თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დასაქმებულთა ვალდებულებების განსაზღვრის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის შესაბამისად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 04 აპრილის #01-149/ო ბრძანების „სამუშაო ადგილებზე ახალი კორონავირუსის (SARS-CoV-2) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით რეკომენდაციების დამტკიცების თაობაზე“ გათვალისწინებით, ვბრძანებ:

1. იმ პირების (აკადემიური, ადმინისტრაციული, დამხმარე პერსონალიდან) საქმიანობა, რომელთა გამოცხადება თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ტერიტორიაზე (როგორც ადმინისტრაციულ, ასევე სასწავლო კორპუსებში) დაკავშირებულია მათი პოზიციის/თანამდებობის სპეციფიკასთან, ასევე, გარეშე პირთა შემოსვლა თსსუ-ში, განხორციელდეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შესაბამისი რეკომენდაციების დაცვით, რაც გულისხმობს:
ა) ინდივიდუალური დაცვის საშუალებების, კერძოდ, ქირურგიული ნიღბისა და სადეზინფექციო საშუალებების სავალდებულო გამოყენებას;
ბ) ჰიგიენის წესების დაცვას სამუშაო ადგილზე;
გ) დასაქმებულთა თავშეყრის გამორიცხვას და უსაფრთხო დისტანციის დაცვის შესახებ (არანაკლებ 2 მეტრისა) რეკომენდაციის დაცვას;
დ) სამუშაოს დაწყებისა და დამთავრებისას სამუშაო ადგილისა და მუშაობისას გამოყენებული ხელსაწყოების სადეზინფექციო საშუალებებით დასუფთავებას;
ე) ხელის ჰიგიენის რეგულარულად და საფუძვლიანად დაცვას.

2. წინამდებარე ბრძანების პირველი პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევა გამოიწვევს თსსუ-ის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების გამოყენებას.

3. ბრძანების შესრულებაზე კონტროლის განხორციელება დაევალოს კანცლერს, ზ. ორჯონიკიძეს.
 
4. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

5. თსსუ-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს (გ.ჭიჭინაძე) დაევალოს ბრძანების თვალსაჩინო ადგილზე განთავსება.

6. ბრძანება დაეგზავნოს: კანცლერს, ვიცე-რექტორებს, კანცლერის მოადგილეებს, რექტორის აპარატის უფროსს, კანცლერის აპარატის უფროსს, ყველა სტრუქტურულ ერთეულს.




რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია