კონსოლიდირებული

დამტკიცებულია თსსუ-ის აკადემიური საბჭოს 2010 წლის 17 სექტემბრის N #24/1 დადგენილებით 


საჯარო სამართლის იურიდიული პირის-თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს დადგენილება თსსუ-ის აკადემიური საბჭოს 2010 წლის 17 სექტემბრის N 24/1 დადგენილებით დამტკიცებული „თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის გამოცდებისა და უნარ-ჩვევების შეფასების ცენტრში გამოცდის ჩატარების წესი“ (კონსოლიდირებული ვერსია)


1. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის (შემდგომში - უნივერსიტეტი) გამოცდებისა და უნარ-ჩვევების შეფასების ცენტრში (შემდგომში – ცენტრი) ჩატარებული გამოცდების შესაბამის მოდულში სტუდენტის მიერ მიღწეული სწავლის შედეგი განისაზღვრება თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში სტუდენტის მიღწევების შეფასების წესის შესაბამისად. (06.11.2020, N24/7)
2. სტუდენტის მიერ მიღწეული სწავლის შედეგი სასწავლო კურსში/მოდულში ფასდება მისი შუალედური შეფასებებისა და დასკვნითი გამოცდის შეფასების დაჯამების საფუძველზე. (06.11.2020, N24/7)
3. სასწავლო კურსის/მოდულის მაქსიმალური შეფასება 100 ქულაა. (06.11.2020, N24/7)
4. შუალედური შეფასება წარმოადგენს სასწავლო კურსის/მოდულის სილაბუსით გათვალისწინებული ცოდნის შეფასების მეთოდების/ნაწილების მიხედვით მიღებულ ქულათა ჯამს და განისაზღვრება 60 ქულით. (06.11.2020, N24/7) (28.02.2022, N 24/10)
4. დასკვნითი გამოცდა ფასდება 40 ქულით. დასკვნითი გამოცდის შეფასება დადებითია სტუდენტის მიერ 20 და მეტი ქულის (გამოცდის მაქსიმალური შეფასების 50% და მეტი) მიღების შემთხვევაში.
6. დასკვნით გამოცდაზე გასვლის უფლება ეძლევა სტუდენტს, რომელსაც სტუდენტური შეფასებისა და დასკვნითი გამოცდის მინიმალური ქულის გათვალისწინებით შეიძლება დაუგროვდეს 51 ქულა. (06.11.2020, #N24/7; ამოქმედდეს 2021-2022 სასწავლო წლიდან).
61.შუალედური შეფასების ცალკეული მეთოდის/ნაწილის მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, ასეთის არსებობის შემთხვევაში, განისაზღვრება შესაბამისი სასწავლო კომპონენტის (სასწავლო კურსის/მოდულის) სილაბუსით და არ უნდა აღემატებოდეს შუალედური შეფასების ამ მეთოდის/ნაწილის 50%–ს (06.11.2020, 24/7, ამოქმედდეს 2021/2022 სასწავლო წლიდან); ( 28.02.2022, N 24/10);
62. სასწავლო კურსის/მოდულის შუალედური შეფასების ცალკეული მეთოდის/ნაწილის მინიმალური კომპეტენციის ზღვრის გადალახვა, ასეთის არსებობის შემთხვევაში, არის დასკვნით გამოცდაზე დაშვების წინაპირობა (06.11.2020, N24/7, ამოქმედდეს 2021/2022 სასწავლო წლიდან); ( 28.02.2022, N 24/10)
63. დასკვნითი შეფასების მეთოდის/ნაწილის მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, ასეთის არსებობის შემთხვევაში, განისაზღვრება შესაბამისი სასწავლო კომპონენტის  (სასწავლო კურსის/მოდულის/სხვ.) სილაბუსით და არ უნდა აღემატებოდეს დასკვნითი შეფასების ამ კომპონენტის 50%–ს (6.11.2020, N24/7, ამოქმედდეს 2021/2022 სასწავლო წლიდან;  ( 28.02.2022, N 24/10)
7. გამოცდაზე სტუდენტი დაიშვება მხოლოდ მის მიერ პირადობის მოწმობის, პასპორტის ან უნივერსიტეტის მიერ გაცემული სტუდენტის ვინაობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შემთხვევაში.
8.შეფასების სისტემა გულისხმობს:
ა) ხუთი სახის დადებით შეფასებას:
ა.ა) (A) ფრიადი - 91 ქულა და მეტი, ა.ბ) (B) ძალიან კარგი - 81-90 ქულა, ა.გ) (C) კარგი - 71-80 ქულა,
ა.დ) (D) დამაკმაყოფილებელი - 61-70 ქულა, ა.ე) (E) საკმარისი - 51-60  ქულა,
ბ) ორი სახის უარყოფით შეფასებას:
ბ.ა) (Fx) ვერ ჩააბარა - 41-50 ქულა, რაც ნიშნავს, რომ სტუდენტს ჩასაბარებლად მეტი მუშაობა სჭირდება და ეძლევა დამოუკიდებელი მუშაობით დამატებით გამოცდაზე ერთხელ გასვლის უფლება
ბ.ბ) (F) ჩაიჭრა - 40 ქულა და ნაკლები, რაც ნიშნავს, რომ სტუდენტის მიერ ჩატარებული სამუშაო არ არის საკმარისი და მას საგანი ახლიდან აქვს შესასწავლი.
9.დასკვნით გამოცდაზე 20 ქულაზე ნაკლები შეფასების მიღების შემთხვევაში გამოცდის შეფასება ფორმდება უწყისში V გრაფაში (საბოლოო გამოცდის ქულა). საბოლოო შეფასების ქულობრივი ჯამი უწყისში არ ფორმდება. საგამოცდო ქულა შუალედურ შეფასებათა ქულასთან არითმეტიკულად დაჯამდება მხოლოდ სტუდენტის მიერ მიღებული უარყოფითი შეფასების სახის (Fx/F) განსაზღვრისათვის და ამ უკანასკნელის ECTS-ის ეკვივალენტით უწყისში გაფორმებისათვის.
10. სტუდენტს დამატებით გამოცდაზე გასვლის უფლება აქვს იმავე სემესტრში. დასკვნით და შესაბამის საგანში დამატებით გამოცდას შორის შუალედი უნდა იყოს არა ნაკლებ 5 დღისა.
11. დამატებით გამოცდაზე გასვლის უფლება სტუდენტს ეძლევა:
ა) ძირითად სასესიო პერიოდში გამოცდაზე გაუსვლელობის შემთხვევაში, მიზეზის მიუხედავად,
ბ) ძირითად სასესიო პერიოდში შეფასების Fx მიღების შემთხვევაში.
12. ცენტრში გამოცდები ტარდება კომისიური წესით.
13. საგამოცდო კომისიების შემადგენლობას, ინტეგრირებული და დამამთავრებელი გამოცდების საგამოცდო კომისიებისთვის კი - ასევე, პასუხისმგებელი პროფესორის კანდიდატურას რექტორს დასამტკიცებლად წარუდგენს ცენტრის დირექტორი;
14. საგამოცდო კომისიის წევრი შეიძლება იყოს შესაბამისი მიმართულების პროფესორი, ასოცირებული პროფესორი, ასისტენტ-პროფესორი და ცენტრის წარმომადგენელი.
 15. საგამოცდო კომისია ვალდებულია სათანადოდ გაფორმებული საგამოცდო დოკუმენტაცია და ინფორმაცია გამოცდის მიმდინარეობისა და შედეგების შესახებ წარუდგინოს საგამოცდო ცენტრს.
16. გამოცდების ორგანიზებულად ჩატარების მიზნით ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარდგინების საფუძველზე რექტორის ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტით მტკიცდება დამკვირვებელთა შემადგენლობა. დამკვირვებელთა შორის უნდა იყოს ერთი სტუდენტი (თუ იგი არ არის გამოსაცდელი პირი), სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტის წარდგინებით.
17. დამკვირვებელი შეიძლება იყოს ადმინისტრაციის, დეკანატების და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარმომადგენლები, აკადემიური ან დამხმარე პერსონალი, თუ იგი არ არის შესაბამისი მიმართულების თანამშრომელი.
18. უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ პერსონალს გამოცდებზე დასწრების უფლება აქვს წარდგინების გარეშე.
19. დამკვირვებლის უფლება-მოვალეობები განისაზღვრება ცენტრის დირექტორის სამსახურებრივი დავალებებით.
20. ცენტრში საგამოცდო ნაშრომი პროგრამულ რეჟიმში შეფასდება (სწორდება) სტუდენტის თანდასწრებით. შეფასება დასტურდება სტუდენტის ხელმოწერით. გამოცდის დასრულებამდე სტუდენტის გამოუცხადებლობის შემთხვევაში მისი საგამოცდო ნაშრომის გასწორებაზე დასასწრებად ნაშრომი შეფასდება სტუდენტის თანდასწრების გარეშე.
21. კომისია ვალდებულია დასკვნითი გამოცდის შეფასება და დაჯამებული საბოლოო შეფასება სტუდენტს აცნობოს დაუყოვნებლად.
22. სტუდენტს მიღებული შეფასების საგამოცდო კომისიაში გასაჩივრების უფლება აქვს გამოცდის დღის შემდეგი სამუშაო დღის 11 საათამდე.
23. საგამოცდო კომისია ვალდებულია ყოველმხრივ შეისწავლოს და ობიექტურად განიხილოს საჩივარი და ცენტრს წარუდგინოს შესაბამისი დეტალიზებული წერილობითი დასკვნა (2 ეგზემპლარად) გამოცდის დასრულებიდან არაუგვიანეს 24 საათისა. კომისიის მიერ შეფასების შეცვლის შემთხვევაში აღნიშნული დასკვნის საფუძველზე ეს ცვლილება აისახება საგამოცდო უწყისებში და დასტურდება ცენტრის დირექტორის მიერ. კომისიის დასკვნა თან ერთვის უწყისის ორივე ეგზემპლარს.
24. დასკვნით გამოცდაზე სტუდენტის მიერ აკადემიური სიყალბის (სხვა სტუდენტის ნამუშევრიდან გადაწერა, იმპერსონიზაცია [სხვის მიერ გამოცდის ჩაბარება], დაფარული ან წინასწარ შეთანხმებული სიგნალების გამოყენება ურთიერთდასახმარებლად, ე.წ. შპარგალკების შეტანა, მათ შორის - ელექტრონული საშუალებებით, საგამოცდო საკითხების და ტესტების მოპარვა, პლაგიატი და სხვ.) ჩადენის მცდელობის ან სიყალბის დადგენის შემთხვევაში სტუდენტი იხსნება გამოცდიდან და უფორმდება საგამოცდო შეფასება “ნული”; აღნიშნულის შესახებ ფორმდება აქტი, რომელსაც ხელს აწერს გამოცდაზე დამსწრე პირები. სტუდენტის მიერ მიღწეული სწავლის შედეგი (საბოლოო შეფასება) დგინდება ამ წესის პ.პ. 2-9-ის შესაბამისად.
 25. საგამოცდო დოკუმენტაციის წარმოებაზე პასუხისმგებელია მიმართულების ხელმძღვანელი და ცენტრის დირექტორი; ინტეგრირებული გამოცდის და დამამთავრებელი გამოცდის შემთხვევაში საგამოცდო დოკუმენტაციის წარმოებაზე პასუხისმგებელია შესაბამისი ფაკულტეტის დეკანი/დეკანის მოადგილე, ცენტრის დირექტორი და პასუხისმგებელი პროფესორი.
26. საგნობრივი უწყისის სათანადოდ შევსებული და გაფორმებული ერთი ეგზემპლარი გამოცდის დამთავრებიდან არაუგვიანეს 24 საათისა ბარდება დეკანატს და ინახება კანონმდებლობით დადგენილი წესით; საგნობრივი გამოცდის უწყისის მეორე ეგზემპლარი ინახება დეპარტამენტში/მიმართულებაზე. სტუდენტთა მიერ შესაბამისი საგანმანათლებლო საფეხურის დასრულების და დიპლომის (მისი დანართითურთ) მიღების შემდგომ დეპარტამენტში/მიმართულებაზე და ცენტრში დაცული უწყისები უნდა განადგურდეს სათანადო აქტის გაფორმებით, კანონმდებლობით დადგენილი წესით.
27. ინტეგრირებული გამოცდის სათანადოდ შევსებული და გაფორმებული უწყისის ერთი ეგზემპლარი გამოცდის დასრულებიდან არაუგვიანეს 24 საათისა ცენტრის მიერ გადაეცემა შესაბამის დეკანატს და ინახება კანანომდებლობით დადგენილი წესით; მეორე ეგზემპლარი ინახება ცენტრში. სტუდენტის მიერ შესაბამისი საგანმანათლებლო საფეხურის დასრულების და დიპლომის (მისი დანართითურთ) მიღების შემდგომ ცენტრში დაცული უწყისები უნდა განადგურდეს სათანადო აქტის გაფორმებით, კანონმდებლობით დადგენილი წესით.
28. გამოცდის დასრულების შემდეგ საგამოცდო ნაშრომების შენახვაზე, სტუდენტთა მიერ შესაბამისი საგანმანათლებლო საფეხურის დასრულებამდე და დიპლომის (მისი დანართითურთ) მიღებამდე, პასუხისმგებელია მიმართულება. შემდგომ ნაშრომები შესაძლებელია განადგურდეს სათანადო აქტის გაფორმებით, კანონმდებლობით დადგენილი წესით.
29. ინტეგრირებული გამოცდის საგამოცდო ნაშრომის შენახვაზე საგამოცდო შეფასების გასაჩივრების ვადის დასრულებამდე პასუხისმგებელია ცენტრი; საგამოცდო შეფასების გასაჩივრების ვადის დასრულების შემდეგ ნაშრომები ცენტრის მიერ ბარდება შესაბამის დეკანატს. სტუდენტების მიერ შესაბამისი საგანმანათლებლო საფეხურის დასრულებამდე და დიპლომის (მისი დანართითურთ) მიღებამდე ნაშრომების შენახვაზე პასუხისმგებელია დეკანატი. შემდგომ ნაშრომები უნდა განადგურდეს სათანადო აქტის გაფორმებით, კანონმდებლობით დადგენილი წესით.
30. დამამთავრებელი გამოცდის საგამოცდო ნაშრომის შენახვაზე საგამოცდო შეფასების გასაჩივრების ვადის დასრულებამდე პასუხისმგებელია ცენტრი; საგამოცდო შეფასების გასაჩივრების ვადის დასრულების შემდეგ ნაშრომები გადაეცემა შესაბამის დეკანატს და სტუდენტის მიერ დიპლომის (მისი დანართითურთ) მიღების შემდგომ ინახება სტუდენტის/კურსდამთავრებულის პირად საქმეში და კანონით დადგენილი წესით გადაეცემა არქივს.
 31. სტუდენტის მიერ მიღწეული სწავლის შედეგი დეპარტამენტის მიერ დეკანატში უწყისის ჩაბარებიდან არაუგვიანეს 48 საათისა განთავსდება სტუდენტთა მონაცემების ელექტრონულ ბაზაში.
32. ცვლილებები და დამატებები თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის გამოცდებისა და უნარ-ჩვევების შეფასების ცენტრში გამოცდის ჩატარების წესში განხორციელდება კანონით გათვალისწინებული წესით აკადემიური საბჭოს დადგენილებით.

გარდამავალი დებულებანი
ამ წესის პ. 31 ძალაში შედის თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში სტუდენტთა მონაცემების ელექტრონული ბაზის სრულად ამოქმედების შემდეგ.


11.02.2013, #24/2;
20.02.2017, #24/4;
25.01.2018, #24/4;
6.11.2020, # 24/7;
28.02.2022, # 24/10.