კონსოლიდირებული:
(N23/7;16.05.2018)
დამტკიცებულია თსსუ-ის წარმომადგენლობითი საბჭოს
2018 წლის 7 მარტის N23/3 დადგენილებით

სსიპ -„თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის“ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. სსიპ _ ,,თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის” (შემდგომში “უნივერსიტეტი”) საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტი (შემდგომში “ფაკულტეტი”) წარმოადგენს უნივერსიტეტის ძირითად საგანმანათლებლო, სასწავლო-სამეცნიერო და ადმინისტრაციულ ერთეულს, რომელიც უზრუნველყოფს ყველა საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამების, სამეცნიერო კვლევების და პრაქტიკული მუშაობის განხორციელებას, უწყვეტ პროფესიულ განვითარებას, შესაბამისი აკადემიური ხარისხისა და კვალიფიკაციის მინიჭებას.
2. ფაკულტეტი ვალდებულია შეუქმნას სტუდენტს საუკეთესო პირობები სწავლისა და დამოუკიდებელი კვლევისათვის, უზრუნველყოს მეცნიერების შესაბამის დარგში თანამედროვე სტანდარტების შესატყვისი, მომავალზე ორიენტირებული განათლების მიღების შესაძლებლობა და მუდმივად იზრუნოს სასწავლო პირობების გაუმჯობესებაზე. საგანმანათლებლო პროგრამების წარმატებით დასრულების შემთხვევაში კურსდამთავრებულს მიანიჭოს შესაბამისი აკადემიური ხარისხი და გასცეს სათანადო ხარისხის მინიჭების დამადასტურებელი დოკუმენტი.
3. სწავლების ენა არის ქართული. უნივერსიტეტის გადაწყვეტილებით ფაკულტეტზე სწავლა შეიძლება   განხორციელდეს   ინგლისურ   ან/და   სხვა   უცხოურ   ენაზე, საქართველოს განათლების,  მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან შეთანხმებით (№23/3, 12.02.24).
4. ფაკულტეტის შემადგენლობაში სტრუქტურული ერთეულის სახით შეიძლება შევიდეს სასწავლო დეპარტამენტები, რომლებიც განახორციელებენ აკადემიურ უმაღლესი განათლების და პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს, აგრეთვე, უცხო ენებისა და ქართული   ენის   ცენტრები, სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორია,   ბიბლიოთეკა და დამხმარე სტრუქტურული ერთეულები.
5. ფაკულტეტის დებულებას აკადემიური საბჭოს მონაწილეობით ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო.
6. ფაკულტეტის საქმიანობა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის, უნივერსიტეტის წესდების, შინაგანაწესისა და წინამდებარე დებულების საფუძველზე.
7. ფაკულტეტს აქვს მრგვალი ბეჭედი და სატიტულო ფურცელი.

მუხლი 2. ფაკულტეტის მიზანი, ამოცანები და საქმიანობის ძირითადი მიმართულებები:

1. ფაკულტეტის საქმიანობის მიზანია თანამედროვე მოთხოვნების  შესატყვისი კომპეტენციის მქონე მაღალკვალიფიციური, კონკურენტუნარიანი, ცვალებად პროფესიულ გარემოსთან ადვილად ადაპტირებადი სპეციალისტების მომზადება.
2. ფაკულტეტის საქმიანობის ძირითადი ამოცანებია:
ა) შეიმუშაოს ფაკულტეტის სასწავლო, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ძირითად მიმართულებები, დაადგინოს შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამები და სასწავლო გეგმები;
ბ) მიიღოს მონაწილეობა უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღების წესის შემუშავებაში, რომელსაც ამტკიცებს უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო;
გ) სასწავლო წლის დასაწყისში განსაზღვროს კოეფიციენტები ერთიანი ეროვნული გამოცდისათვის;
დ) უნივერსიტეტის წესდებითა და შინაგანაწესით დადგენილი წესით აირჩიოს მართვის ორგანოების წარმომადგენლები;
ე) შექმნას სწავლის ხარისხის უზრუნვეყოფის სამსახური;
ვ) საქართველოს კანონმდებლობითა და უნივერსიტეტის წესდებით დადგენილი წესით კომპეტეციის ფარგლებში, დაადგინოს ფაკულტეტის მიერ მოზიდული ფინანსებისა და მის მფლობელობაში არსებული ქონების ფლობასა და სარგებლობასთან დაკავშირებული საკითხები;
ზ) მიიღოს მონაწილეობა უნივერსიტეტის სასწავლო  და  სამეცნიერო  პოლიტიკის ძირითადი სტრატეგიის შემუშავებაში.

2. ფაკულტეტის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია:

ა) მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მომზადება და გადამზადება;
ბ) დიპლომამდელი და დიპლომისშემდგომი (სამაგისტრო, სადოქტორო) სასწავლო პროგამების განხორციელება სამეცნიერო კვლევის თანამედროვე მეთოდების ათვისებითა და შესაბამისი უნარ-ჩვევების გამომუშავებით;
გ) უწყვეტი პროფესიული განათლებისა და პროფესიული განვითარების პროგრამების შემუშავება, განხორციელება და განვითარება;
დ) დეპარტამენტების სასწავლო, სამეცნიერო-კვლევითი და პრაქტიკული მუშაობის კოორდინაცია;
ე) ევროპული კრედიტების ტრანსფერისა და დაგროვების სისტემის შესაბამისი შინაარსის, ორიენტაციისა და სტრუქტურის პროგრამებისა და კურიკულუმის შემუშავება, დანერგვა და განვითარება;
ვ) საერთაშორისო სასწავლო და სამეცნიერო-კვლევით ცენტრებთან კოოპერაცია და ერთობლივი სამეცნიერო-კვლევითი პროექტების განხორციელება;
ზ) სახელმძღვანელოების, მეთოდური რეკომენდაციებისა და გაიდლაინების შემუშავება და დანერგვა;
თ) სამეცნიერო-პედაგოგიური კადრების მომზადება, გადამზადება და კვალიფიკაციის ამაღლების უზრუნველყოფა, პედაგოგიური მეთოდებისა და ტექნოლოგიების შემდგომი განვითარება;
ი) პროფესორ-მასწავლებელთა პრაქტიკული საქმიანობის ხელშეწყობა. მუხლი 3. ფაკულტეტის სტრუქტურა და მართვის ორგანოები
1. ფაკულტეტი არის უნივერსიტეტის ძირითადი სასწავლო-სამეცნიერო და ადმინისტრაციული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს სტუდენტთა მომზადებას და მათთვის შესაბამისი კვალიფიკაციის მინიჭებას.
2. ფაკულტეტის მართვის ორგანოებია:
ა) ფაკულტეტის საბჭო;
ბ) ფაკულტეტის დეკანი;
გ) ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური.
3. .ფაკულტეტის სტრუქტურული   ერთეულებია:
ა) პროგრამული მიმართულებები და დეპარტამენტები,
ბ) კურიკულუმის კომიტეტი;
გ) დეკანატი;
დ) სადისერტაციო საბჭო;
ე) საზოგადოებრივი ჯანმრთელობის უმაღლესი სკოლა; 
ვ) ქართული ენის ცენტრი;
ზ)  მოსამზადებელი ცენტრი;
თ) უცხოური ენების ცენტრი.

4. ფაკულტეტის პროგრამული მიმართულებები და დეპარტამენტებია:
I. პრევენციული  მედიცინისა და გარემოს ჯანმრთელობის მიმართულება:
ა) ჰიგიენისა და სამედიცინო ეკოლოგიის დეპარტამენტი;
ბ) ჯანმრთელობის ხელშეწყობის დეპარტამენტი;
გ) კვების, ასაკობრივი მედიცინის,.გარემოსა და პროფესიული ჯანმრთელობის დეპარტამენტი (№23/9, 26.07.21).
II. საზოგადოებრივი   ჯანმრთელობის მიმართულება:
ა) საზოგადოებრივი ჯანდაცვის მენეჯმენტის, პოლიტიკისა და ეკონომიკის დეპარტამენტი; 
ბ) ეპიდემიოლოგიისა და ბიოსტატისტიკის დეპარტამენტი.
5. სასწავლო პროცესისა და სამეცნიერო კვლევების კოორდინირებულად წარმართვის მიზნით, ფაკულტეტზე იქმნება სასწავლო მიმართულება (დეპარტამენტი), რომელიც უზრუნველყოფს ფაკულტეტზე სასწავლო-სამეცნიერო პროგრამების განხორციელებას. სასწავლო მიმართულება (დეპარტამენტი) ძირითადი ფუნქციაა სასწავლო დისციპლინის კურიკულუმებისა და სილაბუსების შემუშავება, სასწავლო პროცესის განხორციელება, მეთოდური რეკომენდაციებისა და სახელმძღვანელოების შექმნა, სამეცნიერო პროექტების შემუშავება – განხორციელება, პრაქტიკული (ლაბორატორიული და სხვ.) საქმიანობის დაგეგმვა და განხორციელება.
6. სასწავლო მიმართულება (დეპარტამენტი) ხელმძღვანელის ძირითად ვალდებულებას წარმოადგენს დამტკიცებული სასწავლო  გეგმის  (სილაბუსი) მიხედვით  სასწავლო პროცესის შეუფერხებელი და მაღალკვალიფიციური წარმართვა, მიმართულების სასწავლო დეპარტამენტებს შორის მუშაობის კოორდინაცია. მიმართულების (დეპარტამენტის), ხელმძღვანელი პასუხისმგებელია კანონმდებლობით დადგენილი სხვა ვალდებულებების ჯეროვნად   შესრულებაზე, თავისი საქმიანობით ანგარიშვალდებულია რექტორის, ფაკულტეტის საბჭოსა და ფაკულტეტის დეკანის წინაშე.

მუხლი 4. ფაკულტეტის საბჭო

1. ფაკულტეტის საბჭო არის ფაკულტეტის წარმომადგენლობითი ორგანო, რომლის შემადგენლობაში შედის ფაკულტეტის აკადემიური პერსონალის ყველა წევრი და სტუდენტთა თვითმმართველობის წარმომადგენლები. თვითმმართველობიდან ასარჩევ წარმომადგენელთა რაოდენობა ფაკულტეტის საბჭოში შეადგენს ფაკულტეტის საბჭოს შემადგენლობის 1/4-ს.
2. ფაკულტეტის საბჭოს წევრი შეიძლება იყოს პროფესორი, ასოცირებული და ასისტენტ- პროფესორი.
3. ფაკულტეტის საბჭო ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და უნივერსიტეტის წესდებით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებას.
4. ფაკულტეტის საბჭო საქმიანობას წარმართავს საბჭოს რეგლამენტის შესაბამისად. ფაკულტეტის საბჭოს საქმიანობას კოორდინაციას უწევს და მიღებული გადაწყვეტილებების შესრულებაზე პასუხისმგებელია ფაკულტეტის დეკანი.
5. ფაკულტეტის საბჭო:
ა) უნივერსიტეტის კანცლერს წარუდგენს ფაკულტეტის ბიუჯეტის პროექტს;
ბ) თავისუფალი და თანასწორი არჩევნების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს ფაკულტეტის დეკანს;
გ) დეკანის წარდგინებით შეიმუშავებს და უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს ფაკულტეტის განვითარების სტრატეგიულ გეგმას, სასწავლო და სამეცნიერო-კვლევით პროგრამებს.
დ) დეკანის წარდგინებით შეიმუშავებს ფაკულტეტის სტრუქტურასა და დებულებას და დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს;
ე) შეიმუშავებს სადისერტაციო საბჭოს დებულებას და დასამტკიცებლად წარუდგენს აკადემიურ საბჭოს;
ვ) ირჩევს ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსს;
ზ) უფლებამოსილია, დეკანის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის, დეკანისათვის დაკისრებული მოვალეობის არასათანადოდ შესრულების ან/და დეკანისათვის შეუფერებელი საქმიანობის განხორციელების საფუძვლით, ფაკულტეტის საბჭოს წევრების არანაკლებ 1/3-ის მოთხოვნით, განიხილოს დეკანის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი. გადაწყვეტილება დეკანის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე მიიღება ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. დეკანი ამ პუნქტით გათვალისწინებულ კენჭისყრაში არ მონაწილეობს. ამ საკითხებზე მიღებული გადაწყვეტილებების გასაჩივრება არ იწვევს სადავო აქტის  მოქმედების შეჩერებას;
თ) დეკანის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში ნიშნავს დეკანის მოვალეობის შემსრულებელს;
ი) ახორციელებს კანონმდებლობით, უნივერსიტეტის წესდებითა და შინაგანაწესით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებას.
6. ფაკულტეტის საბჭო, სრული შემადგენლობის ხმათა უმრავლესობით, უფლებამოსილია საბჭოს წევრთა მონაწილეობით შექმნას  კონკრეტული  საკითხების  შემსწავლელი კომისიები, სამუშაო ჯგუფები. შესაძლებელია კომისიები და სამუშაო ჯგუფები შეიქმნას საბჭოს მიერ მოწვეული სპეციალისტების, ექსპერტების, საზოგადოებრიობის წარმომადგენლების, უნივერსიტეტის თანამშრომლების და სხვა დაინტერესებული პირების მონაწილეობით.

7. ფაკულტეტის საბჭო სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საბჭოს წევრთა სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი. სხდომის გახსნისა და გადაწყვეტილებების მიღების წინ ხდება საბჭოს წევრთა რეგისტრაცია საბჭოს მდივანთან (რეგისტრაციის მონაცემები თან ერთვის სხდომის ოქმს და წარმოადგენს ოქმის განუყოფელ ნაწილს).
8. ფაკულტეტის საბჭოს სხდომები ფორმდება ოქმით, რომლის რეგისტრაციის  უწყვეტობას უზრუნველყოფს ფაკულტეტის საბჭოს მდივანი. ოქმს თან ერთვის ყველა ის მასალა, რაც ამ სხდომის  დღის  წესრიგის  მიხედვით  განხილვის  საგანს  უკავშირდება. ოქმის ნამდვილობას ხელმოწერით ადასტურებს სხდომის თავმჯდომარე და მდივანი.
9. ფაკულტეტის საბჭოს სხდომის ოქმი მოიცავს:
ა) სხდომის თარიღსა და ადგილს;
ბ) სხდომის წევრებისა და მოწვეულ პირთა სიას; 
გ) გამოცხადებულ პირთა ვინაობას;
დ) დღის წესრიგს;
ე) მიღებულ   გადაწყვეტილებებს.
10. ფაკულტეტის საბჭო უფლებამოსილია დადგენილების ფორმით მიიღოს გადაწყვეტილება ყველა იმ საკითხზე, რომელიც ფაკულტეტის საბჭოს კომპეტენციას განეკუთვნება.
11. იმ შემთხვევაში, როდესაც ფაკულტეტის საბჭოს სხდომაზე განსახილველია მხოლოდ ერთი საკითხი, საბჭო უფლებამოსილია, გადაწყვეტილება მიიღოს ელექტრონული კომუნიკაციის ფორმით. გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს ფაკულტეტის საბჭოს წევრთა სიითი შემადგენლობის უმრავლესობა. ელექტრონული ფორმით საკითხის განხილვის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ფაკულტეტის დეკანი (N23/8;24.07.2019).

მუხლი 5. ფაკულტეტის დეკანი

1. ფაკულტეტის საბჭო ფაკულტეტის დეკანს ირჩევს უნივერსიტეტის შინაგანაწესით დადგენილი წესით, ოთხი წლის ვადით, ფარული კენჭისყრით. დეკანის თანამდებობაზე ერთი და იგივე პირი შეიძლება არჩეულ იქნას ზედიზედ მხოლოდ ორჯერ. დეკანის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატების  რეგისტრაციის  დაწყების  შესახებ განცხადებას ფაკულტეტის საბჭო აქვეყნებს კანდიდატების რეგისტრაციის დაწყებამდე არა უგვიანეს 1 თვით ადრე გამჭვირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპების დაცვით. რეგისტრაცია გრძელდება არანაკლებ 1 და არა უმეტეს 2 კვირისა. არჩევნები ტარდება კანდიდატების რეგისტრაციის დასრულებიდან არანაკლებ 10 და არა უგვიანეს 30 დღის ვადაში.
2. ფაკულტეტის დეკანის არჩევა ხდება უნივერსიტეტის შინაგანაწესით დადგენილი მოთხოვნების  შესაბამისად. დეკანის თანამდებობაზე  შეიძლება არჩეულ იქნას პროფესორი ან ასოცირებული პროფესორი;
3. ფაკულტეტის დეკანი:
ა) უზრუნველყოფს ფაკულტეტზე სასწავლო-სამეცნიერო საქმიანობის ეფექტურად მიმდინარეობას;
ბ) ფაკულტეტის საბჭოს განსახილველად წარუდგენს  ფაკულტეტის განვითარების გეგმას, სასწავლო და სამეცნიერო-კვლევით პროგრამებს;
გ) შეიმუშავებს და ფაკულტეტის საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს ფაკულტეტის სტრუქტურას და დებულებას;
დ)  თავისი  კომპეტენციის  ფარგლებში  პასუხისმგებელია   უნივერსიტეტის  აკადემიური,
წარმომადგენლობითი და ფაკულტეტის საბჭოს გადაწყვეტილებების შესრულებაზე;
ე) თავმჯდომარეობს ფაკულტეტის საბჭოს სხდომებს;
ვ) კანონმდებლობისა და უნივერსიტეტის წესდების შესაბამისად პასუხისმგებელია ფაკულტეტის ბიუჯეტის მიზნობრივ გამოყენებაზე;
ზ) ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობითა და უნივერსიტეტის წესდებით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებას.
4. დეკანის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტისათვის გამოიყენება აკადემიური საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტისათვის დადგენილი საფუძვლები.
5. დეკანის მიერ საკუთარი უფლებამოსილების დროებითი განუხორციელებლობის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს ფაკულტეტის დეკანის მოადგილე.

მუხლი 6.   ფაკულტეტის დეკანატი

1. ფაკულტეტის დეკანის სათათბირო ორგანოა დეკანატი, რომელშიც თანამდებობრივად შედიან დეკანი, დეკანის მოადგილე(ებ)ი, ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, მდივნები. დეკანატი აღასრულებს ფაკულტეტის საბჭოს  მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს. 
2. ფაკულტეტის დეკანატი ახორციელებს ფაკულტეტის სასწავლო, სამეცნიერო და მეთოდური მუშაობის დაგეგმვას, ორგანიზაციას და კონტროლს.
3. დეკანატის ფუნქციებია:
ა) სასწავლო განრიგისა და სწავლების პროცესის დაგეგმვასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის შემუშავება;
ბ) ფაკულტეტზე მიმდინარე ყველა სახის სასწავლო პროცესის აღრიცხვა და კონტროლი;
 გ) სწავლების ყველა საფეხურზე სასწავლო პროცესის ორგანიზაცია;
დ) ღონისძიებათა შემუშავება სტუდენტების, მაგისტრების და დოქტორანტების სწავლების ხარისხისა და ეფექტურობის ასამაღლებლად;
ე) მეთოდური მუშაობის დაგეგმვა და ორგანიზაცია;
ვ) სამეცნიერო მუშაობის ორგანიზაცია და კონტროლი; ზ) პედაგოგიური მუშაობის ხარისხის კონტროლი;
თ) ფაკულტეტის განვითარების პერსპექტივებისა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შემდგომი სრულყოფის გეგმების შემუშავება.
4. დეკანის მოადგილის ფუნქციებია:
ა) კონტროლი  სტუდენტების სასწავლო პროგრამების სწორ განხორციელებაზე;
ბ) სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების ინფორმირება მიმდინარე სასწავლო და სამეცნიერო პროცესების შესახებ;
ბ) სასწავლო ცხრილების შედგენის კონტროლი;
გ) ლექცია-სემინარების მიმდინარეობის კონტროლი; 
დ) სასესიო გამოცდების მართვა და კონტროლი;
ე) სტუდენტებისათვის სასწავლო პროგრამების გაცნობა, დახმარება მათში ორიენტაციასა და საკუთარი სასწავლო პროგრამების შედგენაში, პროგრამათა ურთიერთობების ახსნა;
ვ) სტუდენტთა პირადი საქმეების პერიოდული კონტროლი;
5. დეკანის მოადგილე ინიშნება რექტორის ბრძანებით ფაკულტეტის დეკანის წარდგინების საფუძველზე;
6. ფაკულტეტის მდივნის ფუნქციებია:
ა) სტუდენტთა რეგისტრაცია, პირადი საქმეების აკინძვა, ბაზის კომპიუტერული ვერსიისა და დემოგრაფიული მონაცემების შექმნა და სისტემატური განახლება
ბ) სტუდენტებთან ხელშეკრულებების გაფორმების ორგანიზება;
გ) შესაბამისი სტრუქტურებისათვის ცხრილების, სიების, უწყისების და სტუდენტთა მოძრაობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
დ) სტუდენტთათვის ცნობებისა და ინფორმაციის გაცემა;
ე)   საგამოცდო უწყისების მომზადება, გაცემა,   მიღება და დამუშავება;
აკადემიური მონაცემების სტატისტიკური დამუშავება;
ვ) კონტროლი სტუდენტთა აკადემიურ და ფინანსურ დავალიანებაზე;
ზ)   დამამთავრებელი   კურსის   სტუდენტთა   ატესტაციის  ორგანიზება, დემოგრაფიული მონაცემების გადამოწმება დიპლომის შესავსებად,
თ) სტუდენტთა პირადი საქმის აკინძვა და არქივში ჩაბარება. 

მუხლი 7. ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭო

1. სადისერტაციო საბჭოს შედგენისა და თავმჯდომარის არჩევის წესი და საქმიანობა განისაზღვრება აკადემიური საბჭოს მიერ ფაკულტეტის საბჭოს წარდგინებით დამტკიცებული დებულების შესაბამისად.
2. სადისერტაციო  საბჭო  არის  დოქტორის  აკადემიური  ხარისხის  მიმნიჭებელი  ორგანო, რომელიც იქმნება ფაკულტეტზე.
3. სადისერტაციო საბჭო შედგება დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე ფაკულტეტის ყველა პროფესორი და ასოცირებული პროფესორისაგან.
4. სადისერტაციო საბჭო მოქმედებს აკადემიური საბჭოს მიერ ფაკულტეტის საბჭოს წარდგინებით დამტკიცებული დებულების შესაბამისად და დოქტორის აკადემიურ ხარისხს ანიჭებს მეცნიერების იმ დარგებში, რომელიც განსაზღვრულია დებულებით.
5. სადისერტაციო საბჭოში დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე პირის მოწვევვის წესი და პირობები დგინდება ფაკულტეტის შესაბამისი დებულებით.

მუხლი 8.   ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური

1. ფაკულტეტზე სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის, აგრეთვე, აკადემიური პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლების ხარისხის სისტემატური  შეფასების  მიზნით იქმნება ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური, რომელიც მოქმედებს წინამდებარე დებულების შესაბამისად.
2. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ძირითადი ამოცანაა ხელი შეუწყოს სწავლების ხარისხის მაღალი დონის უზრუნველყოფას სწავლის, სწავლებისა და შეფასების თანამედროვე მეთოდების გამოყენების გზით და აკრედიტაციის პროცესისათვის თვითშეფასების მომზადებას.
3. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური უფლებამოსილია ითანამშრომლოს საზღვარგარეთის ქვეყნებთან და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების შესაბამის სამსახურებთან ხარისხის კონტროლის გამჭვირვალე კრიტერიუმებისა და მათი უზრუნველყოფის მეთოდოლოგიის ჩამოსაყალიბებლად.
4. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსს ირჩევს ფაკულტეტის საბჭო საგანმანათლებლო პროგრამის ხანგრძლივობის ვადით.
5. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური თავისი საქმიანობით ანგარიშვალდებულია ფაკულტეტის საბჭოს წინაშე.
6. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი უნდა იყოს შესაბამის დარგში აკადემიური ხარისხის მქონე პროფესორი, ან ასოცირებული პროფესორი, ან ასისტენტ-პროფესორი.

მუხლი 9. ფაკულტეტის კურიკულუმის კომიტეტი

1.   კურიკულუმის   კომიტეტის მიზანია   ფაკულტეტის   აკადემიური საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა.
2. კომიტეტი განიხილავს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მიერ სათანადო წესის, პროცედურის და დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად წარმოდგენილ საექსპერტო შეფასებებს საგანმანათლებლო პროგრამების და კურიკულუმის, სასწავლო ლიტერატურის, სასწავლო კურსების სილაბუსების და სხვ. შესახებ, ამზადებს შესაბამის რეკომენდაციებს ფაკულტეტის საბჭოზე, შემდეგ კი უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოზე წარსადგენად.
3.კურიკულუმის კომიტეტის ფუნქციებია:
ა) ფაკულტეტზე მომზადებული საგანმანათლებლო პროგრამების განხილვა და შესაბამისი რეკომენდაციის მომზადება ;
ბ) ფაკულტეტზე მოქმედი საგანმანათლებლო პროგრამების სავალდებულო და არჩევითი სასწავლო კურსების – სილაბუსების განხილვა და შესაბამისი რეკომენდაციის მომზადება ფაკულტეტის საბჭოსთვის;
გ) სახელმძღვანელოების განხილვა და ფაკულტეტზე საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებისათვის მათი გამოყენების შესახებ რეკომენდაციის მომზადება ფაკულტეტის და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოებისთვის;
დ) რეკომენდაციების მომზადება ფაკულტეტის დეკანის ან ფაკულტეტის სასწავლო სტრუქტურული ერთეულების მიერ წარმოდგენილ, აკადემიურ და სამეცნიერო-კვლევით პროცესთან დაკავშირებულ საკითხებზე.

მუხლი 10. საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საერთაშორისო   სკოლა

1. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტზე ფუნქციონირებს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საერთაშორისო სკოლა.
2.საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საერთაშორისო სკოლის მიზანი და ამოცანებია:
ა) უმაღლესი განათლების მეორე საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელება;
ბ) საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიმართულებებში კომპეტენტური კადრების მომზადება.
3.    საზოგადოებრივი    ჯანმრთელობის    საერთაშორისო სკოლას ხელმძღვანელობს დირექტორი. რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ანთავისუფლებს რექტორი;
4. საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საერთაშორისო სკოლის დირექტორი ანგარიშვალდებულია რექტორის, კანცლერის და სა0ზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის საბჭოს წინაშე;
5. საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საერთაშორისო სკოლის დირექტორი:
ა) უზრველყოფს სკოლაში სასწავლო-სამეცნიერო საქმიანობის შეუფერხებელ მიმდინარეობას;
ბ) წარმოადგენს სკოლას მესამე პირებთან ურთიერთობებში.
6. საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საერთაშორისო სკოლის აპარატი და დამხმარე პერსონალი
ა)     საზოგადოებრივი     ჯანმრთელობის     საერთაშორისო სკოლის თანამშრომლებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს რექტორი;
ბ)    საზოგადოებრივი     ჯანმრთელობის     საერთაშორისო  სკოლის თანამშრომლები ახორციელებენ ამ დებულებით, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საერთაშორისო სკოლის დებულებით და შესაბამისი შრომითი ხელშეკრულებით დაკისრებული  ფუნქციების ჯეროვან შესრულებას (N23/7;16.05.2018).

მუხლი 11. ქართული ენის ცენტრი 

1. ქართული ენის ცენტრი შექმნილია ქართული ენის შესწავლის ხელშეწყობის მიზნით;
2. ქართული ენის ცენტრის მიზანია:
ა) ქართული ენის სწავლება და სწავლების გაუმჯობესება როგორც ქართულენოვანი, ისე არაქართულენოვანი (უცხოენოვანი სექტორის) სტუდენტებისათვის, ასევე სახელმწიფო პროგრამის „ქართული, როგორც მეორე ენა“ სტუდენტებისათვის;
ბ) სასწავლო და სამეცნიერო საქმიანობისათვის ეფექტური ბაზის შექმნა.
3. ქართული ენის ცენტრს ხელმძღვანელობს ცენტრის დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს უნივერსიტეტის რექტორი;
4. ცენტრის დირექტორი ანგარიშვალდებულია რექტორის, კანცლერის და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის საბჭოს წინაშე;
5. ქართული ენის ცენტრის დირექტორი:
ა) უზრველყოფს ცენტრში სასწავლო პროცესის შეუფერხებელ მიმდინარეობას; 
ბ) ახორციელებს ცენტრის ფუნქციობისათვის გადაცემული ქონების მართვას; 
გ) გეგმავს და ხელმძღვანელობს ცენტრის საორგანიზაციო საქმიანობას;
6. ქართული ენის ცენტრის აპარატი და დამხმარე პერსონალი
ა) ქართული ენის ცენტრის თანამშრომლებს, ცენტრის დირექტორის წარდგინებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს რექტორი;
ბ) ცენტრის საქმიანობის ცალკეულ მიმართულებებს, რომლებიც არ არის გათვალისწინებული უნივერსიტეტის საშტატო განრიგით, შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე, ახორციელებს მოწვეული მასწავლებელი;
გ) ცენტრის თანამშრომლები ახორციელებენ ამ დებულებით, ქართული ენის ცენტრის დებულებით და შესაბამისი შრომითი ხელშეკრულებით დაკისრებული ფუნქციების ჯეროვან შესრულებას.

მუხლი 12. უცხოური ენების ცენტრი (№23/3, 12.02.24)

1. უცხოური ენების ცენტრი შექმნილია უნივერსიტეტის ფარგლებში უცხოური ენების შესწავლის ხელშეწყობის მიზნით;
2. უცხოური ენების ცენტრის მიზანია:
ა) უნივერსიტეტის სასწავლო გეგმის შესაბამისად უცხოური ენების (ლათინური, ინგლისური, გერმანული, ფრანგული, რუსული და სხვ.) სწავლების უზრუნველყოფა;
ბ) უნივერსიტეტის მიზნებისა და ამოცანების გათვალისწინებით, უნივერსიტეტის ფარგლებში ენების შესწავლის ხელშეწყობა ცენტრთან არსებული ენების ინტენსიური სწავლების ფასიანი კურსების ბაზაზე.
3. უცხოური ენების ცენტრს ხელმძღვანელობს ცენტრის დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს უნივერსიტეტის რექტორი. 
4. ცენტრის დირექტორი ანგარიშვალდებულია რექტორის,  კანცლერისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის საბჭოს წინაშე.
5. უცხოური ენების ცენტრის დირექტორი:
ა) უზრუნველყოფს ცენტრის საქმიანობას; ბ) ცენტრის ფუნქციობისათვის გადაცემული ქონების მართვასა და დაცვას; გ) ცენტრის საორგანიზაციო საქმიანობის (ორგანიზაციული, მატერიალურ-ტექნიკური და სხვა ღონისძიებები) დაგეგმვას და წარმართვას; 
6. უცხოური  ენების ცენტრის აპარატი და დამხმარე პერსონალი
ა) ცენტრის დასაქმებულებს ცენტრის დირექტორის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს რექტორი; 
ბ) ცენტრის საშტატო რიცხოვნობა განისაზღვრება უნივერსიტეტის საშტატო განრიგით; 
გ) ცენტრის საქმიანობის ცალკეულ მიმართულებებს, შესაბამისი შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე ახორციელებს მოწვეული პირი;
დ) ცენტრის თანამშრომლები უზრუნველყოფენ შინაგანაწესით, ამ დებულებით, ცენტრის დებულებით  და შესაბამისი შრომითი ხელშეკრულებით დაკისრებული ფუნქციების ჯეროვნად შესრულებას.

მუხლი 13. მოსამზადებელი ცენტრი.

1. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტზე ფუნქციონირებს მოსამზადებელი ცენტრი.
2. მოსამზადებელი ცენტრის მიზანი და ამოცანებია:
ა) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ შესაბამის საგამოცდო საგნებში მოსამზადებელი პირისათვის (აბიტურიენტისათვის) სრულფასოვანი ცოდნის მიცემა,
ბ) მომზადება ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის;
გ) მომავალი სტუდენტების საუნივერსიტეტო სწავლებასთან ადაპტაციის უზრუნველყოფა;
დ) უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიღება და მომზადება შესაბამის საგნებში, შემდგომ უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელების მიზნით.
3. მოსამზადებელ ცენტრს ხელმძღვანელობს ცენტრის დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს უნივერსიტეტის რექტორი;
4. დირექტორად შეიძლება დაინიშნოს პირი, რომელსაც აქვს უმაღლესი განათლება და პედაგოგიური და საორგანიზაციო მუშაობის გამოცდილება;
5. ცენტრის დირექტორი ანგარიშვალდებულია რექტორის, კანცლერის და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის საბჭოს წინაშე;
6. მოსამზადებელი ცენტრის დირექტორი:
ა) უზრველყოფს ცენტრში სასწავლო პროცესის შეუფერხებელ მიმდინარეობას; ბ) ახორციელებს ცენტრის ფუნქციობისათვის გადაცემული ქონების მართვას; გ) გეგმავს და ხელმძღვანელობს ცენტრის საორგანიზაციო საქმიანობას;
დ) პასუხისმგებელია ცენტრის ბიუჯეტის მიზნობრივ გამოყენებაზე.
7. მოსამზადებელი ცენტრის აპარატი და დამხმარე პერსონალი
ა) მოსამზადებელი ცენტრის თანამშრომლებს, ცენტრის დირექტორის წარდგინებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს რექტორი;
ბ) ცენტრის საქმიანობის ცალკეულ მიმართულებებს, რომლებიც არ არის გათვალისწინებული უნივერსიტეტის საშტატო განრიგით, შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე, ახორციელებს მოწვეული მასწავლებელი;
გ) ცენტრის თანამშრომლები ახორციელებენ ამ დებულებით, მოსამზადებელი ცენტრის დებულებით და შესაბამისი შრომითი ხელშეკრულებით დაკისრებული ფუნქციების ჯეროვან შესრულებას.

მუხლი 14. ფაკულტეტის აკადემიური და სხვა პერსონალი

1. ფაკულტეტის აკადემიური პერსონალი შედგება პროფესორის, ასოცირებული პროფესორის და ასისტენტ - პროფესორებისაგან.
2. პროფესორის პედაგოგიური დატვირთვის ზღვრულ ოდენობას განსაზღვრავს აკადემიური საბჭო.
3. აკადემიური თანამდებობის დაკავება შეიძლება მხოლოდ ღია კონკურსის  წესით, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს გამჭვირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპებს.
4. კონკურსის ჩატარების წესს განსაზღვრავს უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო.
5. აკადემიური პერსონალის კონკურსის წესით არჩევის პირობებსა და კრიტერიუმებს შეიმუშავებს და ამტკიცებს აკადემიური საბჭო.
6. კონკურსში გამარჯვებულ აკადემიურ პერსონალთან რექტორი აფორმებს ინდივიდუალურ შრომით ხელშეკრულებებს, უმაღლესი განათლებისა და შრომის კანონმდებლობის მოთხოვნების გათვალისწინებით.
7. აკადემიური პერსონალის უფლებამოსილება ავტომატურად გრძელდება დადგენილი წესით ახლადარჩეული აკადემიური პერსონალის უფლებამოსილების ცნობამდე.
8.   აკადემიურ პერსონალს, კომპეტენციის შესაბამისად, უფლება აქვს:
ა) მონაწილეობა მიიღოს უნივერსიტეტის მართვაში, მათ შორის მართვის ორგანოების არჩევნებში;
ბ) დამოუკიდებლად განახორციელოს სწავლება, კვლევა და სამეცნიერო ნაშრომების გამოქვეყნება;
გ) განახორციელოს კანონმდებლობით მათთვის მინიჭებული სხვა უფლებამოსილება.
9. აკადემიური პერსონალი ვალდებულია:
ა) დაიცვას შინაგანაწესი და ეთიკის კოდექსი, დისციპლინური პასუხისმგებლობის ნორმები; ბ) შეასრულოს შრომითი ხელშეკრულებით ნაკისრი მოვალეობები;
გ) კვალიფიკაციის ამაღლების შემდეგ წარმოადგინოს ანგარიში ჩატარებული სამუშაოების შესახებ;
დ) დაიცვას უნივერსიტეტის წესდებით, წინამდებარე დებულებითა და კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები;
10. აკადემიური პერსონალის თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძვლები განსაზღვრულია თსსუ-ის წესდებით;
11. ფაკულტეტის ადმინისტრაციულ თანამდებობებს მიეკუთვნება:  დეკანი, დეკანის მოადგილე(ები), ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი.
12. ფაკულტეტის ადმინისტრაციულ თანამდებობებზე არ შეიძლება არჩეულ ან დანიშნულ იქნას 65 წელს მიღწეული პირი.
13. ფაკულტეტის პედაგოგიურ პერსონალს მიეკუთვნება მოწვეული მასწავლებელი და ლაბორანტი, რომელებთანაც, დეკანის წარდგინებითა და კანცლერის თანხმობით, შრომით  ხელშეკრულებას  აფორმებს რექტორი. ფაკულტეტის პედაგოგიური შემადგენლობის რაოდენობა განისაზღვრება სასწავლო, სამეცნიერო და მეთოდური სამუშაოს მოცულობით.
14. ფაკულტეტის დამხმარე პერსონალს მიეკუთვნება უნივერსიტეტის საშტატო ნუსხით გათვალისწინებული ფაკულტეტის საქმიანობისათვის აუცილებელი სხვა პერსონალი.
15.   ფაკულტეტის საქმიანობის ცალკეულ მიმართულებებს, რომლებიც არ არის გათვალისწინებული უნივერსიტეტის საშტატო განრიგით, შესაბამისი შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე ახორციელებს მოწვეული პერსონალი.
16. ფაკულტეტის პერსონალის წახალისებასთან და დისციპლინურ პასუხისმგებლობასთან დაკავშირებული ურთიერთობები რეგულირდება უნივერსიტეტის წესდების, შინაგანაწესისა და სხვა ნორმატიული მოთხოვნების საფუძველზე.

მუხლი 15. ფაკულტეტის სასწავლო პროგრამები და სასწავლო პროცესი

1. სწავლების პერიოდში პროგრამით გათვალისწინებული საგნების ათვისება ხდება ყოველკვირეული ლექციების, პრაქტიკული და ლაბორატორიული მეცადინეობების სახით.
2. სასწავლო პროგრამების სტრუქტურას, სავალდებულო და არჩევითი საგნების ჩამონათვალს განსაზღვრავს ფაკულტეტის საბჭო და დადგენილი წესით ამტკიცებს უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო. არჩევითი დისციპლინის/კურსის შერჩევის გამჭვირვალობა უზრუნველყოფილია ინფორმაციის ხელმისაწვდომობით, არჩევანის თავისუფლება კი _ ფაკულტეტის დეკანატის მიერ. სტუდენტს აქვს შესაძლებლობა ვებ- გვერდზე და დეკანატში გაეცნოს არჩევით საგანთა ჩამონათვალს და შინაარსს. სტუდენტმა წერილობითი განაცხადი მის მიერ შერჩეული დისციპლინის შესახებ დეკანატში უნდა გააკეთოს სემესტრის დაწყებიდან ერთი კვირის ვადაში. დეკანატი  უზრუნველყოფს არჩევითი დისციპლინების/კურსების შესაბამისად სტუდენტთა ჯგუფების დაკომპლექტებას და სასწავლო პროცესის შეუფერხებლად წარმართვას.
3. სასწავლო პროცესი მოიცავს ყველა სახის სასწავლო-მეთოდური სამუშაოს დაგეგმვას, ორგანიზაციას და განხორციელებას. ფაკულტეტზე სასწავლო პროცესის მარეგულირებელი ძირითადი დოკუმენტებია სასწავლო გეგმები და პროგრამები (სილაბუსები).
4. ფაკულტეტზე სტუდენტის ცოდნის შეფასება ხდება უნივერსიტეტში მოქმედი შეფასების სისტემისა და სასწავლო პროგრამების (სილაბუსების) შესაბამისად. სტუდენტი ვალდებულია ყველა გამოცდა ჩააბაროს სასწავლო პროგრამის (სილაბუსის) და ფაკულტეტის სასწავლო გეგმის (კურიკულუმის) შესაბამისად.
5. ფაკულტეტზე გამოცდები ტარდება უნივერსიტეტში დადგენილი ერთიანი წესით. 
6. საგანმანათლებლო პროგრამების კრედიტებით გაანგარიშების, შეფასების, განმეორებით მოსმენის წესი ფაკულტეტზე რეგულირდება უნივერსიტეტში დადგენილი ერთიანი წესის შესაბამისად.
7. სტუდენტის სტატუსის შეჩერებისა და სტატუსის შეწყვეტის, აღდგენის პირობები რეგულირდება უნივერსიტეტის წესდებითა და შინაგანაწესით.
8. სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან ან უნივერსიტეტის სხვა ფაკულტეტიდან სტუდენტის მობილობა და სტუდენტის სტატუსის აღდგენა რეგულირდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, უნივერსიტეტის წესდებითა და შინაგანაწესით.
9. ფაკულტეტის საგანმანათლებლო პროგრამის ათვისების, სავალდებულო კრედიტების შესრულების შემდეგ კურსდამთავრებულს ენიჭება შესაბამისი აკადემიური ხარისხი.
10. ფაკულტეტზე აკადემიური წელი შედგება ორი სემესტრისაგან: შემოდგომის და გაზაფხულის.
11. საგანმანათლებლო პროგრამების კრედიტების გაანგარიშება, სტუდენტთა საქმიანობის შეფასება და საგნის განმეორებით მოსმენის წესი  რეგულირდება  უნივერსიტეტის წესდებითა და შინაგანაწესით.
12. ფაკულტეტი უზრუნველყოფს სტუდენტის ცოდნის ობიექტურ შეფასებას შესაბამისი პროცედურების მეშვეობით;
13. სტუდენტის წახალისებასთან და დისციპლინურ პასუხისმგებლობასთან დაკავშირებული ურთიერთობები რეგულირდება უნივერსიტეტის წესდების, შინაგანაწესისა და სხვა ნორმატიული მოთხოვნების საფუძველზე.

მუხლი 16. აკადემიური უმაღლესი განათლების საფეხურების სახეები

1. აკადემიური უმაღლესი განათლების სწავლების საფეხურებია:
ა) ბაკალავრიატი – საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც მოიცავს არანაკლებ 240 კრედიტს. ბ) მაგისტრატურა – საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც მოიცავს არა ნაკლებ 120 კრედიტს.
გ) დოქტორანტურა   -   საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც მოიცავს არანაკლებ 180 კრედიტს.
2. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში 1 სასწავლო წლის განმავლობაში საგანმანათლებლო პროგრამა მოიცავს არანაკლებ 60 კრედიტს.
3. სწავლის ყოველი საფეხურის  გავლის  შემდეგ გაიცემა სათანადო დიპლომი სტანდარტული დანართით.

მუხლი 17. ბაკალავრიატი

1. ბაკალავრიატში მიღება ხორციელდება ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე.
2. ბაკალავრიატში სწავლის მიზანია მაღალი დონის პროფესიულ მომზადებასთან ერთად სასწავლო დისციპლინების ღრმა ათვისება, რაც ამზადებს პირს მუშაობისათვის, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, და მაგისტრატურაში შემდგომი სწავლისათვის.

მუხლი 18.   მაგისტრატურა

1. მაგისტრატურაში მიღება ხორციელდება ერთიანი სამაგისტრო გამოცდების შედეგების საფუძველზე და რეგულირდება საზოგადოებრივი ჯანდაცვის საერთაშორისო სკოლისა და მაგისტრატურის შესახებ დებულებით.
2. მაგისტრატურაში ჩარიცხვა ხდება წინასწარ გამოცხადებული მისაღები კონტიგენტის ფარგლებში გამოცდებზე დაგროვილ ქულათა რანჟირების მიხედვით.
3. მაგისტრატურაში მისაღები კონკურსი მოიცავს: ა) წარმოდგენილი დოკუმენტაციის შეფასებას; ბ) გამოცდას სპეციალობასა და  უცხო ენაში.
4. ფაკულტეტის მაგისტრატურაში მისაღები კონკურსის შესახებ ინფორმაცია განთავსდება თსსუ-ს ვებ-გვერდზე.
5. გამოცდების ჩაბარების შედეგად ჩარიცხული პრეტენდენტი ითვლება მაგისტრანტად.
6. ფაკულტეტზე მაგისტრატურის ვადა განისაზღვრება მინიმუმ 2 წლით. 

მუხლი 19. დოქტორანტურა

1. დოქტორანტურაში მიღება ხორციელდება დოქტორანტურის დებულებით. დოქტორანტურაში მიღების აუცილებელი პირობაა სამეცნიერო-კვლევითი პროგრამის არსებობა.
2. სადოქტორო პროგრამა მიიღება წინასწარი ექსპერტიზის შემდეგ.
3. სადოქტორო პროგრამების შეფასება, მოიცავს უნივერსიტეტში დადგენილი წესით ჩატარებულ ექსპერტიზას.
4. სადოქტორო პროგრამას და ხელმძღვანელს(ებს), ფაკულტეტის საბჭოსთან შეთანხმებით,  ამტკიცებს თსსუ-ის აკადემიური საბჭო.
 5. დოქტორანტურაში მისაღები კონკურსი მოიცავს:
ა) წარმოდგენილი დოკუმენტაციის შეფასებას, ბ) გამოცდას სპეციალობასა და უცხოურ ენაში.
6. გამოცდების საფუძველზე ჩარიცხული პრეტენდენტი ითვლება დოქტორანტად.
7. დოქტორანტურის ვადა განისაზღვრება მინიმუმ 3 წლით.

მუხლი 20. ფაკულტეტის სტუდენტის უფლებები და მოვალეობები

1. ამ დებულების მიზნებისათვის “სტუდენტში” იგულისხმება პირი, რომელიც “უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონითა და უნივერსიტეტის წესდებით განსაზღვრული წესით ჩაირიცხა და სწავლობს ფაკულტეტზე ბაკალავრიატის, მაგისტრატურის, დოქტორანტურის პროგრამის გასავლელად.
2. სტუდენტს უფლება აქვს:
ა) მიიღოს ხარისხიანი განათლება და მონაწილეობა მიიღოს სამეცნიერო კვლევაში;
ბ) უნივერსიტეტის წესდებით და შინაგანაწესითა დადგენილი წესით, თანაბარ პირობებში, ისარგებლოს უნივერსიტეტისა და ფაკულტეტის მატერიალურ_ტექნიკური, საბიბლიოთეკო_ საინფორმაციო და სხვა საშუალებებით;
გ) მიიღოს ამომწურავი ინფორმაცია უნივერსიტეტში არსებული საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ და მოითხოვოს სასწავლო კურსების სილაბუსები;
დ) მოითხოვოს ცოდნის სამართლიანი შეფასება და დადგენილი წესით გაასაჩივროს არასასურველი საგამოცდო შეფასება;
ე) პერიოდულად მოახდინოს აკადემიური პერსონალის მუშაობის შეფასება;
ვ) საყოველთაო, პირდაპირი და თანასწორი არჩევნების საფუძველზე ფარული კენჭისყრით აირჩიოს წარმომადგენელი და არჩეულ იქნეს სტუდენტური თვითმმართველობის, ფაკულტეტისა და უნივერსიტეტის მართვის წარმომადგენლობით ორგანოებში, უნივერისტეტის წესდების შესაბამისად;
ზ) თავისუფლად დააფუძნოს ან/და გაერთიანდეს სტუდენტურ ორგანიზაციებში თავისი ინტერესების შესაბამისად;
თ) თავისუფლად გამოხატოს საკუთარი აზრი;
ი) განახორციელოს უნივერსიტეტის წესდებით, შინაგანაწესით და კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული სხვა უფლებამოსილება.
3. უნივერსიტეტის სტუდენტი ვალდებულია:
ა) დაიცვას უნივერსიტეტის შინაგანაწესი;
ბ) გადაიხადოს სწავლის სემესტრული საფასური სემესტრული რეგისტრაციისათვის დადგენილ ვადებში;
გ) ერთი თვის ვადაში აცნობოს შესაბამისი ფაკულტეტის დეკანატს მითითებული ინფორმაციის ცვლილებებზე;
დ) დაიცვას ეთიკის კოდექსი;
ე) გაუფრთხილდეს უნივერსიტეტის კუთვნილ ქონებას;
ვ) მკაცრად დაიცვას კანონმდებლობით, უნივერსიტეტის წესდებითა და შინაგანაწესით და მასთან გაფორმებული ხელშეკრულებით დადგენილი მოთხოვნები:
ვ.ა) უნივერსიტეტში დადგენილი წესით და ვადებში გადაიხადოს უნივერისტეტის მიერ დადგენილი სწავლის საფასური ან დაფაროს განსხვავება სახელმწიფოს გრანტსა და უნივერსიტეტში სწავლის დადგენილ საფასურს შორის;
ვ.ბ) გადაიხადოს, დადგენილი წესით, სწავლის დადგენილი საფასური ყოველი განმეორებით გასავლელი საგნისათვის.

მუხლი 21.   ფაკულტეტის სტუდენტთა თვითმმართველობა

1. ფაკულტეტზე მოქმედებს სტუდენტთა თვითმმართველობა საყოველთაო, თანასწორი და პირდაპირი არჩევნების საფუძველზე.
2. ფაკულტეტზე არსებული სტუდენტური თვითმმართველობა წარმოადგენს საერთო საუნივერსიტეტო სტუდენტური თვითმმართველობის შექმნისა და ფუნქციონირების საფუძველს, რომლის მიზანია სტუდენტების მობილობისა და აქტიურობის ხელშეწყობა.
3. სტუდენტური თვითმმართველობა მისი დებულებიდან გამომდინარე: 
ა) უზრუნველყოფს სტუდენტთა უფლებების დაცვას;
ბ) ირჩევს სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენლებს ფაკულტეტის საბჭოში;
გ) უფლება აქვს შეიმუშაოს რეკომენდაციები და  წინადადებები, რომლებიც დაკავშირებულია სასწავლო პროცესის შემდგომ დახვეწასთან და გაუმჯობესებასთან და წარუდგინოს ისინი ფაკულტეტის საბჭოს;
დ) განახორციელოს სხვა უფლებები, რომლებიც განსაზღვრულია სტუდენტური თვითმმართველობის დებულებით;
ე) ფაკულტეტის ადმინისტრაცია არ ერევა სტუდენტური   თვითმმართველობის საქმიანობაში.

მუხლი 22. დასკვნითი დებულებანი

ფაკულტეტის დებულების გაუქმება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ.