სსიპ-თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში 2021 წლის შემოდგომის სემესტრიდან ახალგაზრდა დოქტორანტთა წახალისებისა და დოქტორანტურაში ახალგაზრდების მოზიდვის გასაუმჯობესებელი ღონისძიებების გატარების წესი ზოგადი დებულებები

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს შემუშავებული აქვს ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკა, რომელიც მოიცავს ადამიანური რესურსების შერჩევის, დასაქმების, პროფესიული განვითარების, აკადემიური კადრის მომზადების უწყვეტობის, მოტივირების და წახალისების საკითხებს. ამ მხრივ, უნივერსიტეტის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საზრუნავია ახალგაზრდა მკვლევრების მომზადება, რომლებიც ღირსეული აკადემიური პერსონალის ღირსეული ცვლა იქნება. სწორედ, ამ მიზნის მისაღწევ ღონისძიებებს განსაზღვრავს წინამდებარე წესი.

მუხლი 1.

ა) ამ წესის მოქმედება ვრცელდება 35 წლამდე ასაკის პირებზე, რომლებიც აკმაყოფილებენ საქართველოს კანონმდებლობით და თსსუ-ის ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტებით უმაღლესი განათლების მესამე საფეხურზე სწავლის გაგრძელებისათვის დადგენილ საერთო პირობებს და დოქტორანტურაში ჩარიცხვის დროისათვის წარმოადგენენ ინგლისური ენის ცოდნის მინიმალური კომპეტენციის ზღვრის დონის მოქმედ სერტიფიკატს, გაცემულს ენების ფლობის საერთო ევროპული წესის (CEFR) შესაბამისად; ამასთან, TOEFL iBT – ის მინიმალური ზღვარი შეადგენს 79 ქულას, IELTS Academic-ის - 6.5-ს, „Cambridge English ”-ის - 176 ქულას; სერტიფიკატი „Cambridge English” გაცემული უნდა იყოს დოქტორანტურაში ჩარიცხვის დროისთვის ბოლო 2 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში, თუ სერტიფიკატში „Cambridge English” ქულა მითითებული არ არის, მაშინ დოქტორანტურაში ჩარიცხვის მსურველმა უნდა წარმოადგინოს სერტიფიკატი „Cambridge English: Advanced (CAE), ასევე, გაცემული დოქტორანტურაში ჩარიცხვის დროისთვის ბოლო 2 წლის განმავლობაში.
 
ბ) „ა“ პუნქტით გათვალისწინებული პირები დოქტორანტურაში ჩასარიცხად გამოცდას აბარებენ მხოლოდ სპეციალობაში.


მუხლი 2.

წინამდებარე წესის პირველი მუხლის შესაბამისად, ჩარიცხული დოქტორანტები უზრუნველყოფილი იქნებიან:

ა) სტიპენდიით წელიწადში 24 ათასი ლარის ოდენობით, საგანმანათლებლო პროგრამის ხანგრძლივობის (3 წელი) განმავლობაში. სტატუსშეჩერებულ დოქტორანტზე სტიპენდია არ გაიცემა.
ბ) კვლევის და სწავლის დაფინანსებით - 10 000 ლარის ოდენობით. ამ თანხიდან 2250 ლარი გათვალისწინებულია სასწავლო კომპონენტის საფასურის დასაფარად; იმ შემთხვევაში, თუ დოქტორანტი შეძლებს კვლევის დასაფინანსებლად თავად მოიპოვოს სადოქტორო კვლევისათვის საჭირო გრანტი, მას მაინც გადაეცემა თსსუ-ის მიერ კვლევის დასაფინანსებლად გამოყოფილი თანხა.
გ) „ა“ და „ბ“ პუნქტების და წინამდებარე წესის მე-4 მუხლის განსახორციელებლად საჭიროა უნივერსიტეტში შეიქმნას ფონდი, რომლის მოცულობა განისაზღვრება წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ.

მუხლი 3.

ამ წესით რეგულირებული დოქტორანტთა კონტიგენტის რაოდენობა არის შეზღუდული, - თითოეული დეპარტამენტიდან უნდა მომზადდეს არაუმეტეს 2 დოქტორანტისა, გარდა შინაგანი სნეულებების, პედიატრიის, ქირურგიის და ნევროლოგიის დეპარტამენტებისა. ამ დეპარტამენტებიდან და თსსუ-ის სამეცნიეროკვლევითი ინსტიტუტებიდან დოქტორანტთა რაოდენობა განისაზღვრება ცალკე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. წინამდებარე წესით ჩარიცხულმა დოქტორანტებმა დისერტაცია უნდა დაიცვან დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის ვადაში. ამ ვადის გაგრძელება შესაძლებელია 2 წლით (არაუმეტეს 4 სემესტრისა) პროგრამის ხელმძღვანელის დასაბუთებული შუამდგომლობის საფუძველზე, სტიპენდიის გარეშე. აკადემიური პერსონალის შესარჩევ კონკურსში უპირატესობა მიენიჭება იმ დოქტორანტს, რომელიც უფრო ადრე დაიცავს დისერტაციას.

მუხლი 4.

იმ სამეცნიერო ხელმძღვანელს(ებს), ასევე კონსულტანტს (ასეთის არსებობის შემთხვევაში), რომლის(რომელთა) დოქტორანტიც დადგენილ ვადაში დაიცავს დისერტაციას და მოიპოვებს აკადემიურ ხარისხს, მიეცემა(თ) ფულადი ჯილდო 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით, რომელიც განაწილდება სამმხრივი ხელშეკრულების საფუძველზე (ხელშეკრულების მხარეები იქნებიან სამეცნიერო ხელმძღვანელ(ებ)ი და უნივერსიტეტი, საჭიროების შემთხვევაში, კონსულტანტიც).

მუხლი 5.

დოქტორანტები, რომლებიც შეძლებენ წინამდებარე წესის პირველი, მე-2, მე-3 მუხლებით გათვალისწინებული მოთხოვნების დაკმაყოფილებას, ისარგებლებენ აკადემიური პერსონალის შესარჩევ კონკურსში უპირატესობით, სხვა თანაბარი პირობების მქონე კონკურსანტებთან შედარებით; ეს შესაძლებლობა გულისხმობს საკონკურსო პოზიციის დაკავებას არაკლინიკურ სპეციალობებში - სადოქტორო კვლევის ან მომიჯნავე სფეროს სპეციალობაში; კლინიკურ სპეციალობებში კი - საქართველოში აპლიკანტის საექიმო საქმიანობის უფლების დამადასტურებელი სერტიფიკატის გათვალისწინებით. ამასთან, თუ ისინი ვერ შეძლებენ კონკურსში გამარჯვებას, უნივერსიტეტი გარანტირებულად უზრუნველყოფს ასეთი პირების მოწვევას და სასწავლო პროცესში ჩართვას მოწვეული მასწავლებლის სტატუსით.

მუხლი 6.

აკადემიური პერსონალის შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის მიღებისას პირებმა უნდა წარმოადგინონ წინამდებარე წესის პირველი მუხლის შესაბამისად განსაზღვრული მოქმედი სერტიფიკატი. ამ წესის შესაბამისად, აკადემიურხარისხმოპოვებულებს შორის კონკურსის შემთხვევაში, უპირატესობით ისარგებლებს ის კონკურსანტი, რომლის სერტიფიკატიც უფრო მაღალ მოთხოვნებს დააკმაყოფილებს.

მუხლი 7.

პირები, რომლებიც აკადემიური ხარისხის მოპოვების შემდეგ დაიკავებენ აკადემიურ თანამდებობას ან ექნებათ მოწვეული მასწავლებლის სტატუსი, ვალდებული არიან უნივერსიტეტში დასაქმებული იყვნენ შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამის ხანგრძლივობის არანაკლებ ორი ვადით, რაც აისახება მათთან გაფორმებულ ხელშეკრულებაში.

მუხლი 8.

ა) წინამდებარე წესი ვრცელდება წესის მიღების მომენტისათვის უკვე ჩარიცხულ დოქტორანტებზე, თუ მათ დოქტორანტურაში ჩარიცხვის დროისათვის ჰქონდათ, ან სწავლის პერიოდში წარმოადგენენ ინგლისური ენის ფლობის დამადასტურებელ სერტიფიკატს, ამ წესის პირველი მუხლის „ა“ პუნქტის შესაბამისად.
ბ) თსსუ-ის ფინანსური ვალდებულებები ამ წესის მიღების მომენტისათვის უკვე ჩარიცხული დოქტორანტებისა და მათი სამეცნიერო ხელმძღვანელ(ებ)ის მიმართ, განისაზღვრება მათთან დადებული ხელშეკრულებით, ამ წესის მე-2 და მე-3 მუხლებისაგან განსხვავებულად და დოქტორანტურაში სწავლის დარჩენილი ვადის პროპორციულად.

მუხლი 9.

პირები, რომლებიც არ შეასრულებენ წინამდებარე წესის მიხედვით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს, მოვალენი არიან უნივერსიტეტს გადაუხადონ პირგასამტეხლო, რაც განისაზღვრება მათ მომზადებაზე გახარჯული თანხის ერთნახევარი ოდენობით.

მუხლი 10.

წინამდებარე წესი ძალაში შედის ამ წესის დამტკიცებისთანავე და მოქმედებს 2022 წლის 15 ოქტომბრამდე ამ წესით დადგენილი პირობებით დოქტორანტურაში ჩარიცხულ პირებზე.



წარმომადგენლობითი საბჭოს

სპიკერი გია თომაძე