(ძალადაკარგულია - 03.09.2013, №124/ნ)
 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება №211/ნ

2011 წლის 28 დეკემბერი

ქ. თბილისი

არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ
,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის თ​1 ქვეპუნქტისა და ,, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რეორგანიზაციის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2011 წლის 4 ნოემბრის №413 დადგენილების საფუძველზე, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის თანდართული წესდება.

2. ბრძანება ამოქმედდეს 2012 წლის 1 იანვრიდან.

დ. შაშკინი
       
          არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – თბილისის სახელმწიფო   

სამედიცინო უნივერსიტეტის წესდება

პრეამბულა

არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – „თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი” არის დამოუკიდებელი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომლის ძირითადი დანიშნულებაა სასწავლო-სამეცნიერო და კვლევითი საქმიანობის განხორციელება და განსწავლული, მიზანდასახული, კონკურენტუნარიანი და მაღალი ზნეობის პროფესიონალების მომზადება.

თავი I. ზოგადი დებულებები
მუხლი 1.  უნივერსიტეტის  საქმიანობის საფუძვლები:
1. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – ,,თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი” (შემდგომში – უნივერსიტეტი) ავტონომიური დაწესებულებაა, რომლის ძირითად მიზანს წარმოადგენს უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობისა და სამეცნიერო კვლევების წარმართვა. იგი ახორციელებს უმაღლესი აკადემიური განათლების სამივე საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამებს, პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს, უწყვეტი პროფესიული განვითარების და სარეზიდენტო პროგრამებს.

2. უნივერსიტეტის საქმიანობა ეფუძნება საქართველოს კონსტიტუციას, საერთაშორისო ნორმებს, «უმაღლესი განათლების შესახებ», საქართველოს სამოქალაქო კოდექსის «საექიმო საქმიანობის შესახებ» საქართველოს კანონებს, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მოთხოვნებსა და ამ წესდებას.

3. უნივერსიტეტის სახელწოდებაა: ა(ა)იპ – ,,თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი“, შემოკლებული სახელწოდებაა: თსსუ; ინგლისური სახელწოდებაა: TBILISI STATE MEDICAL UNIVERSITY შემოკლებული სახელწოდებაა TSMU.

4. უნივერსიტეტს გააჩნია არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის სტატუსი. აქვს საანგარიშსწორებო და სავალუტო ანგარიშები საბანკო დაწესებულებაში, გერბი, კანონმდებლობით დადგენილი ფორმის მრგვალი ბეჭედი, შტამპი და იურიდიული პირისათვის დადგენილი სხვა ატრიბუტიკა.

5. უნივერსიტეტში სწავლების ენა არის ქართული (სხვა ენაზე სწავლება, გარდა ინდივიდუალური სასწავლო კურსებისა, დაშვებულია , თუ ეს გათვალისწინებულია საერთაშორისო ხელშეკრულებით ან შეთანხმებულია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან) .  

6. უნივერსიტეტს შეუძლია თავისი სახელით მონაწილეობდეს სამართლებრივ ურთიერთობებში, გამოვიდეს საპროცესო მხარედ ან მესამე პირად სასამართლოში .

7. უნივერსიტეტი თავისი მიზნებიდან გამომდინარე, მოქმედებს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე და მის ფარგლებს გარეთ;

8. უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მისამართია: ქ. თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზირი №33.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 5 სექტემბრის ბრძანება №175/ნ - ვებგვერდი, 07.09.2012წ.


 მუხლი 2.  უნივერსიტეტის მიზნები და  საქმიანობა

1. უნივერსიტეტის ძირითადი მიზნებია:

ა) მედიცინის და ფარმაციის სფეროში ეროვნული და მსოფლიო ღირებულების დამკვიდრების ხელშეწყობა;

ბ) საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი უმაღლესი განათლების და უწყვეტი პროფესიული განვითარების უზრუნველყოფა;

გ) პიროვნების ინტერესებისა და შესაძლებლობების შესატყვისი უმაღლესი განათლების მიღების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების მოთხოვნილებათა დაკმაყოფილება;

 დ) პიროვნული პოტენციალის რეალიზება, პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარება, თანამედროვე მოთხოვნების შესატყვისი კომპეტენციის მქონე სპეციალისტების მომზადება, შიდა და საგარეო შრომის ბაზარზე უმაღლესი განათლების მქონე სპეციალისტთა კონკურენტუნარიანობის უზრუნველყოფა, საზოგადოების მოთხოვნათა შესაბამისი მაღალი ხარისხის განათლების შეთავაზება;

ე) ქვეყანაში აღიარებული სამედიცინო მომსახურების პროფესიულ და ეთიკურ სტანდარტებთან შესაბამისი სამედიცინო საქმიანობა;

 2. უნივერსიტეტის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია:

ა) საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი პროგრამების განხორციელება;

ბ) სამედიცინო საქმიანობა.

3. უნივერსიტეტი უზრუნველყოფს:

ა) უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობასა და ღია ხასიათს; სწავლის, სწავლებისა და სამეცნიერო კვლევის აკადემიურ თავისუფლებას;

ბ) სტუდენტთა და აკადემიური პერსონალის მობილობის წახალისებას;

გ) უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების ინტეგრაციას;

დ) ხარისხის უზრუნველყოფის სისტემების და მათი რეალიზების მექანიზმების

ჩამოყალიბებას;

ე) სწავლის, სწავლებისა და სამეცნიერო კვლევის პროცესების ჰარმონიზებას, ერთიან ევროპულ სივრცეში ინტეგრაციას და სრულუფლებიან მონაწილეობას;

ვ) საქმიანობის ავტონომიურობას;

ზ) ყოველგვარი დისკრიმინაციის აკრძალვას, მათ შორის აკადემიური, რელიგიური თუ ეთნიკური კუთვნილების ან/და შეხედულების, სქესის, სოციალური წარმოშობისა და სხვა ნიშნით;

თ) უნივერსიტეტის მართვისა და ამ დაწესებულებაში კონკურსების საჯაროობასა და გამჭვირვალობას;

ი) სხვა ისეთი პირობების შექმნას, რომლებიც ხელს შეუწყობს უნივერსიტეტის მიზნების მიღწევას.

4. ამ წესდებით გათვალისწინებული მიზნების მისაღწევად უნივერსიტეტი:

ა) ამზადებს პიროვნებას ისეთი პროფესიული მოღვაწეობისათვის, რომელიც მოითხოვს აკადემიური და სამეცნიერო ცოდნის გამოყენებას;

ბ) ზრუნავს თავისი პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლებაზე;

გ) ხელს უწყობს სტუდენტთა სოციალური პირობების გაუმჯობესებას;

დ) ზრუნავს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სტუდენტთათვის სწავლის პირობების შესაქმნელად;

ე) თანამშრომლობს საქართველოს სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებთან;

ვ) ხელს უწყობს საერთაშორისო თანამშრომლობას და უცხოეთის შესაბამის საგანმანათლებლო დაწესებულებებთან სტუდენტთა და პროფესორთა ურთიერთგაცვლას;

ზ) დადგენილი წესით მონაწილეობს სახელმწიფო ან/და სხვა სახის პროგრამების განხორციელებაში;

თ) ემსახურება მეცნიერების განვითარებას სწავლის, სწავლებისა და პროფესიული განვითარების მეშვეობით თავისუფალ, დემოკრატიულ და სოციალურ სამართლებრივ გარემოში;

ი) ანიჭებს შესაბამის აკადემიურ ხარისხს (ხარისხებს) და კვალიფიკაციას;

კ) უზრუნველყოფს სხვა ისეთი პირობების შექმნას, რომლებიც ხელს შეუწყობს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას;

ლ) ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

მუხლი 3. უნივერსიტეტის სტატუსი და სახელმწიფო კონტროლი
უნივერსიტეტი დაფუძნებულია არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის სამართლებრივი ფორმით, რომლის საქმიანობაზე სახელმწიფო კონტროლს კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.

           

                                              თავი II. სტრუქტურა , მართვა  

მუხლი 4 . უნივერსიტეტის სტრუქტურა  
1. უნივერსიტეტი შედგება ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულებისაგან –ფაკულტეტებისაგან, ბიბლიოთეკისა და დამხმარე სტრუქტურული ერთეულებისაგან.

2. უნივერსიტეტის ძირითადი საგანმანათლებლო და დამხმარე სტრუქტურული ერთეულები განისაზღვრება უნივერსიტეტის სტრუქტურით. სტრუქტურული ერთეულების კომპეტენცია და საქმიანობის წესი რეგულირდება ამ წესდებით დადგენილი წესით და დამტკიცებული შესაბამისი დებულებებით.

3. უნივერსიტეტში საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებას უზრუნველყოფენ ფაკულტეტებზე არსებული სასწავლო დეპარტამენტები, მიმართულებები, სასწავლო ცენტრები.

 მუხლი 5. უნივერსიტეტის მართვა

1. უნივერსიტეტის მართვის ორგანოებია (მმართველი სუბიექტებია):

ა) აკადემიური საბჭო;

ბ) წარმომადგენლობითი საბჭო;

გ) რექტორი;

დ) ადმინისტრაციის ხელმძღვანელი (კანცლერი) ;

ე) ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური.

2. ფაკულტეტის მართვის ორგანოებია:

ა) ფაკულტეტის საბჭო;

ბ) დეკანი;

გ) ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური.

3. უნივერსიტეტის მართვის ორგანოების არჩევნებს უზრუნველყოფს უნივერსიტეტის საარჩევნო კომისია. საარჩევნო კომისია შედგება კომისიის თავმჯდომარის, კომისიის მდივნისა და კომისიის წევრებისაგან.

4. მართვის ორგანოების არჩევნები რეგულირდებაა უნივერსიტეტის შინაგანაწესით.

5. უნივერსიტეტის საარჩევნო კომისია დამოუკიდებელია თავისი საქმიანობისას და ემორჩილება მხოლოდ კანონს. უნივერსიტეტი უზრუნველყოფს საარჩევნო კომისიის საქმიანობის დამოუკიდებლობას.

6. მართვის ორგანოებში არჩეული წევრის უფლებამოსილების ვადა ავტომატურად გრძელდება ახლადარჩეული წევრის უფლებამოსილების ცნობამდე.

 მუხლი 6.  უნივერსიტეტის მართვის  პრინციპები  

1. უნივერსიტეტი უზრუნველყოფს:

 ა) უნივერსიტეტის გადაწყვეტილებების, რექტორისა და კანცლერის ანგარიშებისა და ადმინისტრაციული აქტების საჯაროობას;

 ბ) აკადემიური პერსონალისა და სტუდენტთა აკადემიურ თავისუფლებას;

 გ) აკადემიური პერსონალისა და სტუდენტთა მონაწილეობას გადაწყვეტილებების მიღებასა და მათი შესრულების კონტროლის პროცესში;

 დ) თანასწორ მოპყრობას განურჩევლად პირის ეთნიკური კუთვნილებისა, სქესისა, სოციალური წარმოშობისა, პოლიტიკური და რელიგიური შეხედულებებისა და სხვა;

 ე) უნივერსიტეტში არჩევნების სამართლიანობასა და გამჭვირვალობას, კონკურსების საჯაროობას.

 2. უნივერსიტეტის სტრუქტურული ერთეულების დებულებებით არ შეიძლება დადგინდეს ამ პრინციპების შემზღუდავი ნორმები.

 მუხლი 7.  უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო

1. უნივერსიტეტის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოა უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო, რომლის წევრებიც აირჩევიან ფაკულტეტების აკადემიური პერსონალის ყველა წევრისა და ფაკულტეტის საბჭოს წევრ სტუდენტთა თვითმმართველობის წარმომადგენლების მიერ უნივერსიტეტის მიერ დადგენილი წესით პირდაპირი, თავისუფალი და თანასწორი არჩევნების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით.

2. აკადემიური საბჭო აირჩევა 6 წლის ვადით.

3.უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოში თითოეულ ფაკულტეტს ჰყავს თანაბარი რაოდენობის 3 წარმომადგენელი.

4. აკადემიური საბჭოს წევრად აირჩევა სრული ან ასოცირებული პროფესორი. აკადემიური საბჭოს წევრად პირი შეიძლება არჩეულ იქნეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ.

5. აკადემიური საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საფუძვლებია:

ა) უნივერსიტეტთან მისი შესაბამისი აკადემიური ურთიერთობის შეწყვეტა;

ბ) სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ან შეზღუდულქმედუნარიანად აღიარება;

გ) კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი;

დ) სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში აკადემიური ან ადმინისტრაციული თანამდებობის დაკავება;

ე) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემთხვევა.

6. აკადემიური საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში აკადემიური საბჭოს წევრის არჩევა ხდება უფლებამოსილებაშეწყვეტილი წევრის დარჩენილი ვადით.

7. აკადემიური საბჭოს შემადგენლობის ერთი მესამედი განახლდება ძირითადი საგანმანათლებლო საფეხურის დადგენილი ხანგრძლივობის ნახევრის გასვლის შემდეგ. აკადემიური საბჭოს წევრთა ერთი მესამედის ვინაობა, რომლებმაც იმ ფაკულტეტების მიერ ჩატარებულ არჩევნებში, რომელთა წარმომადგენლებიც არიან, მიიღეს ხმების ნაკლები რაოდენობა, გამოცხადდება აკადემიური საბჭოს უფლებამოსილების ცნობისთანავე და მათი როტაცია განხორციელდება არჩევიდან ამ პუნქტით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ.

მუხლი 8. უნივერსიტეტის აკადემიური  საბჭოს  უფლებამოსილება

1. კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად, ამ წესდებით განსაზღვრული მიზნების განსახორციელდებლად, აკადემიური საბჭო:

ა) შეიმუშავებს და ამტკიცებს უნივერსიტეტის განვითარების სტრატეგიულ გეგმას;

ბ) ფაკულტეტების წარდგინებით ამტკიცებს საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით პროგრამებს;

გ) ხელს უწყობს უმაღლესი განათლების ევროპულ სივრცეში ინტეგრაციას, სასწავლო გეგმებისა და პროგრამების უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის თანამშრომლობის, მობილობისა და ინტეგრირებული სწავლების, სამეცნიერო კვლევების პროგრამების შექმნას;

დ) თავისუფალი და თანასწორი არჩევნების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს აკადემიური საბჭოს თავმჯდომარეს – რექტორს;

ე) მონაწილეობს უნივერსიტეტის წესდების, ეთიკის კოდექსის, სტრუქტურისა და სტრუქტურული ერთეულების დებულებების განხილვაში;

ვ) სასწავლო წლის დასაწყისში ამტკიცებს კოეფიციენტებს ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის, აგრეთვე, ფაკულტეტებზე მისაღებ სტუდენტთა რაოდენობას ფაკულტეტების საბჭოების წარდგინებით;

ზ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით ამტკიცებს სამაგისტრო გამოცდის კოეფიციენტებს სამაგისტრო გამოცდებისთვის, აგრეთვე, ფაკულტეტებზე მისაღებ სტუდენტთა რაოდენობას ფაკულტეტების საბჭოების წარდგინებით ;

თ)​ აწესებს მინიმალური კომპეტენციის ზღვარს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დამტკიცებული საერთაშორისო გამოცდების ჩამონათვალით გათვალისწინებულ გამოცდაში ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულების საბჭოების წარდგინებით ;

ი) ადგენს სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიღებული კრედიტების აღიარების წესს;

კ) ფაკულტეტების საბჭოების წარდგინებით ამტკიცებს სადისერტაციო საბჭოების დებულებებს;

ლ) ირჩევს უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელს;

მ) შეიმუშავებს და ამტკიცებს აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღების წესს და კონკურსის წესით შერჩევის კრიტერიუმებს;

ნ) განსაზღვრავს აკადემიური პერსონალის შრომის ანაზღაურების ოდენობასა და პირობებს და დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს;

ო) სიითი შემადგენლობის ორი მესამედით იღებს ამ წესდების 25-ე მუხლის მე-5 და მე-9 პუნქტებით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებას;

პ) ფაკულტეტის წარდგინების საფუძველზე გადაწყვეტილებას იღებს საპატიო დოქტორის წოდების მინიჭების შესახებ;

ჟ) ირჩევს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელს;

რ) ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარდგინებით ამტკიცებს სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის შეფასების წესს;

ს) ახორციელებს საერთაშორისო ნორმებითა და საქართველოს კანონმდებლობით მასზე მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებას.

2. აკადემიური საბჭო უფლებამოსილია, რექტორის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის, რექტორისათვის დაკისრებული მოვალეობების არასათანადოდ შესრულების ან/და რექტორისათვის შეუფერებელი საქმიანობის განხორციელების საფუძვლით, აკადემიური საბჭოს წევრების არანაკლებ 1/3-ის მოთხოვნით განიხილოს რექტორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი. გადაწყვეტილება რექტორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე მიიღება ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. რექტორი ამ პუნქტით გათვალისწინებულ კენჭისყრებში არ მონაწილეობს. ამ საკითხებზე მიღებული გადაწყვეტილებების გასაჩივრება არ იწვევს სადავო აქტის მოქმედების შეჩერებას.

3. აკადემიური საბჭო რექტორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში ნიშნავს რექტორის მოვალეობის შემსრულებელს.

4. აკადემიური საბჭოს სხდომა მოიწვევა რექტორის ინიციატივით ან აკადემიური საბჭოს წევრების არანაკლებ 1/3-ის მიერ.

5. რექტორს აკადემიური საბჭოს წევრობა უწყდება რექტორის უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში.

მუხლი 9. აკადემიური საბჭოს  სხდომების ჩატარების  წესი
1. ახლად არჩეული აკადემიური საბჭოს პირველ სხდომაზე არჩეულ წევრთა უფლებამოსილების დადასტურება ხდება იგივე მოთხოვნების დაცვით , რაც დადგენილია უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს წევრთა უფლებამოსილების ცნობისათვის.

2. აკადემიური საბჭოს მდივანი აირჩევა საბჭოს წევრთა შემადგენლობიდან, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, ღია კენჭისყრით.

3. აკადემიური საბჭოს წევრი სარგებლობს ერთი ხმის უფლებით. იგი ვალდებულია მონაწილეობდეს აკადემიური საბჭოს სხდომებზე. სხდომაზე დაუსწრებლობის მიზეზი ეცნობება სხდომის თავმჯდომარეს წერილობით. საბჭოს წევრები სხდომაზე ცხადდებიან სპეციალური მოწვევის გარეშე. აკადემიური საბჭოს მუშაობის პერიოდში წევრს უფლება აქვს დადგენილი წესით მონაწილეობა მიიღოს ყველა იმ საკითხის განხილვაში, რომელიც აკადემიური საბჭოს განხილვის საგანია, გამოთქვას თავისი აზრი, დასვას შეკითხვები, ისარგებლოს კანონმდებლობითი და ამ წესდებით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებით.

 4. სრული შემადგენლობის ხმათა უმრავლესობით აკადემიური საბჭო უფლებამოსილია, აკადემიური საბჭოს წევრთა მონაწილეობით შექმნას კონკრეტული საკითხების შემსწავლელი კომისიები, სამუშაო ჯგუფები. შესაძლებელია კომისიები და სამუშაო ჯგუფები შეიქმნას აკადემიური საბჭოს მიერ მოწვეული სპეციალისტების, ექსპერტების, საზოგადოებრიობის წარმომადგენლების, უნივერსიტეტის თანამშრომლების და სხვა დაინტერესებული პირების მონაწილეობით.

5. სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება აკადემიური საბჭოს წევრთა სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი. სხდომის გახსნისა და გადაწყვეტილებების მიღების წინ ხდება წევრთა რეგისტრაცია აკადემიური საბჭოს მდივანთან (რეგისტრაციის მონაცემები თან ერთვის სხდომის ოქმს და წარმოადგენს ოქმის განუყოფელ ნაწილს).

6. აკადემიური საბჭოს სხდომები შეიძლება იყოს დახურული.

7. აკადემიური საბჭოს მდივანი აკადემიური საბჭოს თავმჯდომარესთან შეთანხმებით, სხდომის ჩატარებამდე არანაკლებ სამი დღით ადრე (გარდა რიგგარეშე სხდომისა), ადგენს სხდომის დღის წესრიგს. დღის წესრიგს მიკუთვნებულ საკითხებთან ერთად მიეთითება მომხსენებელი პირი.

8. აკადემიური საბჭო უფლებამოსილია სხდომის მიმდინარეობის პროცედურულ საკითხებზე გადაწყვეტილებები მიიღოს ღია კენჭისყრით ან კენჭისყრის სხვა ფორმით, დამსწრეთა უმრავლესობით.

9. აკადემიური საბჭოს სხდომები ფორმდება ოქმით, რომლის რეგისტრაციის უწყვეტობას უზრუნველყოფს აკადემიური საბჭოს მდივანი. ოქმს თან ერთვის ყველა ის მასალა, რაც ამ სხდომის დღის წესრიგის მიხედვით განხილვის საგანს უკავშირდება. ოქმის ნამდვილობას ხელმოწერით ადასტურებენ სხდომის თავმჯდომარე და მდივანი. ოქმის ბოლო გვერდზე დაისმება უნივერსიტეტის ბეჭედი.

10. აკადემიური საბჭოს სხდომის ოქმი მოიცავს:

ა) სხდომის თარიღსა და ადგილს;

ბ) სხდომის წევრებისა და მოწვეულ პირთა სიას;

გ) გამოცხადებულ პირთა ვინაობას;

დ) დღის წესრიგს;

ე) მიღებულ გადაწყვეტილებებს.

 11. აკადემიური საბჭო უფლებამოსილია დადგენილების ფორმით მიიღოს გადაწყვეტილება ყველა იმ საკითხზე, რომელიც აკადემიური საბჭოს კომპეტენციას განეკუთვნება.

მუხლი 10.  უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭო  

1. უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოა უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭო, რომელიც აირჩევა უნივერსიტეტის ფაკულტეტებიდან წარმომადგენლობის საფუძველზე სტუდენტებისა და აკადემიურ პერსონალის მიერ ცალცალკე, ფაკულტეტებზე მათი რაოდენობის პროპორციულად. ფაკულტეტებს ეძლევათ უფლება საკუთარი კვოტის ფარგლებში აირჩიონ პირები, რომლებსაც თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტმა მიანიჭა კვალიფიკაცია, აგრეთვე დამოუკიდებელი სამეცნიერო კვლევითი ერთეულების და საზოგადოების წარმომადგენელი.

2. წარმომადგენლობითი საბჭოს არჩევა ხდება 6 წლის ვადით, საყოველთაო, პირდაპირი, თანასწორი არჩევნების საფუძველზე ფარული კენჭისყრით.

3. წარმომადგენლობითი საბჭოს შემადგენლობა განისაზღვრება აკადემიური საბჭოს შემადგენლობის არანაკლებ ორმაგი ოდენობით. წარმომადგენლობით საბჭოში სტუდენტები წარმოადგენენ არანაკლებ 1/3 -ს.

4. წარმომადგენლობით საბჭოში სტუდენტებს ირჩევს ფაკულტეტის სტუდენტების ამომრჩეველთა სიებში რეგისტრირებული ფაკულტეტის ყველა სტუდენტი, მათ შორის დოქტორანტი. აკადემიური პერსონალის წარმომადგენლებს ირჩევს ფაკულტეტის  აკადემიური პერსონალის ამომრჩეველთა სიებში რეგისტრირებული ფაკულტეტის ყველა პროფესორი, გარდა დოქტორანტისა.

5. წარმომადგენლობით საბჭოში შედის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის წარმომადგენელი.

6. წარმომადგენლობითი საბჭოს წევრის სტატუსის ვადამდე შეწყვეტის საფუძვლებისას გამოიყენება აკადემიური საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტისათვის განსაზღვრული საფუძვლები.

7. წარმომადგენლობითი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში წარმომადგენლობითი საბჭოს უფლებამოსილების დარჩენილი ვადით მისი წევრი ხდება კანდიდატი, რომელმაც შესაბამის არჩევნებში უფლებამოსილებაშეწყვეტილი წევრის შემდეგ ხმების უმეტესი რაოდენობა მოაგროვა. ასეთის არარსებობის შემთხვევაში არჩევნები ტარდება შესაბამისი წარმომადგენლის ასარჩევად იმავე ვადით.

მუხლი 11.  წარმომადგენლობითი საბჭოს უფლებამოსილება
1. წარმომადგენლობითი საბჭო კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად, ამ წესდებით განსაზღვრული მიზნების განსახორციელებლად:

ა) შეიმუშავებს უნივერსიტეტის წესდებას აკადემიური საბჭოს მონაწილეობით და დასამტკიცებლად წარუდგენს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს;

ბ) შეიმუშავებს და ამტკიცებს უნივერსიტეტის შინაგანაწესსა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ნორმებს;

გ) შეიმუშავებს და ამტკიცებს უნივერსიტეტის სტრუქტურას და სტრუქტურული ერთეულების დებულებებს, აკადემიური საბჭოს მონაწილეობით;

დ) შეიმუშავებს და ამტკიცებს უნივერსიტეტის ბიუჯეტის შედგენის წესს და ითანხმებს კანცლერის მიერ მომზადებულ მომდევნო წლის ბიუჯეტის პროექტს ;

ე) შეუძლია თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ქონების სამართავად შექმნას არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი _ თსსუ-ის განვითარების ფონდი, რომლის წესდებას ამტკიცებს რეგენტთა საბჭოს თანხმობით ;

ვ) ირჩევს წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერს;

ზ) ამტკიცებს რეგენტთა საბჭოს მიერ შერჩეულ კანცლერის კანდიდატურას.

თ) ამტკიცებს ბიუჟეტის მუხლობრივი განწერის 15%-მდე ცვლილებებს კანცლერის წარდგინებით რეგენტთა საბჭოს თანხმობის გარეშე ;

ი) კანცლერის წარდგინებით ამტკიცებს უნივერსიტეტის საშტატო განრიგს და სახელფასო ფონდს;

კ) ისმენს კანცლერის წლიურ ანგარიშს;

ლ) უფლებამოსილია რეგენტთა საბჭოსთან შეთანხმებით, კანცლერს ვადამდე შეუწყვიტოს უფლებამოსილება;

მ)  კანცლერის წარდგინებით ამტკიცებს დამხმარე პერსონალის სამსახურში მიღების წესს, შრომის ანაზღაურების ოდენობასა და პირობებს;

ნ) აკადემიური საბჭოს წარდგინებით, ამტკიცებს აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღების წესს, შრომის ანაზღაურების ოდენობასა და პირობებს ;

ო) შეიმუშავებს და ამტკიცებს უნივერსიტეტის ეთიკის კოდექსს;

პ) შეიმუშავებს და ამტკიცებს დებულებას სტიპენდიის შესახებ;

ჟ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

2. წარმომადგენლობითი საბჭო გადაწყვეტილებებს იღებს წარმომადგენლობითი საბჭოს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით.

    მუხლი 12.  უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი  საბჭოს სპიკერი  

1. წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომების ჩატარებას ორგანიზებას უწევს და თავმჯდომარეობს სპიკერი, რომელსაც ირჩევს წარმომადგენლობითი საბჭო თავისი რიგებიდან 6 წლის ვადით, უნივერსიტეტის მიერ დადგენილი წესით.

2. წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საფუძვლებია:

ა) პირადი განცხადება;

ბ) მის მიმართ სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა;

გ) სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ან შეზღუდულქმედუნარიანად აღიარება;

დ) უნივერსიტეტის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;

ე) უნივერსიტეტის აკადემიური თანამდებობიდან გათავისუფლება;

ვ) წარმომადგენლობითი საბჭოს წევრის სტატუსის შეწყვეტა;

ზ) არასაპატიო მიზეზით ზედიზედ სამი თვის განმავლობაში სპიკერის უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობა;

თ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემთხვევები.
მუხლი 13.  წარმომადგენლობითი საბჭოს მუშაობის წესი

1. ახლად არჩეული წარმომადგენლობითი საბჭოს პირველ სხდომას თავმჯდომარეობს სხდომის უხუცესი წევრი;

2. ახლადარჩეული წარმომადგენლობითი საბჭოს პირველ სხდომაზე უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე საბჭოს მოახსენებს არჩევნების შედეგებს და სხდომის თავმჯდომარეს გადასცემს საბჭოს წევრთა უფლებამოსილების დამადასტურებელ საჭირო დოკუმენტაციას (საარჩევნო ოქმები, მასალები არჩევნების შედეგების, მისი მოწყობის სისწორის, შემოსული საჩივრების, განცხადებებისა და საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის გამოვლენილი ფაქტების და სხვა საარჩევნო ინფორმაციის შესახებ).

3. სხდომის თავმჯდომარე სხდომის მონაწილეებს აცნობს სარჩევნო კომისიის მიერ წარმოდგენილ ინფორმაციას და დოკუმენტაციას.

4. წარმომადგენლობითი საბჭოს წევრთა უფლებამოსილების დადასტურების თაობაზე საბჭოს დადგენილებაში შეიტანება ყველა ის პირი, რომლის არჩევა კანონიერად ჩათვალა უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიამ და დადასტურებულად მიიჩნია სხდომის მონაწილეთა სრული შემადგენლობის უმრავლესობამ.

5. თუ იმ პირთა რაოდენობა, რომლის უფლებამოსილებაც წარმომადგენლობითმა საბჭომ დაადასტურა, სრული შემადგენლობის ნახევარზე ნაკლებია, მაშინ სხდომა წყდება. ახლადარჩეული წარმომადგენლობითი საბჭოს მომდევნო სხდომას იწვევს უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე წარმომადგენლობითი საბჭოს სრული შემადგენლობის სულ ცოტა ნახევარზე მეტის არჩევიდან 10 დღის ვადაში.

6. წარმომადგენლობითი საბჭო თავისი შემადგენლობიდან ხმათა უმრავლესობით, ღია კენჭისყრით ირჩევს წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერს. არჩეულად ჩაითვლება პირი, რომელსაც მხარს დაუჭერს საბჭოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი. იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტი ორზე მეტია და ვერც ერთმა ვერ დააგროვა ხმების საჭირო რაოდენობა, იმავე დღეს ორ საუკეთესო შედეგების მქონე პრეტენდენტს შორის გაიმართება განმეორებითი კენჭისყრა. თუ ამ შემთხვევაშიც ვერ გამოვლინდა გამარჯვებული, 5 დღის ვადაში იმართება წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომა და სპიკერის შერჩევის პროცედურა იმართება ხელახლა.

7. წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომები იმართება ორ თვეში ერთხელ. რიგგარეშე სხდომის მოწვევის ინიციატივის უფლება აქვთ წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერს, წარმომადგენლობითი საბჭოს წევრთა სრული შემადგენლობის არანაკლებ 1/3.

 8. წარმომადგენლობითი საბჭოს წევრი სარგებლობს ერთი ხმით. იგი ვალდებულია მონაწილეობდეს წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომებზე. სხდომაზე დაუსწრებლობის მიზეზი ეცნობება სხდომის თავმჯდომარეს წერილობით. საბჭოს წევრები სდომაზე ცხადდებიან სპეციალური მოწვევის გარეშე. წარმომადგენლობითი საბჭოს მუშაობის პერიოდში წევრს უფლება აქვს დადგენილი წესით მონაწილეობა მიიღოს ყველა იმ საკითხის განხილვაში, რომელიც წარმომადგენლობითი საბჭოს განხილვის საგანია, წამოაყენოს წინადადებები, შენიშვნები და შესწორებები განსახილველ საკითხზე. შესთავაზოს კანდიდატურები და გამოთქვას თავისი აზრი ასარჩევი, დასანიშნი ან წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ დასამტკიცებელი კანდიდატურების მიმართ, დასვას შეკითხვები, ისარგებლოს კანონმდებლობითი და ამ წესდებით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებით.

 9. სრული შემადგენლობის ხმათა უმრავლესობით წარმომადგენლობითი საბჭო უფლებამოსილია შექმნას კონკრეტული საკითხების შემსწავლელი კომისიები და/ან სამუშაო ჯგუფები, წარმომადგენლობითი საბჭოს წევრთა მონაწილეობით. შესაძლებელია კომისიები და სამუშაო ჯგუფები შეიქმნას წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ მოწვეული სპეციალისტების, ექსპერტების, საზოგადოებრიობის წარმომადგენლების, უნივერსიტეტის თანამშრომელთა და სხვა დაინტერესებულ პირთა მონაწილეობით.

10. წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომების მოწვევას ორგანიზაციულად უზრუნველყოფს წარმომადგენლობითი საბჭოს მდივანი, რომელიც აირჩევა საბჭოს წევრთა შემადგენლობიდან.

 11. სხდომა უფლებამოსილია , თუ მას ესწრება წარმომადგენლობითი საბჭოს წევრთა სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი. სხდომის გახსნისა და გადაწყვეტილებების მიღების წინ ხდება წევრთა რეგისტრაცია წარმომადგენლობითი საბჭოს მდივანთან. (რეგისტრაციის მონაცემები თან ერთვის სხდომის ოქმს და წარმოადგენს ოქმის განუყოფელ ნაწილს).

 12. წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომები შეიძლება იყოს დახურული;

 13. საკითხები, რომლებიც საიდუმლოების დაცვას საჭიროებენ, დამსწრეთა უმრავლესობით ცხადდება მთლიანად ან ნაწილობრივ დახურულად. დახურულ სხდომაზე დამსწრე პირთა წრეს განსაზღვრავს საბჭოს სპიკერი.

 14. სხდომის დროს წევრები, მოწვეული პირები ვალდებული არიან დაიცვან დადგენილი ეთიკის ნორმები და სხვა მოთხოვნები.

 15. სხდომაზე განსახილველი საკითხები დგინდება არანაკლებ სამი დღით ადრე (გარდა რიგგარეშე სხდომის დღის წესრიგისა) დღის წესრიგს მიკუთვნებულ საკითხებთან ერთად მიეთითება მომხსენებელი პირი.

 16. წარმომადგენლობითი საბჭო უფლებამოსილია სხდომის მიმდინარეობის პროცედურულ საკითხებზე გადაწყვეტილებები მიიღოს ღია კენჭისყრით დამსწრეთა უმრავლესობით.

 17. წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომები ფორმდება ოქმით, რომლის რეგისტრაციის უწყვეტობას უზრუნველყოფს წარმომადგენლობითი საბჭოს სამდივნო. ოქმს თან ერთვის ყველა ის მასალა, რაც ამ სხდომის დღის წესრიგის მიხედვით განხილვის საგანს უკავშირდება. ოქმის ნამდვილობას ხელმოწერით ადასტურებენ წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერი და საბჭოს მდივანი.

 18. წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომის ოქმი მოიცავს:

ა) სხდომის თარიღსა და ადგილს;

ბ) სხდომის წევრებისა და მოწვეულ პირთა სიას;

 გ) გამოცხადებულ პირთა ვინაობას;

 დ) დღის წესრიგს ;

 ე) მიღებულ გადაწყვეტილებებს.

19. წარმომადგენლობითი საბჭო უფლებამოსილია დადგენილების ფორმით მიიღოს გადაწყვეტილება ყველა იმ საკითხზე, რომელიც წარმომადგენლობითი საბჭოს კომპეტენციას განეკუთვნება.

მუხლი 14.  უნივერსიტეტის ხელმძღვანელი _ რექტორი
1. უნივერსიტეტის რექტორი არის უნივერსიტეტის უმაღლესი აკადემიური თანამდებობის პირი, აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე და წარმოადგენს უნივერსიტეტს ქვეყნის შიგნითა და გარეთ აკადემიურსა და სამეცნიერო სფეროებში. გარიგებებს და შეთანხმებებს, რომლებიც დაკავშირებულია ფინანსურ და ეკონომიკურ საკითხებთან, რექტორთან ერთად ხელს აწერს აგრეთვე კანცლერი.

2. რექტორს ირჩევს უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, 6 წლის ვადით. რექტორად შეიძლება არჩეულ იქნეს პირი რომელიც აკმაყოფილებს კანონმდებლობითა და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს მიერ დადგენილ მოთხოვნებს.

3. რექტორის თანამდებობაზე ერთი და იგივე პირი შეიძლება არჩეულ იქნეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ.

4. რექტორის არჩევნებამდე კანდიდატურის შერჩევისას აკადემიური საბჭო აფასებს თითოეული კანდიდატის მიერ წარმოდგენილ სამოქმედო გეგმას.

5. კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად, ამ წესდებით განსაზღვრული მიზნების მისაღწევად რექტორი უფლებამოსილია უნივერსიტეტის სახელით:

ა) დადოს გარიგებები, ხელშეკრულებები და შეთანხმებები;

ბ) ამ წესდებით დადგენილი წესით, სამსახურში მიიღოს და სამსახურიდან გაათავისუფლოს უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი;

გ) სამსახურში მიიღოს და გაათავისუფლოს ადმინისტრაციული, დამხმარე და ხელშეკრულების საფუძველზე მოწვეული პერსონალი, სტრუქტურული ერთეულების (კლინიკა, ცენტრი, ინსტიტუტი) ხელმძღვანელები, კანცლერის წარდგინებით;

დ) მოიწვიოს და უხელმძღვანელოს აკადემიურ საბჭოს;

ე) ისარგებლოს აკადემიური საბჭოს წევრისათვის დადგენილი უფლებამოსილებით;

ვ) განახორციელოს აკადემიური და შემოქმედებითი საქმიანობა;

ზ) განახორციელოს ამ წესდებითა და კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებები.

5. რექტორის უფლებამოსილება ვადამდე შეიძლება შეწყდეს ამ წესდების მე-7 მუხლის მე-5 პუნქტის ,,ბ“, ,,გ“, ,,დ“, ,,ე“ ქვეპუნქტებითა და მე-8 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გარემოებების არსებობისას.

6. კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების მოწესრიგების მიზნით, რექტორი გამოსცემს ინდივიდუალურ-სამართლებრივ აქტებს.

7. რექტორი უფლებამოსილია მის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების გადასაწყვეტად სათათბირო ორგანოს სახით შექმნას საკონსულტაციო საბჭოები და კომისიები, რომელთა საქმიანობა რეგულირდება რექტორის ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტით.

8. რექტორს ჰყავს მოადგილეები (მათ შორის, ერთი ვიცე-რექტორი), რომელთა რაოდენობა განისაზღვრება უნივერსიტეტის საშტატო განრიგით და მათი უფლებამოსილება რეგულირდება რექტორის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

    მუხლი 15.  უნივერსიტეტის  ადმინისტრაციის ხელმძღვანელი _ კანცლერი  

 1. უნივერსიტეტის  ადმინისტრაციის ხელმძღვანელი (შემდგომში „კანცლერი“) არის უნივერსიტეტის უმაღლესი ადმინისტრაციული მმართველი ფინანსური, მატერიალური და ადმინისტრაციული რესურსების სფეროში, რომელიც წარმოადგენს უნივერსიტეტს საფინანსო-ეკონომიკურ ურთიერთობებში.

 2. კანცლერს წარმომადგენლობითი საბჭო ამტკიცებს რეგენტთა საბჭოს წარდგინებით ფარული კენჭისყრით, კანონმდებლობით დადგენილი წესით. ერთი და იგივე პირი რეგენტთა საბჭომ წარმომადგენლობით საბჭოს შეიძლება წარუდგინოს მხოლოდ ორჯერ. ზედიზედ ორჯერ დაუმტკიცებლობის შემთხვევაში კანცლერს ნიშნავს რეგენტთა საბჭო .

 3. კანცლერის უფლებამოსილების ვადაა 6 წელი.

 4. ერთი და იგივე პირი კანცლერად შეიძლება აირჩეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ.

  მუხლი 16. კანცლერის უფლებამოსილება

1. კანონმდებლობითა და წესდებით დადგენილი წესით კანცლერი:

 ა) ხელმძღვანელობს უნივერსიტეტის ადმინისტრაციას;

 ბ) უფლებამოსილია უნივერსიტეტის სახელით, უნივერსიტეტის ბიუჯეტის შესაბამისად დადოს ფინანსური და ეკონომიკური გარიგებები;

 გ) ადგენს უნივერსიტეტის ადმინისტრაციის სტრუქტურას და დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს;

 დ) ადგენს დამხმარე პერსონალის სამსახურში მიღების წესს, შრომის ანაზღაურების ოდენობასა და პირობებს და დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს;

 ე) ამზადებს უნივერსიტეტის ბიუჯეტის პროექტს, რომელსაც ათანხმებს წარმომადგენლობით საბჭოსთან და დასამტკიცებლად წარუდგენს რეგენტთა საბჭოს ;

 ვ) ადგენს უნივერსიტეტის საშტატო განრიგს და სახელფასო ფონდს და დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს;

ზ) ამზადებს შესრულებული სამუშაოს ყოველწლიურ ანგარიშს და დასამტკიცებლად წარუდგენს რეგენტთა საბჭოს ;

თ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ -ადმინისტრაციულ აქტებს;

ი) ახორციელებს უნივერსიტეტის ფინანსური სახსრებისა და სხვა მატერიალური ქონების მართვას და პასუხისმგებელია მის სწორ გამოყენებაზე, პასუხისმგებელია უნივერსიტეტის ფინანსური და ეკონომიკური საქმიანობის კანონიერებასა და ეფექტიანობაზე;

კ) კოორდინაციას და ზედამხედველობას უწევს უნივერსიტეტის საფინანსო, ეკონომიკური და სამეურნეო მიმართულების სამსახურების მუშაობას;

ლ) წარმომადგენლობითი საბჭოს, აკადემიური საბჭოს ან რექტორის ცალკეული დავალებების შესაბამისად წარმოადგენს რეკომენდაციებს ან დასკვნებს უნივერსიტეტის მიერ განსახორციელებელი ცალკეული საფინანსო-ეკონომიკური ღონისძიების მიზანშეწონილობის თაობაზე;

მ) ხელს აწერს ყველა იმ გარიგებას და შეთანხმებას, რომლებიც დაკავშირებულია ფინანსურ და ეკონომიკურ საქმიანობასთან;

ნ) უზრუნველყოფს ადამიანური რესურსების მონაცემთა ბაზის შექმნას და განახლებას, ასევე, კვალიფიკაციის მიხედვით საკადრო რესურსის შექმნას და გადამზადებას. მოთხოვნისამებრ, რექტორს წარუდგენს წინადადებებსა და რეკომენდაციებს დასანიშნი პირის შესახებ;

ო) უფლებამოსილია განახორციელოს აკადემიური და შემოქმედებითი საქმიანობა;

პ) კომპეტენციის ფარგლებში, მონაწილეობას იღებს უნივერსიტეტის განვითარების სტრატეგიული გეგმის შემუშავებაში და მის განხორციელებაში;

ჟ) განახორციელოს ამ წესდებითა და კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებები.

 2. კანცლერი თავისი საქმიანობით ანგარიშვალდებულია რეგენტთა საბჭოსა და წარმომადგენლობითი საბჭოს წინაშე.

 3. გარდა ადმინისტრაციული თანამდებობის პირის ვადამდე გათავისუფლების ზოგადი საფუძვლებისა, კანცლერის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საფუძვლებია:

 ა) რეგენტთა საბჭოს განმეორებითი უარი წლიური ანგარიშისა და ბიუჯეტის დამტკიცებაზე;

 ბ) წარმომადგენლობითი საბჭოს წარდგინებით რეგენტთა საბჭოს მოტივირებული გადაწყვეტილება.

    მუხლი 17. უნივერსიტეტში ხარისხის  უზრუნველყოფა
1.სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობა, აგრეთვე, უნივერსიტეტის პერსონალის პროფესიული განვითარების ხარისხი ექვემდებარება სისტემატურ შეფასებას, რომელშიც მონაწილეობას იღებენ, აგრეთვე, უნივერსიტეტის სტუდენტები და რომლის შედეგები საჯარო და ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისათვის.

2.უნივერსიტეტის სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის, აგრეთვე, პერსონალის პროფესიული განვითარების ხარისხის სისტემატური შეფასების მიზნით იქმნება უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური.

3. უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელს ირჩევს უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო. უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელად შეიძლება არჩეულ იქნეს სრული პროფესორი. უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი აირჩევა 6 წლის ვადით;

 4. უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის უფლებამოსილება ვადამდე შეიძლება შეწყდეს უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტისათვის დადგენილი გარემოებების არსებობისას. უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტისათვის გადაწყვეტილებას იღებს აკადემიური საბჭო სრული შემადგენლობის უმრავლესობით.

 5. უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური მჭიდრო კავშირს ამყარებს და თანამშრომლობს საზღვარგარეთის ქვეყნებისა და მათი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების შესაბამის სამსახურებთან ხარისხის კონტროლის გამჭვირვალე კრიტერიუმებისა და მათი უზრუნველყოფის მეთოდოლოგიის ჩამოსაყალიბებლად.

6. უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური უზრუნველყოფს:

ა) შეფასების შიდა და გარე პროცედურებს, რომელთა მიზანია უნივერსიტეტში სწავლების ხარისხის გაუმჯობესება;

ბ) დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით უნივერსიტეტში სწავლების ხარისხის მაჩვენებელთა შესახებ მონაცემთა ბაზის შექმნასა და განახლებას;

გ) ფაკულტეტების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურებისათვის ხარისხის უზრუნველყოფასთან დაკავშირებული ნორმატიული მოთხოვნების, ასევე, მასში განხორციელებული ცვლილებების თაობაზე ინფორმაციის მიწოდებას;

დ) ფაკულტეტების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურებიდან ამ სფეროს მიკუთვნებულ საკითხებზე ინფორმაციის მიღებას შემდგომი დამუშავებისა და მონაცემთა ბაზაში მათი ასახვის მიზნით;

ე) სხვა საქმიანობას, რომელიც ხელს უწყობს სწავლების ხარისხის მაღალ დონეს სწავლის, სწავლებისა და შეფასების თანამედროვე მეთოდების (მოდულები, საკრედიტო სისტემა და ა.შ.) დანერგვის გზითა და აკრედიტაციის პროცესისათვის თვითშეფასების მომზადებას.

7. უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური თავისი საქმიანობით ანგარიშვალდებულია აკადემიური საბჭოს წინაშე.

   

თავი III. ფაკულტეტი _ ძირითადი საგანმანათლებლო ერთეული
    მუხლი 18. ფაკულტეტის სტრუქტურა და  მართვის  ორგანოები
1. ფაკულტეტი არის უნივერსიტეტის ძირითადი სასწავლო-სამეცნიერო და ადმინისტრაციული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს სტუდენტთა მომზადებას ერთ ან რამდენიმე სპეციალობაში და მათთვის შესაბამისი კვალიფიკაციის მინიჭებას.

2. ფაკულტეტის მართვის ორგანოებია: ფაკულტეტის საბჭო, დეკანი, ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური.

3. უნივერსიტეტის გადაწყვეტილებით ფაკულტეტზე სწავლა შეიძლება განხორციელდეს ინგლისურ ან/და სხვა უცხოურ ენაზე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან შეთანხმებით.

4. ფაკულტეტის დებულებით დადგენილი წესით, ფაკულტეტის შემადგენლობაში სტრუქტურული ერთეულის სახით შეიძლება შევიდეს სასწავლო და პროფესიული სასწავლო დეპარტამენტი/დეპარტამენტები, რომლებიც განახორციელებენ აკადემიური უმაღლესი განათლების და პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს, აგრეთვე, სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორია, ბიბლიოთეკა და დამხმარე სტრუქტურული ერთეულები.

5. ფაკულტეტის დებულებას აკადემიური საბჭოს წარდგინებით ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო.

  მუხლი 19.  ფაკულტეტის საბჭო

1. ფაკულტეტის წარმომადგენლობითი ორგანოა ფაკულტეტის საბჭო, რომლის შემადგენლობაში შედის ფაკულტეტის აკადემიური პერსონალის ყველა წევრი და სტუდენტთა თვითმმართველობის წარმომადგენლები, გარდა ამ წესდებით გათვალისწინებული გამონაკლისებისა.

2. თუ ფაკულტეტის აკადემიური პერსონალის საერთო რაოდენობა 50 წევრს აღემატება, ფაკულტეტის საბჭოში აირჩევა ფაკულტეტიდან წარმომადგენლობის საფუძველზე, ფაკულტეტის დეპარტამენტების (მიმართულებების) მიხედვით, დეპარტამენტების (მიმართულების) თითო წარმომადგენელი, შინაგანაწესით დადგენილი წესით.

3. აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების წარმომადგენლები ფაკულტეტის საბჭოში აირჩევა ცალ-ცალკე. სტუდენტური თვითმმართველობიდან ასარჩევ წარმომადგენელთა რაოდენობა ფაკულტეტის საბჭოში შეადგენს ფაკულტეტის საბჭოს შემადგენლობის ¼-ს.

4. ფაკულტეტის საბჭოს არჩევის წესი რეგულირდება უნივერსიტეტის შინაგანაწესით.  

    მუხლი 20. ფაკულტეტის საბჭოს  უფლებამოსილება
 ფაკულტეტის საბჭო:

 ა) უნივერსიტეტის კანცლერს წარუდგენს ფაკულტეტის ბიუჯეტის პროექტს;

 ბ) თავისუფალი და თანასწორი არჩევნების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს ფაკულტეტის დეკანს;

 გ) დეკანის წარდგინებით, შეიმუშავებს და უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს ფაკულტეტის განვითარების სტრატეგიულ გეგმას, საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით პროგრამებს; (12.01.2011 N 5/ნ)

 დ) დეკანის წარდგინებით შეიმუშავებს ფაკულტეტის სტრუქტურასა და დებულებას, განსახილველად წარუდგენს აკადემიურ საბჭოს, რომელსაც შემდგომ ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭოს;

 ე) შეიმუშავებს სადისერტაციო საბჭოს დებულებას და დასამტკიცებლად წარუდგენს აკადემიურ საბჭოს;

 ვ) ირჩევს ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელს;

ზ) უფლებამოსილია, დეკანის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის, დეკანისათვის დაკისრებული მოვალეობის არასათანადოდ შესრულების ან/და დეკანისათვის შეუფერებელი საქმიანობის განხორციელების საფუძვლით, ფაკულტეტის საბჭოს წევრების არანაკლებ1/3-ის მოთხოვნით, განიხილოს დეკანის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი. გადაწყვეტილება დეკანის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე მიიღება ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. დეკანი ამ პუნქტით გათვალისწინებულ კენჭისყრაში არ მონაწილეობს. ამ საკითხებზე მიღებული გადაწყვეტილებების გასაჩივრება არ იწვევს სადავო აქტის მოქმედების შეჩერებას;

 თ) დეკანის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში ნიშნავს დეკანის მოვალეობის შემსრულებელს;

 ზ) ახორციელებს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებას.

     მუხლი 21. ფაკულტეტის დეკანი

1. ფაკულტეტის საბჭო ფაკულტეტის დეკანს ირჩევს უნივერსიტეტის შინაგანაწესით დადგენილი წესით, ოთხი წლის ვადით. დეკანის თანამდებობაზე ერთი და იგივე პირი შეიძლება არჩეულ იქნეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ. დეკანის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატების რეგისტრაციის დაწყების შესახებ განცხადებას ფაკულტეტის საბჭო აქვეყნებს კანდიდატების რეგისტრაციის დაწყებამდე არანაკლებ 1 თვით ადრე. გამჭვირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპების დაცვით.

 2. ფაკულტეტის დეკანი:

ა) უზრუნველყოფს ფაკულტეტზე სასწავლო და სამეცნიერო საქმიანობის ეფექტიანად მიმდინარეობას;

ბ) ფაკულტეტის საბჭოს განსახილველად წარუდგენს ფაკულტეტის განვითარების სტრატეგიულ გეგმას, საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით პროგრამებს;

 გ) შეიმუშავებს და ფაკულტეტის საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს ფაკულტეტის სტრუქტურასა და დებულებას;

 დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, პასუხისმგებელია უნივერსიტეტის აკადემიური, წარმომადგენლობითი საბჭოებისა და ფაკულტეტის საბჭოს გადაწყვეტილებების შესრულებაზე;

 ე) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებს;

 ვ) თავმჯდომარეობს ფაკულტეტის საბჭოს სხდომებს;

 ზ) წესდების შესაბამისად პასუხისმგებელია ფაკულტეტის ბიუჯეტის მიზნობრივ გამოყენებაზე;

 თ) ახორციელებს ამ წესდებითა და საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებას.

4. დეკანის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტისათვის გამოიყენება აკადემიური საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტისათვის დადგენილი საფუძვლები.

5. დეკანის უფლებამოსილების ვადით, დეკანის გადაწყვეტილებით შეიძლება შეიქმნას დეკანის სათათბირო ორგანო – დეკანატი, რომელშიც თანამდებობრივად შედიან: დეკანი, დეკანის მოადგილე/მოადგილეები, ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური, ფაკულტეტის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები.

6. საჭიროების შემთხვევაში დეკანის კომპეტენციის განმარტების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო.

7. დეკანი, კომპეტენციის შესაბამისად, ინდივიდუალური საკითხების გადასაწყვეტად გამოსცემს ინდივიდუალურ აქტებს ბრძანებებს, რომლითაც რეგულირდება ფაკულტეტის ფარგლებში სასწავლო და სამეცნიერო საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა სამართლებრივი საკითხი.

    მუხლი 22. ფაკულტეტის ხარისხის  უზრუნველყოფის სამსახური  
1. ფაკულტეტზე სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის, აგრეთვე, აკადემიური პერსონალის პროფესიული განვითარების ხარისხის სისტემატური შეფასების მიზნით იქმნება ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური, რომელიც მოქმედებს ფაკულტეტის დებულების შესაბამისად.

2. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური უფლებამოსილია ითანამშრომლოს საზღვარგარეთის ქვეყნებთან და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების შესაბამის სამსახურებთან ხარისხის კონტროლის გამჭვირვალე კრიტერიუმებისა და მათი უზრუნველყოფის მეთოდოლოგიის ჩამოსაყალიბებლად.

3. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელს ირჩევს ფაკულტეტის საბჭო საგანმანათლებლო პროგრამის ხანგრძლივობის ვადით.

4. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წევრი შეიძლება იყოს ფაკულტეტის საბჭოს წევრი ასოცირებული ან სრული პროფესორი.  

5. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ძირითადი ამოცანაა ხელი შეუწყოს სწავლების ხარისხის მაღალი დონის უზრუნველყოფას სწავლის, სწავლებისა და შეფასების თანამედროვე მეთოდების (მოდულები, საკრედიტო სისტემა და ა.შ.) გამოყენების გზით და აკრედიტაციის პროცესისათვის თვითშეფასების მომზადებას.

6. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური თავისი საქმიანობით ანგარიშვალდებულია ფაკულტეტის საბჭოს წინაშე.

    მუხლი 23.  სადისერტაციო საბჭო  

 1. სადისერტაციო საბჭო არის დოქტორის აკადემიური ხარისხის მიმნიჭებელი ორგანო, რომელიც იქმნება ფაკულტეტზე.

2. ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭო შედგება დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე ფაკულტეტის ყველა სრული და ასოცირებული პროფესორისაგან.

 3. სადისერტაციო საბჭოების შედგენის, საბჭოს თავმჯდომარის არჩევის წესი და საქმიანობა განისაზღვრება შესაბამისი დებულებით, რომელსაც ფაკულტეტის საბჭოს წარდგინებით ამტკიცებს უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო.

4. სადისერტაციო საბჭოში დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე პირის მოწვევის წესი და პირობები დგინდება ფაკულტეტის შესაბამისი დებულებით.

       

თავი IV.  უნივერსიტეტის პერსონალი
    მუხლი 24.  უნივერსიტეტის პერსონალი

1. უნივერსიტეტის პერსონალია: აკადემიური, ადმინისტრაციული და დამხმარე პერსონალი.

2. უნივერსიტეტის პერსონალის სამსახურში მიღების და გათავისუფლების წესი რეგულირდება წინამდებარე წესდებით და მის საფუძველზე შემუშავებული სხვა შესაბამისი აქტებით.

 

    მუხლი 25.  უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი  

1. უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი შედგება პროფესორებისაგან. პროფესორების შემადგენლობას მიეკუთვნება: სრული პროფესორი, ასოცირებული პროფესორი და ასისტენტ-პროფესორი.

2. პროფესორის პედაგოგიური დატვირთვის ზღვრულ ოდენობას განსაზღვრავს უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო.

3. აკადემიური თანამდებობის დაკავება შეიძლება მხოლოდ ღია კონკურსის წესით, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს გამჭვირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპებს.

4. კონკურსის ჩატარების თარიღი და პირობები ქვეყნდება საბუთების მიღებამდე არანაკლებ ერთი თვით ადრე.

5. აკადემიური პერსონალის კონკურსის წესით შერჩევის კრიტერიუმებს  შეიმუშავებს და ამტკიცებს აკადემიური საბჭო

6. კონკურსში გამარჯვებულ აკადემიურ პერსონალთან რექტორი აფორმებს ინდივიდუალურ შრომით ხელშეკრულებებს, უმაღლესი განათლებისა და შრომის კანონმდებლობის მოთხოვნების გათვალისწინებით.

7. უნივერსიტეტის აკადემიურ თანამდებობაზე 65 წელს მიღწეული პირის არჩევის შესაძლებლობის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო სიითი შემადგენლობის ორი მესამედით. აკადემიურმა საბჭომ აღნიშნული გადაწყვეტილება შეიძლება მიიღოს უნივერსიტეტისათვის, ფაკულტეტისათვის ან ფაკულტეტის ცალკეული მიმართულებისათვის.

8. აკადემიური პერსონალის უფლებამოსილება ავტომატურად გრძელდება დადგენილი წესით ახლადარჩეული აკადემიური პერსონალის უფლებამოსილების ცნობამდე, თუ უფლებამოსილების შეწყვეტა არ მოხდა კანონით დადგენილი სხვა გარემოებების გამო.

9. უნივერსიტეტი უფლებამოსილია მეცნიერს ან საზოგადო მოღვაწეს განსაკუთრებული დამსახურებისათვის მიანიჭოს საპატიო დოქტორის ან ემერიტუსის წოდება. ამ წოდებების მინიჭების წესი და პირობები განისაზღვრება თსსუ-ის შინაგანაწესით.

10. ემერიტუსის წოდების მქონე პირს იმავდროულად არ შეიძლება თსსუ-ში ეკავოს აკადემიური თანამდებობა. მას უფლება აქვს მონაწილეობა მიიღოს უნივერსიტეტის საგანმანათლებლო და სამეცნიერო საქმიანობაში აკადემიური და ადმინისტრაციული თანამდებობის დაკავების გარეშე.

    მუხლი 26.  აკადემიური პერსონალის უფლებები
 1. აკადემიურ პერსონალს, კომპეტენციის შესაბამისად, უფლება აქვს:

 ა) მონაწილეობა მიიღოს უნივერსიტეტის მართვაში, მათ შორის მართვის ორგანოების არჩევნებში;

 ბ) დამოუკიდებალად განახორციელოს სწავლება, კვლევა და სამეცნიერო ნაშრომების გამოქვეყნება;

გ) საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში დამოუკიდებლად განსაზღვროს სასწავლო კურსის პროგრამების (სილაბუსების) შინაარსი, სწავლების მეთოდები და საშუალებები.

 2. აკადემიური პერსონალი ვალდებულია:

 ა) დაიცვას ეთიკის კოდექსი და დისციპლინური პასუხისმგებლობის ნორმები;

 ბ) შეასრულოს შრომითი ხელშეკრულებით ნაკისრი მოვალეობები;

 გ) კვალიფიკაციის ამაღლების შემდეგ წარმოადგინოს ანგარიში ჩატარებული სამუშაოების შესახებ;

დ) დაიცვას წინამდებარე წესდებითა და კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები;

ე) სამეცნიერო-შემოქმედებითი შვებულების დასრულების შემდეგ წარმოადგინოს ანგარიში ჩატარებული მუშაობის შესახებ;

 3. უნივერსიტეტი უზრუნველყოფს აკადემიური პერსონალის სწავლებისა და კვლევის თავისუფლებას და ქმნის მისი საქმიანობისათვის შესაბამის პირობებს.

 მუხლი 27. აკადემიური პერსონალის თანამდებობიდან  გათავისუფლება

 აკადემიური პერსონალის თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძვლებია:

 ა) პირადი განცხადება;

 ბ) ვადიანი შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლა;

 გ) ეთიკის კოდექსისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ნორმების უხეში ან სისტემატური დარღვევა;

დ) შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევა;

 ე) პენსიაზე გასვლა ან ემერიტუსის წოდების მინიჭება;

 ვ) კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა შემთხვევები.

მუხლი 28. ადმინისტრაციული თანამდებობები  სხვა პერსონალი  
1. უნივერსიტეტში ადმინისტრაციულ თანამდებობებს მიეკუთვნება: დაწესებულების ხელმძღვანელი (რექტორი), ადმინისტრაციის ხელმძღვანელი (კანცლერი), ფაკულტეტის ხელმძღვანელი (დეკანი), მათი მოადგილეები, უნივერსიტეტისა და ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსები.

2. უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ თანამდებობაზე არ შეიძლება არჩეულ ან დანიშნულ იქნეს 65 წელს მიღწეული პირი.

3. მასწავლებელთა პერსონალს მიეკუთვნება მასწავლებელი და უფროსი მასწავლებელი. მასწავლებელთა პერსონალთან შრომით ხელშეკრულებას აფორმებს რექტორი, კანცლერის წარდგინებით.

 4. მასწავლებელი უფლებამოსილია გაუძღვეს სასემინარო, პრაქტიკულ და ლაბორატორიულ სამუშაოებს აკადემიური თანამდებობების დაკავების გარეშე.

 5. დამხმარე პერსონალს მიეკუთვნება საშტატო ნუსხით გათვალისწინებული უნივერსიტეტის საქმიანობისათვის აუცილებელი სხვა პერსონალი. უნივერსიტეტი უფლებამოსილია დაადგინოს დამხმარე პერსონალის სამსახურში კონკურსით მიღების წესი, რომელსაც ამტკიცებს უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭო.

 6. უნივერსიტეტი უფლებამოსილია აკადემიური ან მასწავლებლის თანამდებობის დაკავების გარეშე მოიწვიოს შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტი სასწავლო ან/და სამეცნიერო-კვლევით პროცესში მონაწილეობის ან/და ამ პროცესის წარმართვის მიზნით. მოწვეულ სპეციალისტთან შრომით ხელშეკრულებას აფორმებს რექტორი, კანცლერის წარდგინებით.

მუხლი 29. ადმინისტრაციული თანამდებობიდან  გათავისუფლება
1. უნივერსიტეტის ადმინისტრაციული თანამდებობის პირის ვადამდე გათავისუფლების საფუძვლებია:

ა) პირადი განცხადება;

ბ) მის მიმართ გამოტანილი სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა;

გ) სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ან შეზღუდულქმედუნარიანად აღიარება;

დ) 65 წლის ასაკის მიღწევა;

ე) უნივერსიტეტის აკადემიური თანამდებობიდან გათავისუფლება თუ ამ აკადემიუ თანამდებობაზე ყოფნა შესაბამისი ადმინისტრაციული თანამდებობის დაკავების წინაპირობაა;

ვ) თსსუ-ის ეთიკის კოდექსით დადგენილი შემთხვევები;

ზ) თანამდებობრივი შეუთავსებლობა;

თ) შრომის ხელშეკრულების დარღვევა;

ი) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემთხვევები.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, არჩეული ადმინისტრაციული თანამდებობის პირი არ გათავისუფლდება დაკავებული თანამდებობიდან, თუ შესაბამისი კოლეგიური ორგანო, სიითი შემადგენლობის 2/3-ით, მიიღებს გადაწყვეტილებას უფლებამოსილების ვადის გაგრძელების თაობაზე.

მუხლი 30 . თანამდებობრივი შეუთავსებლობა

1. ადმინისტრაციული თანამდებობის პირს არ შეიძლება უნივერსიტეტში იმავდროულად ეკავოს სხვა ადმინისტრაციული თანამდებობა, ან იყოს უნივერსიტეტში დამოუკიდებელი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი.

2. თუ ადმინისტრაციული თანამდებობის დაკავების ან მართვის ორგანოს წევრობის წინაპირობაა აკადემიურ თანამდებობაზე ყოფნა, აკადემიურ თანამდებობაზე, ყოფნის ვადის გასვლა იწვევს შესაბამის ადმინისტრაციულ თანამდებობაზე ან მართვის ორგანოში უფლებამოსილების შეწყვეტას აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსის შედეგების დამტკიცებისთანავე, თუ პირი არ აირჩა შესაბამის აკადემიურ თანამდებობაზე.

 3. აკადემიური საბჭოს წევრს არ შეიძლება უნივერსიტეტში იმავდროულად ეკავოს ადმინისტრაციული თანამდებობა, გარდა რექტორისა, ან იყოს წარმომადგენლობითი საბჭოს წევრი.

 4. წარმომადგენლობითი საბჭოს შემადგენლობაში არ შეიძლება არჩეულ იქნენ ადმინისტრაციული და დამხმარე პერსონალის წარმომადგენლები.

 5. წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერს არ შეიძლება უნივერსიტეტში იმავდროულად ეკავოს ადმინისტრაციული თანამდებობა.

თავი V სტუდენტი
მუხლი 31.  უნივერსიტეტში განათლების  საფეხურები 
1. უნივერსიტეტი ახორციელებს აკადემიურ, პროფესიულ საგანმანათლებლო, დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების)/რეზიდენტურის და უწყვეტი პროფესიული განვითარების პროგრამებს. მედიცინისა და სტომატოლოგიის ფაკულტეტებზე განათლების მიღება ხდება ერთსაფეხურიანი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის საფუძველზე, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამის შესაბამისად. დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამის გავლის შედეგად მინიჭებული აკადემიური ხარისხი გათანაბრებულია მაგისტრის აკადემიურ ხარისხთან. დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის განათლების შემდგომი საფეხურია დიპლომისშემდგომი განათლება (პროფესიული მზადება)/რეზიდენტურა და დოქტორანტურა. ფარმაციის, ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტებზე უმაღლესი განათლების საფეხურებია ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა.  

 2. სწავლის ყოველი საფეხურის გავლის შემდეგ დადგენილი წესით გაიცემა სათანადო დიპლომი, დიპლომის დანართთან ერთად.
 
მუხლი 32.  სტუდენტის სტატუსი და უფლებები
1. პირს უნივერსიტეტის სტუდენტის სტატუსი ენიჭება უნივერსიტეტში ჩარიცხვის შესახებ რექტორის ბრძანების საფუძველზე და მოქმედებს უნივერსიტეტთან სამართლებრივი ურთიერთობის შეწყვეტამდე.

2. სტუდენტის სტატუსი სტუდენტს უფლებას აძლევს ისარგებლოს სტუდენტისათვის განსაზღვრული უფლებამოვალეობებით.

3. სტუდენტს უფლება აქვს:

ა) მიიღოს ხარისხიანი განათლება;

ბ) მონაწილეობა მიიღოს მეცნიერულ კვლევაში;

 გ) შინაგანაწესით დადგენილი წესით თანაბარ პირობებში ისარგებლოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბიბლიოთეკით მატერიალურ-ტექნიკური, საინფორმაციო და სხვა საშუალებებით;

დ) საყოველთაო, პირდაპირი და თანასწორი არჩევნების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით აირჩიოს წარმომადგენელი და არჩეულ იქნას სტუდენტური თვითმმართველობის, ფაკულტეტისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მართვის წარმომადგენლობით ორგანოებში;

ე) თავისუფლად დააფუძნოს ან/და გაერთიანდეს სტუდენტურ ორგანიზაციებში თავისი ინტერესების შესაბამისად;

ვ) თავისუფლად გამოხატოს საკუთარი აზრი და დასაბუთებული უარი თქვას იმ იდეათა გაზიარებაზე, რომელსაც სთავაზობენ სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას;

ზ) ისარგებლოს მობილობის უფლებით უმაღლესი განათლების შესაბამის საფეხურზე სწავლების ერთი წლის შემდეგ, სწავლების პერიოდში არ შედის ის დრო, რომლის განმავლობაშიც პირს შეჩერებული ჰქონდა სტუდენტის სტატუსი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დაწესებულება ლიკვიდირებული იქნა უფლებამონაცვლის განსაზღვრის გარეშე, დაწესებულებამ დაკარგა აკრედიტაცია, ან დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამა აღარ ხორციელდება;

თ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით, გადავიდეს სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამაზე და გადაიტანოს მისთვის გამოყოფილი სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის დაფინანსების წლიური მოცულობის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული პროცენტული მაჩვენებლის ფარგლებში მოპოვებული სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტი იმ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, რომელიც უმაღლესი განათლების შესახებ კანონით დადგენილი წესით გაერთიანებულია ერთიან სამაგისტრო საგამოცდო ქსელში.   სტუდენტს უფლება აქვს საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებისათვის, მათ შორის, პრიორიტეტული საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებისათვის გამოყოფილი სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის დაფინანსების წლიური მოცულობის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული პროცენტული მაჩვენებლის ფარგლებში მოპოვებული სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტი გადაიტანოს სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამაზე გადასვლისას, თუ სწავლას გააგრძელებს იმავე საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებაზე, ან პრიორიტეტულ საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებაზე იმ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, რომელიც ,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ კანონით დადგენილი წესით გაერთიანებულია ერთიან სამაგისტრო საგამოცდო ქსელში.  

ი) დადგენილი წესით მიიღოს სტიპენდია, ფინანსური ან მატერიალური დახმარება, სხვა სახის შეღავათები უნივერსიტეტის შესაბამისი სახსრებიდან;

კ) აირჩიოს საგანმანათლებლო პროგრამა;

ლ) მონაწილეობა მიიღოს ინდივიდუალური საგანმანათლებლო პროგრამის შემუშავებაში;

მ) პერიოდულად მოახდინოს აკადემიური პერსონალის მუშაობის შეფასება;

ნ) განახორციელოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული სხვა უფლებამოსილება.

4. უნივერსიტეტი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სტუდენტებისათვის აწესებს შეღავათებს მათი სრულფასოვანი განათლებისათვის აუცილებელი პირობების შესაქმნელად, რაც განისაზღვრება შესაბამისი ფაკულტეტის დებულებით.

5. სტუდენტის მიერ აკადემიური პერსონალის თანდასწრებით გამოთქმული პირადი ინფორმაცია, ასევე, ინფორმაცია საკუთარი შეხედულებების, რწმენისა და პოლიტიკური მრწამსის შესახებ, რომელიც ამ უკანასკნელისათვის ცნობილი გახდა სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას, აგრეთვე, ინფორმაცია სტუდენტის მიმართ დისციპლინური ღონისძიების გატარების შესახებ კონფიდენციალურია, გარდა იმ შემთხვევისა, თუ არსებობს სტუდენტის ნებართვა, ან ადმინისტრაციის კანონიერი ინტერესი დაიცვას სხვისი უსაფრთხოება და კანონით დაცული უფლებები. ინფორმაცია სტუდენტის აკადემიური მოსწრებისა და მის მიმართ დისციპლინური ღონისძიებების გატარების შესახებ უნდა ინახებოდეს განცალკევებულად. სტუდენტის შესახებ ინფორმაციის შენახვისას ადმინისტრაცია ვალდებულია იხელმძღვანელოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით;

6. უნივერსიტეტი ვალდებულია უზრუნველყოს სტუდენტის ცოდნის სამართლიანი შეფასება, რისთვისაც შეიმუშავებს სათანადო პროცედურებს.

7. სტუდენტის სტატუსის შეჩერების საფუძვლებია:

ა) აკადემიური შვებულება

ა.ა) პირადი განცხადების საფუძველზე, პატივსადები საფუძვლების

არსებობისას;

ა.ბ) ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო;

ბ) სწავლის საფასურის გადაუხდელობა;

გ) სტუდენტის მიერ სემესტრის განმავლობაში სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საათობრივი დატვირთვის 35%-ზე მეტის გაცდენა;

დ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემთხვევები.

8. სტუდენტის სტატუსის შეჩერების შემთხვევაში სტუდენტი თავისუფლდება უფლება-მოვალეობებისაგან, გარდა ამ წესდებით დადგენილი გამონაკლისებისა.

9. სწავლის საფასურის გადაუხდელობის შემთხვევაში, სტუდენტის სტატუსის შეჩერება სტუდენტს არ ათავისუფლების სწავლის საფასურის გადახდის ვალდებულებისაგან.

10. სტუდენტის სტატუსის შეჩერების შემთხვევაში სტუდენტი განიხილება აკრედიტაციით უნივერსიტეტისათვის დადგენილი ქვოტის ფარგლებში.

11. სტუდენტის სტატუსის შეჩერებიდან 5 წლის შემდეგ პირს უწყდება სტუდენტის სტატუსი.

12. სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის საფუძვლებია:

ა) პირადი განცხადება;

ბ) სტუდენტის სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლა;

გ) სტუდენტის მიერ თვითნებურად სწავლის მიტოვება;

დ) სტუდენტის გარიცხვა, დისციპლინური ქცევის მოთხოვნების უხეში ან სისტემატური დარღვევის (სისტემატურ დარღვევად ითვლება ზედიზედ ორი ან მეტი დარღვევა) ან/და ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობის/პირობების დარღვევისათვის, ან კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევაში.

13. უნივერსიტეტის ფაკულტეტიდან სხვა ფაკულტეტზე სტუდენტის გადაყვანა დაიშვება მხოლოდ უნივერსიტეტის შესაბამისი გადაწყვეტილების საფუძველზე. ასეთ შემთხვევაში უნივერსიტეტს უფლება აქვს ცვლილებები შეიტანოს სტუდენტთან გაფორმებულ ხელშეკრულებაში.

14. უნივერსიტეტის და სტუდენტის სამართლებრივი ურთიერთობები რეგულირდება შინაგანაწესით, ხელშეკრულებითა და სხვა ადმინისტრაციული გადაწყვეტილებებით.

15. უნივერსიტეტის შინაგანაწესით შეიძლება მოწესრიგდეს: სტუდენტთა ჩარიცხვის ან სხვა ფაკულტეტზე გადაყვანის, ქცევისა და სწავლის, სტატუსის შეჩერებისა და სტატუსის შეწყვეტის წესი და პირობები, აგრეთვე, სასწავლო პროცესთან დაკავშირებული სხვა საკითხები.

    მუხლი 33. სტუდენტის  ვალდებულებები

სტუდენტი ვალდებულია:

ა) უნივერსიტეტის მიერ დადგენილი პროგრამის მიხედვით ისწავლოს ყველა ის საგანი, რომელიც საკუთარი სურვილით აირჩია და რომლის სწავლება სავალდებულოა;

ბ) კეთილსინდისიერად შეასრულოს დაკისრებული მოვალეობები, შინაგანაწესი, ადმინისტრაციისა და უშუალო ხელმძღვანელის დავალებები;

გ) დაიცვას უსაფრთხოების ტექნიკის, სანიტარიის, შრომის ჰიგიენის, და ხანძარსაწინააღმდეგო მოთხოვნები, რომლებიც გათვალისწინებულია შესაბამისი წესებითა და ინსტრუქციებით.

დ) გაუფრთხილდეს დაწესებულების ქონებას, უზრუნველყოს მისთვის ჩაბარებული დოკუმენტაციის ჯეროვანი დაცვა;

ე) არ გაამჟღავნოს კონფიდენციალური ინფორმაცია, რომელიც მათთვის ცნობილი გახდა დაწესებულების საქმიანობის შედეგად;

ვ) მკაცრად დაიცვას უნივერსიტეტის შესაბამისი ფაკულტეტის დებულება;

 ზ) წერილობითი გაფრთხილებისა და შესაბამისი თანხმობის გარეშე (თვითნებურად) არ მიატოვოს სწავლა უნივერსიტეტში;

თ) მკაცრად დაიცვას კანონმდებლობით, ამ წესდებით, შინაგანაწესითა და მასთან გაფორმებული ხელშეკრულებით დადგენილი მოთხოვნები;

    მუხლი 34. სტუდენტის დისციპლინური  პასუხისმგებლობა

1.უნივერსიტეტის ეთიკის კოდექსის შესაბამისად, სტუდენტის მიმართ დისციპლინური წარმოება უნდა იყოს დისციპლინური გადაცდომის პროპორციული.

2. სტუდენტის მიმართ დისციპლინური წარმოების დაწყება არ უნდა ზღუდავდეს სტუდენტის უფლებას მონაწილეობა მიიღოს სასწავლო პროცესში, გარდა შემთხვევებისა, თუ ეს საფრთხეს უქმნის სხვისი უფლებების, ჯანმრთელობის, უნივერსიტეტის საკუთრებისა და უსაფრთხოების დაცვას. სტუდენტის მიმართ დისციპლინური წარმოების დაწყების საკითხს შეისწავლის უნივერსიტეტის ეთიკის კომისია და დასკვნას გადაწყვეტილების მისაღებად წარუდგენს ფაკულტეტის საბჭოს. სტუდენტს უფლება აქვს დაესწროს თავისი საქმის განხილვას.

3. დისციპლინური წარმოების განხორციელებისას სტუდენტს უფლება აქვს:

ა) წერილობითი ფორმით მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება მის მიმართ დისციპლინური წარმოების დაწყების შესახებ;

ბ) დაესწროს დისციპლინური წარმოების საკითხის განხილვას და ისარგებლოს დაცვის უფლებით;

გ) მიაწოდოს საბჭოს მის ხელთ არსებული ინფორმაცია და მტკიცებულებები;

დ) მონაწილეობა მიიღოს ფაკულტეტის საბჭოს მიერ მოპოვებული მტკიცებულებების გამოკვლევაში;

ე) მოითხოვოს მის მიმართ დისციპლინური წარმოების შესახებ საკითხის განხილვა საჯარო სხდომაზე.

4. დისციპლინის დარღვევისათვის ფაკულტეტის საბჭო უფლებამოსილია გამოიყენოს დისციპლინური პასუხისმგებლობის შემდეგი ღონისძიებები:

ა) შენიშვნა;

ბ) საყვედური;

გ) გარიცხვა.

5. სტუდენტს უფლება აქვს ფაკულტეტის საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება დისციპლინური ღონისძიებების დაკისრების თაობაზე გაასაჩივროს სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 1 თვის ვადაში.

მუხლი 35. სტუდენტთა თვითმმართველობა
1. უნივერსიტეტში ფარული კენჭისყრით, საყოველთაო, თანასწორი, პირდაპირი არჩევნების საფუძველზე იქმნება ფაკულტეტების მიხედვით არჩეული სტუდენტური თვითმმართველობა.

2. ფაკულტეტებზე არჩეული სტუდენტური თვითმმართველობების ერთობლიობა წარმოადგენს უნივერსიტეტის თვითმმართველობას, რომელიც შეიმუშავებს სტუდენტური თვითმმართველობის დებულებას.

3. სტუდენტური თვითმმართველობა თავისი დებულების შესაბამისად:

ა) უზრუნველყოფს სტუდენტთა მონაწილეობას უნივერსიტეტის მართვაში.

ბ) ხელს უწყობს სტუდენტთა უფლებების დაცვას;

გ) ირჩევს წარმომადგენლებს ფაკულტეტის საბჭოში;

დ) უფლებამოსილია შეიმუშავოს წინადადებები ფაკულტეტის ან უნივერსიტეტის მართვის სისტემისა და სწავლების ხარისხის გასაუმჯობესებლად, რომელთაც წარუდგენს ფაკულტეტის საბჭოს, წარმომადგენლობით საბჭოსა და აკადემიურ საბჭოს;

ე) განახორციელებს დებულებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს;

4. უნივერსიტეტის ადმინისტრაციას უფლება არა აქვს ჩაერიოს სტუდენტური თვითმმართველობის საქმიანობაში.

5. უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის საქმიანობა, მათ შორის თვითმმართველობის ფულადი სახსრების მართვა და განკარგვა ხორციელდება, უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის მიერ დამტკიცებული დებულების შესაბამისად.

თავი VI.  უნივერსიტეტის  სხვა  სტრუქტურული ერთეულები

მუხლი  36. სხვა სტრუქტურული ერთეულები

1. უწყვეტი სამედიცინო განათლების, პროფესიული რეაბილიტაციის, ექიმთა გადამზადების, კვალიფიკაციის ამაღლების, სუბსპეციალობის პროგრამების განხორციელების, უნარ-ჩვევების, ცალკეული მოდულების, აკადემიური პერსონალის გადამზადების, სამეცნიერო-კვლევითი და ინოვაციური პროექტების, სამკურნალო-პროფილაქტიკური და ვალეოლოგიური საშუალებების სტანდარტიზაციისა და სხვა სახის სასწავლო, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის და სამედიცინო საქმიანობის განხორციელებისათვის უნივერსიტეტში იქმნება შესაბამისი სტრუქტურული ერთეულები (ინსტიტუტი, ცენტრი), რომელთა დებულებას და საშტატო განრიგს კანცლერის წარდგინებით ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო.

2. უნივერსიტეტში საგამომცემლო საქმიანობის, სპორტის, ხელოვნების, უცხოური ენების და სხვა სახის კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებისათვის იქმნება შესაბამისი სტრუქტურული ერთეულები, რომელთა დებულებას და საშტატო განრიგს კანცლერის წარდგინებით ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო.

 3. ამ მუხლით განსაზღვრული უნივერსიტეტის სტუქტურული ერთეულები ანგარიშვალდებული არიან რექტორისა და კანცლერის წინაშე, მართვის ამ ორგანოთა კომპეტენციის გათვალისწინებით.

თავი VII.  საუნივერსიტეტო კლინიკები
მუხლი 37. კლინიკები  

1. სამედიცინო პრაქტიკული დისციპლინებისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების სწავლების, უწყვეტი პროფესიული განვითარების პროგრამების განხორციელებისას უნივერსიტეტის სტუდენტების, რეზიდენტების (საექიმო სპეციალობის მაძიებელების) კლინიკური ბაზით უსასყიდლოდ უზრუნველყოფის, აგრეთვე წესდებით განსაზღვრული სხვა მიზნების განხორციელებისათვის, უნივერსიტეტი უფლებამოსილია დააფუძნოს კერძო სამართლის (სამეწარმეო ან არასამეწარმეო) ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის იურიდიული პირი, მათ შორის სამედიცინო დაწესებულება (შემდგომში - ,,საუნივერსიტეტო კლინიკა“, ,,აკადემიური კლინიკა“).

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სუბიექტი შეიძლება დაფუძნდეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წინასწარი თანხმობით.

3. კლინიკის სტრუქტურა, მართვა, პასუხისმგებლობა და სხვა ორგანიზაციულ-სამართლებრივი საკითხები რეგულირდება კანონმდებლობით დადგენილი წესით დამტკიცებული დებულებით.

 მუხლი 38.  ლობისტთა საბჭო 
1. უნივერსიტეტის საერთაშორისო პროგრამებში მონაწილეობის, გრანტების მოპოვების, უნივერსიტეტის განვითარებისათვის დამატებითი სახსრების მოძიების და სხვა სტრატეგიული გეგმების განსაზღვრისათვის, აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით იქმნება სათათბირო ორგანო ლობისტთა საბჭო.

2. ლობისტთა საბჭოს შემადგენლობისა და მუშაობის რეგლამენტს განსაზღვრავს აკადემიური საბჭო, სრული შემადგენლობის ხმათა უმრავლესობით.

თავი VIII. უნივერსიტეტის ბიუჯეტი და ქონება

მუხლი 39.  უნივერსიტეტის ბიუჯეტი

1. უნივერსიტეტის საქმიანობის ფინანსური უზრუნველყოფა ხორციელდება საკუთარი შემოსავლების, მათ შორის მოძიებული და სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული სახსრების საფუძველზე.

2. კანცლერი  ფაკულტეტებთან და უნივერსიტეტის სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან ერთად შეიმუშავებს უნივერსიტეტის ბიუჯეტის პროექტს და განსახილველად წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს.

 3.წარმომადგენლობით საბჭოსთან შეთანხმებულ უნივერსიტეტის ბიუჯეტს კანცლერის წარდგინებით ამტკიცებს რეგენტთა საბჭო .

 4. რეგენტთა საბჭოს მიერ ბიუჯეტის განმეორებით დაუმტკიცებლობა იწვევს კანცლერის უფელბამოსილების შეწყვეტას და ბიუჯეტის დამტკიცება მოხდება ახალშერჩეული კანცლერის წარდგინებით.

 5. უნივერსიტეტის ბიუჯეტის პროექტი წარმომადგენლობით საბჭოს წარედგინება საბიუჯეტო წლის დასრულებამდე არა უგვიანეს 2 თვით ადრე. ბიუჯეტის დაუმტკიცებლობის შემთხვევაში, ბიუჯეტის დამტკიცებამდე მიმდინარე საქმიანობა ფინანსდება ყოველ თვეში არა უმეტეს წინა წლის ბიუჯეტის 1/12-ის ოდენობით.

  მუხლი  40. უნივერსიტეტის  დაფინანსება

1. უნივერსიტეტი თავის სტრუქტურულ ერთეულებით ახორციელებს კანონმდებლობით ნებადართულ ეკონომიკურ საქმიანობას.

 2. უნივერსიტეტის დაფინანსების წყაროებია:

 ა) სახელმწიფო სასაწავლო გრანტი _ სწავლის საფასური (სტუდენტი, მაგისტრანტი, რეზიდენტი) რომელიც იფარება სახელმწიფო ბიუჯეტიდან;

 ბ) კერძო სასწავლო გრანტის _ სწავლის საფასური (სტუდენტი, მაგისტრანტი, დოქტორანტი, რეზიდენტი, მაძიებელი,მოკლევადიანი გადამზადებები და სხვა) რომელიც იფარება მსმენელების მიერ , ასევე შემოწირულობი, ანდერძით მიღებული შემოსავლები;

გ) ტენდერში მონაწილეობისა და გამარჯვების შედეგად მოპოვებული პროგრამული დაფინანსება;

დ) სამეცნიერო-კვლევითი გრანტები _ კონკურსის საფუძველზე სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული პროგრამები.

ე) უმაღლესი საგანმანათლებლო-კვლევითი პროგრამების დაფინანსების მიზნით სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული სახსრები;

ვ) ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული შემოსავლები.

ზ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული საქმიანობიდან მიღებული შემოსავლები.

3. უნივერსიტეტის სტუდენტებისა და პერსონალის სოციალური დაცვის, ცალკეული ორგანიზაციულ სამართლებრივი ღონისძიებების განხორციელებისათვის და სხვა მიზნების შესაბამისად, უნივერსიტეტი უფლებამოსილია შექმნას ფონდები, განსაზღვროს მათი ფუნქციონირების სამართლებრივი საფუძვლები და პირობები, მის საქმიანობაზე კონტროლის განხორციელების წესი და სხვა მოთხოვნები.

მუხლი 41.  უნივერსიტეტის ქონება 
1. დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად, უნივერსიტეტს, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად , გააჩნია საკუთარი ქონება.

2. უნივერსიტეტის ქონება შედგება მისთვის სახელმწიფოს, იურიდიული და კერძო პირების მიერ გადაცემული, ასევე მის მიერ საკუთარი სახსრებით შეძენილი ქონებისაგან.

3. უნივერსიტეტი უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, განახორციელოს შემდეგი ქმედებები:

ა)  უნივერსიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი,  მოძრავი ქონების, არამატერიალური ქონებრივი სიკეთის ან მისი ნაწილის შეძენა, გასხვისება, იჯარით გაცემა ან/და უფლებრივად დატვირთვა;

ბ) სესხის აღება;

გ) თავდებობა .

4. უნივერსიტეტის უძრავი ქონების ან მისი ნაწილის გასხვისება, სანივთო უფლებით დატვირთვა, სესხის აღება და თავდებობა საჭიროებს რეგენტთა საბჭოს თანხმობას. ყველა სხვა დანარჩენ შემთხვევაში საჭიროა წარმომადგენლობითი საბჭოს თანხმობა.

თავი  IX. უნივერსიტეტის ბეჭდვითი ორგანო  

მუხლი 42.  უნივერსიტეტის ბეჭდვითი ორგანო  
1. უნივერსიტეტის ოფიციალური ბეჭდვითი ორგანოა „სამედიცინო გაზეთი “, რომელიც გამოდის უნივერსიტეტის სახსრებით, დადგენილი პერიოდულობითა და ტირაჟით.

2. უნივერსიტეტის ბეჭდვითი ორგანო ფუნქციონირებს უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ დამტკიცებული დებულების საფუძველზე.

თავი  X. რეორგანიზაცია ლიკვიდაცია  

მუხლი 43.  უნივერსიტეტის  რეორგანიზაცია  და ლიკვიდაცია
უნივერსიტეტის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის განსაზღვრული სპეციფიკის გათვალისწინებით.

თავი XI. გარდამავალი  დებულებები
მუხლი 44. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირად რეგისტრაციასთან  დაკავშირებული ღონისძიებები
1. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირად რეგისტრაციის შემდგომ განხორციელდეს რეორგანიზაციისათვის აუცილებელი ღონისძიებები:

ა) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის გერბი, კანონმდებლობით დადგენილი ფორმის მრგვალი ბეჭედი, შტამპი და იურიდიული პირისათვის დადგენილი სხვა ატრიბუტიკა შესაბამისობაში იქნ ეს მოყვანილი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის მონაცემებთან ;

ბ) არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირის – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის გერბის, კანონმდებლობით დადგენილი ფორმის მრგვალი ბეჭდის, შტამპის და იურიდიული პირისათვის დადგენილი სხვა ატრიბუტიკის შემოტანამდე, ძალაშია საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის გერბი, კანონმდებლობით დადგენილი ფორმის მრგვალი ბეჭედი, შტამპი და იურიდიული პირისათვის დადგენილი სხვა ატრიბუტიკა.  

 2. წინამდებარე წესდების ამოქმედების შემდეგ, შესაბამისობაში იქნ ეს მოყვანილი უნივერსიტეტის სტრუქტურა ამ წესდებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან.

3. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირის – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მართვის ორგანოების არჩევნებამდე უფლებამოსილება უგრძელდებათ სსიპ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოს, წარმომადგენლობით საბჭოს, რექტორს, კანცლერს, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელს, ბიბლიოთეკის ხელმძღვანელს, ყველა ფაკულტეტის დეკანსა და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურების ხელმძღვანელებს.      

4. უნივერსიტეტის რექტორია ზურაბ ვადაჭკორია, დაბადების თარიღი – 16.01.1958წ., პირადი ნომერი – 01030002192, არჩეული სსიპ – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2009 წლის 30 ივნისის №17 დადაგენილებით, რომელიც ახორციელებს წინამდებარე წესდებითა და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს.

5. უნივერსიტეტის კანცლერია ზურაბ ორჯონიკიძე, დაბადების თარიღი – 30.03.1957წ., პირადი ნომერი – 01019001314, დამტკიცდა თსსუ- ის ადმინისტრაციის ხელმძღვანელად სსიპ – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს №23/2 დადგენილებით, რომელიც ახორციელებს წინამდებარე წესდებითა და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს რეგენტთა საბჭოს მიერ წარმომადგენლობითი საბჭოსათვის დასამტკიცებლად ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წარდგენამდე.

თავი XII  დასკვნითი დებულებანი  

მუხლი 45. წესდების  მოქმედება დროში, ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი
1. წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება წესდების მიღებისათვის დადგენილი მოთხოვნების დაცვით.