დამტკიცებულია
საჯარო სამართლის იურიდიული პირის-თბილისის
სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის აკადემიური
საბჭოს 2018 წლის 7 მარტის 24/6დადგენილებით
სსიპ - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში პროფესიული სტუდენტის სტატუსის მოპოვების,
შეჩერებისა და შეწყვეტის, მობილობის, მიღებული განათლების აღიარებისა და კრედიტების გაანგარიშების წესი
წინამდებარე წესი შემუშავებულია „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის, „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 27 სექტემბრის №152/ნ ბრძანებით დამტკიცებული „პროფესიული ტესტირების ჩატარების დებულების“, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 10 დეკემბრის №121/ნ ბრძანებით დამტკიცებული „პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების კრედიტებით გაანგარიშების წესის“, სხვა საკანონმდებლო აქტების საფუძველზე და არეგულირებს სსიპ-თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში (შემდგომში- „თსსუ“), პროფესიული სტუდენტის სტატუსის მოპოვების, შეჩერებისა და შეწყვეტის, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების კრედიტებით გაანგარიშების, მობილობის და მიღებული განათლების აღიარების პრინციპებს, პირობებს და პროცედურებს.
მუხლი 1.
1. თსსუ ახორციელებს პრაქტიკოსი ექთნის მეხუთე საფეხურის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამას (საგნობრივი პროგრამა) მილევად რეჟიმში.
2. თსსუ-ს პროფესიულ სტუდენტებზე ვრცელდება თსსუ-ის წესდებით, შინაგანაწესით და სხვა აქტებით გათვალისწინებული წესები, რომელიც არ ეწინააღდეგება ამ წესსა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით პროფესიულ საგანამაანთლებლო სტუდენტებისათვის დადგენილ მოთხოვნებს.
მუხლი 2.
1.პროფესიულ სტუდენტად მიიჩნევა ის პირი, რომელიც პროფესიული განათლების შესახებ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ჩაირიცხა და სწავლობს თსსუ-ში პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის გასავლელად.
2.პროფესიული სტუდენტების ჩარიცხვა ხორციელდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 27 სექტემბრის №152/ნ ბრძანებით დამტკიცებული „პროფესიული ტესტირების ჩატარების დებულებით“ გათვალისწინებული პროფესიული ტესტირების საფუძველზე.
3. პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება ცხადდება თსსუ-ს რექტორის ბრძანებით.
4. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 27 სექტემბრის №152/ნ ბრძანებით დამტკიცებული „პროფესიული ტესტირების ჩატარების დებულებით გათვალისწინებული რანჟირების დოკუმენტის საფუძველზე თსსუ-ს რექტორი გამოსცემს ბრძანება აპლიკანტის ჩარიცხვასთან დაკავშირებით, რის შემდეგადაც მათთან ფორმდება ხდება ხელშეკრულებები და მონაცემები აისახება პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში.
5. პროფესიულ პროგრამაზე დაშვების წინაპირობა განისაზღვრება პროფესიული სტანდარტითა და თსსუ-ს პროფესიული საგნმანათლებლო პროგრამით.
მუხლი 3.
1.პროფესიულ სტუდენტის სტატუსის შეჩერების საფუძველია:
ა) პირადი განცხადება;
ბ)ადმინისტრაციული(ფინანსური) რეგისტრაციის გაუვლელობა;
გ) აკადემიური შვებულება:
გ.ა) პირადი განცხადების საფუძველზე, პატივსადები საფუძვლების არსებობისას (უცხოეთში სწავლის გაგრძელების მიზნით, სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის მიზნით, მძიმე ავადმყოფობის გამო ან ოჯახის ავადმყოფ წევრებზე მეურვეობის მიზნით, სხვა საპატიო მიზეზის გამო );
გ.ბ) ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო;
გ.გ) იმ ენის შესწავლის მიზნით, რომელზედაც ხორციელდება საგანმანათლებლო პროგრამა;
დ) პირის მიერ სემესტრის განმავლობაში სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საათობრივი დატვირთვის 35%-ზე მეტის გაცდენა;
ე) სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში მიცემა განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლამდე;
ვ)კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემთხვევები.
მუხლი 4.
პროფესიული სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის საფუძველია:
ა) პირადი განცხადება;
ბ) საგანმანათლებლო პროგრამის დასრულება;
გ) პროფესიული სტუდენტის სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლა;
დ) პროფესიული სტუდენტის მიერ თვითნებურად სწავლის მიტოვება სამ წელზე მეტი ვადით;
ე) ერთსა და იმავე სავალდებულო სასწავლო კურსში სამჯერ კრედიტის მიუღებლობა;
ვ) პროფესიული სტუდენტის გარიცხვა, დისციპლინური ქცევის მოთხოვნების უხეში ან სისტემატური დარღვევის (სისტემატურ დარღვევად ითვლება ზედიზედ ორი ან მეტი დარღვევა) ან/და ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობის/პირობების დარღვევისათვის, ან კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევაში;
ზ) გარდაცვალება.
მუხლი 5.
შესაბამისი ობიექტურ გარემოებათა არსებობისას, რომელიც იწვევს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის შეცვლას ან გაუქმებას, თსსუ ვალდებულია ხელი შეუწყოს პროფესიული სტუდენტების მობილობას სხვა დაწესებულებაში.
მუხლი 6.
1. გარე მობილობით ჩარიცხვის უფლების მოპოვების მიზნით პროფესიული სტუდენტი, ხოლო არასრულწლოვანი პროფესიული სტუდენტის შემთხვევაში მისი კანონიერი წარმომადგენელი განცხადებით მიმართავს თსსუ-ს, ხოლო შიდა მობილობით ჩარიცხვის უფლების მოპოვების მიზნით პროფესიული სტუდენტი, ხოლო არასრულწლოვანი პროფესიული სტუდენტის შემთხვევაში მისი კანონიერი წარმომადგენელი განცხადებით მიმართავს იმავე დაწესებულებას. განცხადებაში უნდა აღინიშნოს იმ პროგრამის სახელწოდება, რომელზეც პირს სურს გადასვლა.
2. თსსუ უფლებამოსილია სისტემიდან დამატებით მოიპოვოს ინფორმაცია პროფესიული სტუდენტის, არსებობის შემთხვევაში სტატუსის შეჩერების საფუძვლების და მის მიერ მიღწეული სწავლის შედეგების შესახებ.
3. თსსუ უფლებამოსილია უარი განაცხადოს პირის მობილობით ჩარიცხვაზე, თუ
ა) თსსუ-ს არ აქვს ვაკანტური ადგილები პროგრამისთვის განსაზღვრული პროფესიულ სტუდენტთა ზღვრული რაოდენობის ფარგლებში
ბ) თსსუ ვერ უზრუნველყოფს მობილობის მსურველი პირის შემდგომ განათლებას მიმღები პროგრამის განხორციელების სპეციფიკის გათვალისწინებით;
გ) მობილობის მსურველი ვერ აკმაყოფილებს თსსუ-ის მიერ პროგრამაზე ჩარიცხვისათვის დადგენილ წინაპირობებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
4. მობილობის მსურველი პირის განცხადების განხილვა და გადაწყვეტილების მიღება პირის ჩარიცხვის ან ჩარიცხვაზე უარის თქმის შესახებ ხდება დადგენილი წესით.
5. თსსუ ადგენს მის მიერ შეთავაზებულ პროგრამასთან მობილობის მსურველი პირის მიერ სხვა საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მიღწეული სწავლის შედეგების თავსებადობას საქართველოს კანონმდებლობით და თსსუ-ის აკადემიური საბჭოს 2018 წლის 19 თებერვლის # 24/5 დადგენილებით დამტკიცებული „სსიპ-თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში სტუდენტთა მობილობის, შიდა მობილობის და სწავლის პერიოდში მიღებული განათლების კრედიტების აღიარების წესის“ შესაბამისად.
6. თსსუ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 20 სექტემბრის #198/ნ ბრძანებით დამტკიცებული „პროფესიული სტუდენტის მობილობის წესის დამტკიცების შესახებ“ გათვალისწინებული პირობებისა და მობილობის მსურველი პროფესიული სტუდენტის თანხმობის საფუძველზე გამოსცემს სამართლებრივ აქტს პროფესიული სტუდენტის მობილობით ჩარიცხვის თაობაზე და ინფორმაციას კანონმდებლობით დადგენილი წესით ასახავს სისტემაში, რომლის მონაცემების საფუძველზე, პროფესიული სტუდენტის მობილობის, ან შიდა მობილობის შემთხვევაში, თსსუ გამოსცემს სამართლებრივ აქტს პროფესიული სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის თაობაზე და ინფორმაციას ასახავს სისტემაში.
მუხლი 7.
1. თსსუს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაში კრედიტი გამოხატავს ცალკეული სასწავლო კურსით/სილაბუსით გათვალისწინებული ცოდნის, უნარებისა და ღირებულებების ასათვისებლად პროფესიული სტუდენტის მიერ შესასრულებელი სამუშაოს მოცულობას (დატვირთვას).
2. კრედიტების განაწილება ხდება პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის სასწავლო კურსებს/სილაბუსებს შორის. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული საერთო დატვირთვა მოიცავს თეორიის და პრაქტიკის კომპონენტს. პრაქტიკის კომპონენტი არის საერთო დატვირთვის არანაკლებ 40%.
3. კრედიტების განაწილება პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის კომპონენტებს შორის უნდა იძლეოდეს სასწავლო კურსით/სილაბუსით განსაზღვრული სწავლის შედეგის მიღწევის შესაძლებლობას.
მუხლი 8
1. ერთი კრედიტი ასახავს პროფესიული სტუდენტის სასწავლო საქმიანობას 30 ასტრონომიული საათის განმავლობაში.
2. კრედიტის მისაღებად პროფესიული სტუდენტის სასწავლო საქმიანობა თეორიის კომპონენტის ფარგლებში უნდა მოიცავდეს ლექციაზე დასწრებას/სამუშაო ჯგუფში მუშაობას, დამოუკიდებელ მეცადინეობასა და გამოცდების მომზადება-ჩაბარებას, ხოლო პრაქტიკის კომპონენტის ფარგლებში – პრაქტიკულ მეცადინეობასა და გამოცდის ჩაბარებას.
მუხლი 9
1. კრედიტის მიღება შესაძლებელია მხოლოდ სილაბუსით გათვალისწინებული სწავლის შედეგების მიღწევის შემდეგ, რაც გამოიხატება დადებითი შეფასების მიღებით.
2. პროფესიული სტუდენტის მაქსიმალური შეფასება არის 100 ქულა. თსსუ-ში არსებობს ა) ხუთი სახის დადებით შეფასება:
ა.ა) (A) ფრიადი – მაქსიმალური შეფასების 91% და მეტი;
ა.ბ) (B) ძალიან კარგი – მაქსიმალური შეფასების 81-90%;
ა.გ) (C) კარგი – მაქსიმალური შეფასების 71-80%;
ა.დ) (D) დამაკმაყოფილებელი – მაქსიმალური შეფასების 61-70%;
ა.ე) (E) საკმარისი – მაქსიმალური შეფასების 51 –60%;
ბ) ორი სახის უარყოფით შეფასება:
ბ.ა) (FX) ვერ ჩააბარა – მაქსიმალური შეფასების 41-50%, რაც ნიშნავს, რომ პროფესიულ სტუდენტს ჩასაბარებლად მეტი მუშაობა სჭირდება და ეძლევა დამოუკიდებელი მუშაობით დამატებით გამოცდაზე ერთხელ გასვლის უფლება ;
ბ.ბ) (F) ჩაიჭრა – მაქსიმალური შეფასების 40% და ნაკლები, რაც ნიშნავს, რომ პროფესიული სტუდენტის მიერ ჩატარებული სამუშაო არ არის საკმარისი და მას საგანი ახლიდან აქვს შესასწავლი.
3. დაუშვებელია პროფესიული სტუდენტის მიერ მიღწეული სწავლის შედეგების ერთჯერადად – მხოლოდ დასკვნითი გამოცდის საფუძველზე შეფასება. შეფასება უნდა ითვალისწინებდეს:
ა) შუალედურ შეფასებას;
ბ) დასკვნითი გამოცდის შეფასებას.
4. პროფესიულ სტუდენტს უფლება აქვს, გავიდეს დამატებით გამოცდაზე დასკვნით გამოცდაზე უარყოფითი შეფასების მიღების შემთხვევაში, არანაკლებ 10 დღეში.
მუხლი 10.
წინამდებარე წესი ძალაშია დამტკიცებისთანავე.