი 8. პასუხისმგებლობის ზომები

8.1. უნივერსიტეტის თანამშრომლის მიმართ შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს  დისციპლინური პასუხისმგებლობის შემდეგი ღონისძიებები:

ა) გაფრთხილება; 

ბ) საყვედური; 

გ) სამსახურიდან დათხოვნა; (12.02.2024 წ; N23/3).


8.2. უნივერსიტეტის თანამშრომლის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა განისაზღვრება რექტორის ბრძანებით.

 8.2.1 სტუდენტის მიერ დისციპლინური დარღვევის ჩადენისას  ეთიკის კომისიის რეკომენდაცია  ადმინისტრაციული წარმოების მასალებთან ერთად წარედგინება შესაბამისი ფაკულტეტის საბჭოს, რომელიც უფლებამოსილია  გამოიყენოს დისციპლინური პასუხისმგებლობის შემდეგი ღონისძიებათაგან ერთერთი:

ა) შენიშვნა


ბ) საყვედური


გ) გარიცხვა;  (12.02.2024 წ; N23/3).


8.3. მიღებული გადაწყვეტილება დაინტერესებულ პირს/პირებს უნდა ეცნობოს წერილობითი ფორმით 3 დღის ვადაში.