დამტკიცებულია თსსუ-ის აკადემიური საბჭოს 2019 წლის 26 თებერვლის №24/4 დადგენილებით


საჯარო სამართლის იურიდიული პირის - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს დადგენილება თსსუ-ის აკადემიური საბჭოს 2012 წლის 7 მაისის №24/5 დადგენილებით დამტკიცებულ „დებულებაში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მაგისტრატურის შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე:


„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე:
მუხლი 1. თსსუ-ის აკადემიური საბჭოს 2012 წლის 7 მაისის №24/5 დადგენილებით დამტკიცებულ „დებულებაში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მაგისტრატურის შესახებ“ შეტანილ იქნეს ცვლილებები:

1. მე–3 მუხლის მე–17 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
17. მაგისტრანტის სტატუსის შეჩერებისა და აღდგენის პროცედურები რეგულირდება უნივერსიტეტის წესდებით.

2. მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
1. მაგისტრატურაში სწავლის ვადაა 2 წელი. მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამა მოიცავს 120 კრედიტს. სამაგისტრო პროგრამა ითვალისწინებს როგორც სასწავლო, ისე კვლევით კომპონენტს, რომელიც შეადგენს სამაგისტრო პროგრამის არანაკლებ 25%–ს.

3. მე–5 მუხლის მე–2, მე–7, მე–10 პუნქტები, მე–17 პუნქტის 17.1.3, 17.2.9 ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
2. სამაგისტრო ნაშრომის ხელმძღვანელი შეიძლება იყოს შესაბამისი პროფილის დოქტორი ან მაგისტრი, დარგში მუშაობის სულ მცირე 5 წლის გამოცდილებით, ხოლო თანახელმძღვანელი - მაგისტრი ან მაგისტრთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი (15.05.2017.  № 24/3).
2.1. სამაგისტრო ნაშრომის ხელმძღვანელის მოვალეობაა მაგისტრანტს გაუწიოს ხელმძღვანელობა სამაგისტრო ნაშრომზე მუშაობისას, თვალყური ადევნოს სამაგისტრო ნაშრომის შესრულების პროცესს, საჭიროების შემთხვევაში გაუწიოს კონსულტაციები, უზრუნველყოს მაგისტრანტის მიერ სამაგისტრო ნაშრომის მაღალ აკადემიურ დონეზე შესრულება და დასაცავად წარდგენა განსაზღვრულ ვადებში.
 
2.2. სამაგისტრო ნაშრომის ხელმძღვანელი პასუხისმგებელია სამაგისტრო ნაშრომის ხარისხზე, რაც გულისხმობს: ნაშრომის თეორიულ და პრაქტიკულ ღირებულებას, კვლევის დიზაინის და მეთოდოლოგიის ადეკვატურობას, კვლევის პირველადი მასალის ობიექტურობასა და სარწმუნობას, ნაშრომის სტრუქტურას, გაფორმების ხარისხს და ენობრივ გამართულობას, ნაშრომის ძირითადი შედეგების ორიგინალობას.

7. სამაგისტრო ნაშრომების დაცვის საკვალიფიკაციო კომისიის შემადგენლობაში შედიან ფაკულტეტის/სკოლის წარმომადგენლები, პროფილური სამაგისტრო პროგრამების ხელმძღვანელები, რეცენზენტები და შესაბამისი დარგის/სპეციალობის მეცნიერები. კომისიის წევრთა რაოდენობა განისაზღვრება სულ მცირე 5 წევრით. სამაგისტრო ნაშრომების დაცვის საკვალიფიკაციო კომისიის სხდომა უფლებამოსილია შეუდგეს მუშაობას, თუ მას ესწრება კომისიის წევთა არანაკლებ 2/3.
10. ნაშრომს უნდა დაერთოს მაგისტრანტის პუბლიკაციები (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და სამაგისტრო ნაშრომის ხელმძღვანელ(-ებ)ის შეფასება (15.05.2017. №24/3).
10.1. სამაგისტრო ნაშრომის წარდგენის შემდეგ ფაკულტეტის/სკოლის საბჭო გამოყოფს 2 რეცენზენტს. რეცენზენტი არ შეიძლება იყოს სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი და/ან სამეცნიერო კომპონენტის შესრულებაში ჩართული პირი.
10.2. რეცენზენტებმა წერილობითი დასკვნა უნდა წარმოადგინონ სამაგისტრო ნაშრომის სარეცენზიოდ მიღებიდან არაუგვიანეს ორი კვირის ვადაში. რეცენზენტის მიერ უნდა შეფასდეს ჩატარებული კვლევის თეორიული და პრაქტიკული ღირებულება, კვლევის დიზაინის და მეთოდოლოგიის ადეკვატურობა, კვლევის პირველადი მასალის ობიექტურობა და სარწმუნობა, სამაგისტრო ნაშრომის სტრუქტურა, გაფორმების ხარისხი და ენობრივი გამართულობა. დასკვნაში აღნიშნული უნდა იყოს, რამდენად აკმაყოფილებს წარმოდგენილი ნაშრომი მისდამი წაყენებულ მოთხოვნებს, დადასტურებული უნდა იყოს, რომ დეკლარირებული შედეგები არ წარმოადგენს ადრე დაცული რომელიმე ნაშრომის შედეგების გამეორებას და განისაზღვროს ნაშრომის საჯარო დაცვაზე დაშვების მიზანშეწონილება.
10.3. სამაგისტრო ნაშრომის საჯარო განხილვაზე დაშვება შესაძლებელია ერთი რეცენზენტის დადებითი დასკვნის შემთხვევაში.

17.1.3. სამაგისტრო ნაშრომის საჯარო დაცვის პროცედურა ითვალისწინებს:
სამაგისტრო ნაშრომის მოხსენებას (15-20 წთ),
დისკუსიას,
რეცენზენტების მიერ ნაშრომის შეფასებას
საბოლოო შეფასებას.

17.2.9. ორივე რეცენზენტის უარყოფითი დასკვნის ან საჯარო დაცვაზე სამაგისტრო ნაშრომის
51 ქულაზე ნაკლები შეფასების შემთხვევაში განმეორებითი დაცვა შესაძლებელია სამაგისტრო ნაშრომების მომდევნო დაცვაზე, შესაბამისი ფაკულტეტის/სკოლის საბჭოს თანხმობით.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს დამტკიცებისთანავე.