დამტკიცებულია თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის

წარმომადგენლობითი საბჭოს 2008 წლის 30 აპრილის

№23/4 დადგენილებით



თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სპორტული მედიცინისა და რეაბილიტაციის კლინიკური ცენტრის დებულება


მუხლი 1. ზოგადი დებულებები.

1.1. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის (შემდგომში “უნივერსიტეტი”) სპორტული მედიცინისა და რეაბილიტაციის კლინიკური ცენტრი (შემდგომში “ცენტრი”) შექმნილია წარმომადგენლობითი საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტის (შემდგომში “ფაკულტეტი”) შემადგენლობაში.

1.2. ცენტრი თავის საქმიანობას ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობისა და წინამდებარე დებულების საფუძველზე, რომელსაც ამტკიცებს უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭო.

1.3. ცენტრი ფუნქციონირებისათვის გადაცემული ქონებით და ფინანსური სახსრებით სარგებლობას ახორციელებს წინამდებარე დებულებით დადგენილი წესით. ფინანსური სახსრების აკუმულირებისათვის ცენტრს გააჩნია სალარო.

1.4. ცენტრს გააჩნია უნივერსიტეტის მიერ დამტკიცებული ბეჭედი სრული დასახელებით ქართულ და ინგლისურ ენებზე; ასევე შტამპები, ბლანკები, იდენტიფიკაციის სხვა საშუალებები.

1.5. ცენტრის ადმინისტრაციის მისამართია: თბილისი, 0141, გუდამაყრის ქუჩა №4. (12.02.2024 №23/3)


მუხლი 2. ცენტრის მიზნები და ამოცანები.

2.1. ცენტრის ძირითადი მიზანია:

ა) ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის სპეციალისტთა მომზადების ხელშეწყობა:

ა.ა) სპორტული მედიცინისა და რეაბილიტაციის დიპლომამდელი საგანმანათლებლო პროგრამების მზადებისა და განხორციელების პროცესში მონაწილეობით;

ა.ბ) სპორტული მედიცინისა და რეაბილიტაციის დიპლომისშემდგომი საგანმანათლებლო პროგრამებისა და უწყვეტი პროფესიული განვითარების პროგრამების მზადებისა და განხორციელების პროცესში მონაწილეობით; ა.გ) სამეცნიერო და კვლევითი საქმიანობის განხორციელებით;

ბ) ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველყოფა:

გ) ქვეყნის კანონმდებლობასა და მაღალი პროფესიულ-ეთიკურ სტანდარტების შესაბამისი სამედიცინო მომსახურებით;

დ) ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვითა და პოპულარიზაციით; ე) სპორტული მედიცინისა და რეაბილიტაციის განვითარებისა და პოპულარიზაციის ხელშეწყობა.

2.2. აღნიშნული მიზნების მისაღწევად ცენტრი აქტიურად თანამშრომლობს: ა) სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო და სამედიცინო დაწესებულებებთან;

ბ) საქართველოში არსებულ და საერთაშორისო სპორტულ ორგანიზაციებთან. გ) უცხოეთის ქვეყნების სპორტული მედიცინისა და მომიჯნავე მიმართულების დაწესებულებებთან;

დ) საქართველოსა და უცხოეთის სამთავრობო ორგანოებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან.


მუხლი 3. ცენტრის სტრუქტურა და საშტატო განრიგი.

3.1. ცენტრის სტრუქტურას და საშტატო განრიგს, ცენტრის დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს უნივერსიტეტის რექტორი.

3.2 ცენტრში შეიძლება შეიქმნას სათათბირო-საკონსულტაციო ორგანო - ცენტრის საბჭო.


მუხლი 4. ცენტრის დირექტორი.

4.1. ცენტრს ხელმძღვანელობს ცენტრის დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს უნივერსიტეტის რექტორი.

4.2. ცენტრის დირექტორი ანგარიშვალდებულია რექტორისა და კანცლერის წინაშე, მართვის ამ ორგანოთა კომპეტენციის გათვალისწინებით.

4.3. ცენტრის დირექტორი უზრუნველყოფს:

ა) უნივერსიტეტის მიერ ცენტრის ფუნქციონირებისათვის გადაცემული ქონების მართვასა და დაცვას;

ბ) ცენტრის საქმიანობის, მათ შორის სამედიცინო საქმიანობის ხელმძღვანელობას; გ) ცენტრის ფინანსური საქმიანობის დაგეგმვას, აღრიცხვას და კონტროლს;

დ) წინამდებარე დებულებით გათვალისწინებული საგანმანათლებლო საქმიანობაში უნივერსიტეტის დეპარტამენტებისა და პროგრამული მიმართულების აკადემიური პერსონალის მონაწილეობას;

ე) ცენტრის საორგანიზაციო საქმიანობის (ორგანიზაციული, მატერიალურ- ტექნიკური და სხვა ღონისძიებები) დაგეგმვას და წარმართვას;

ვ) ცენტრის მიერ განხორციელებული სამედიცინო მომსახურების სფეროების მიხედვით სამედიცინო სტანდარტების, ტარიფების და სამედიცინო

დოკუმენტაციის ფორმების დამტკიცებას თსსუ-ს კანცლერთან შეთანხმებით; ზ) ცენტრის საშტატო განრიგის შემუშავებას და დასამტკიცებლად წარდგენას; თ) ცენტრის შინაგანაწესის შემუშავებას და დასამტკიცებლად წარდგენას;

ი) უნივერსიტეტის წარმომადგენლობით საბჭოზე წლიური ანგარიშის წარდგენას; 

კ) მოთხოვნის შესაბამისად სამედიცინო და ფინანსურ საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარდგენას;

ლ) ცენტრის თანამშრომელთა საქმიანობისა და პროფესიული დონის მუდმივი ამაღლების პირობების შექმნას;

მ) სხვა საქმიანობის განხორციელებას, რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირ ემსახურება ცენტრის მიზნებს.

4.4. ცენტრის დირექტორის ქონებრივი პასუხისმგებლობის ფარგლები დგინდება შესაბამისი ხელშეკრულების, მიღება-ჩაბარების აქტის და მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე

4.5. ცენტრის დირექტორი, თსსუ-ს მიერ დადგენილ ფარგლებში ან მინდობილობით, წარმოადგენს ცენტრს მესამე პირებთან ურთიერთობისას, მათ შორის

ხელშეკრულებების გაფორმების პროცესში.


მუხლი 5. ცენტრის შემოსავლები.

5.1. ცენტრის შემოსავლებს წარმოადგენს მიმდინარე საქმიანობით, მათ შორის დირექტორის მიერ გაფორმებული ხელშეკრულებების საფუძველზე მიღებული შემოსავლები, სხვა წყაროები, რომელიც ნებადართულია მოქმედი კანონმდებლობით.

5.2. ამ დებულებით განსაზღვრული ძირითადი ამოცანების განსახორციელებლად ცენტრს დადგენილი წესით გადაეცემა ძირითადი და საბრუნავი საშუალებები, სარგებლობისა და მართვის უფლებით.


მუხლი 6. ცენტრის აპარატი და დამხმარე პერსონალი

6.1. ცენტრის სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელებს და ცენტრის თანამშრომლებს დირექტორის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს რექტორი.

6.2. ცენტრის საშტატო რიცხოვნობა განისაზღვრება უნივერსიტეტის საშტატო განრიგით.

6.3. ცენტრის საქმიანობის ცალკეულ მიმართულებებს, რომლებიც არ არის გათვალისწინებული უნივერსიტეტის საშტატო განრიგით, შესაბამისი შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე ახორციელებს მოწვეული პირი.

6.4. ცენტრის თანამშრომლები (მუშაკები) უზრუნველყოფენ ამ დებულებითა და შესაბამისი შრომითი ხელშეკრულებით დაკისრებული ფუნქციების ჯეროვნად შესრულებას.

6.5. იმ მუშაკთან, რომელიც უშუალოდ დაკავშირებულია მისთვის გადაცემული ქონებისა და ფასეულობის შენახვასთან, დამუშავებასთან, ან სამუშაო პროცესში გამოყენებასთან იდება წერილობითი შეთანხმება სრული მატერიალური პასუხისმგებლობის შესახებ.

6.6. შრომითი ხელშეკრულებები უნდა ითვალისწინებდეს შრომითი და სამოქალაქო კანონმდებლობის მოქმედ ნორმებს.

 

მუხლი 7. ცენტრის ქონება.

7.1. ცენტრის ქონება წარმოადგენს თსსუ-ს საკუთრებას და ცენტრს იგი გადაცემული აქვს სარგებლობისა და მართვის უფლებით.

7.2. ცენტრის ქონებასა და შემოსავლებთან დაკავშირებული საკითხები ცენტრსა და თსსუ-ს შორის რეგულირდება მოქმედი კანონმდებლობისა და ამ დებულების შესაბამისად.


მუხლი 8. ცენტრის ეკონომიკური საქმიანობა

8.1. ეკონომიკურ საქმიანობას ცენტრი ახორციელებს წინამდებარე დებულების, მოქმედი კანონმდებლობის და სხვა ნორმატიული აქტებიდან გამომდინარე. შემსყიდველებთან (დამკვეთებთან) დადებული ხელშეკრულებების საფუძველზე.

8.2. შესრულებული სამუშაოების, გაწეული მომსახურების ფასებსა და ტარიფებს,

ბაზრის კონიუნქტურიდან გამომდინარე, მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული წესით ადგენს თსსუ.

8.3. ფასები და ტარიფები, რომელიც რეგულირდება სახელმწიფო თუ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ, სავალდებულოა ცენტრისთვის.


მუხლი 9. აღრიცხვა და ანგარიშგება

ცენტრის საბუღალტრო და სტატისტიკური აღრიცხვა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული მოცულობითა და პერიოდულობით.


მუხლი 10. ცენტრის საქმიანობის კონტროლი

10.1. ცენტრის საქმიანობის კონტროლი ხორციელდება თსსუ-ს მართვის შესაბამისი ორგანოების მიერ.

10.2. საჭიროების შემთხვევაში თსსუ ნიშნავს აუდიტორს.

10.3. ცენტრის საქმიანობა მოწმდება არსებული კანონმდებლობით დადგენილი წესით.


მუხლი 11. პასუხისმგებლობა და დავის გადაწყვეტა

11.1. ცენტრი პასუხისმგებელია თავის ვალდებულებებზე.

11.2. ცენტრის დირექტორისა და ცენტრის მუშაკების პასუხისმგებლობა განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.


მუხლი 12. ცენტრის საქმიანობის შეწყვეტა

12.1. ცენტრის საქმიანობის შეწყვეტის საფუძვლებია:

ა) რეორგანიზაცია; ბ) ლიკვიდაცია.

12.2. ცენტრის ლიკვიდაცია ხორციელდება თსსუ-ს ადმინისტრაციული აქტის ან კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა შემთხვევებში.

 

მუხლი 13. დასკვნითი დებულებები.

ცენტრის დებულების გაუქმება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს გადაწყვეტილებით, კანონმდებლობით დადგენილი წესით