დამტკიცებულია თსსუ-ის წარმომადგენლობითი საბჭოს
2018 წლის 16 მაისის №23/7 დადგენილებით

სსიპ - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ქართული ენის ცენტრის
დ ე ბ უ ლ ე ბ ა

მუხლი 1.ზოგადი დებულებები

1. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის (შემდგომში “უნივერსიტეტი”) ქართული ენის ცენტრი (შემდგომში “ცენტრი”) წარმოადგენს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც შექმნილია ქართული ენის შესწავლის ხელშეწყობის მიზნით.
2. ცენტრი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კანონით “უმაღლესი განათლების შესახებ”, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, უნივერსიტეტის წესდების, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის დებულებისა და წინამდებარე დებულების შესაბამისად, რომელსაც ფაკულტეტის საბჭოს წარდგინებით ამტკიცებს უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭო.

მუხლი 2. ცენტრის მიზანი და საქმიანობა
1. ცენტრის საქმიანობის მიზანია:
ა) ქართული ენის სწავლება და სწავლების გაუმჯობესება როგორც ქართულენოვანი, ისე არაქართულენოვანი (უცხოენოვანი სექტორის) სტუდენტებისათვის, ასევე სახელმწიფო პროგრამის „ქართული, როგორც მეორე ენა“ სტუდენტებისათვის;
ბ) სასწავლო და სამეცნიერო საქმიანობისათვის ეფექტური ბაზის შექმნა.

2. ცენტრის მიზნიდან გამომდინარე, მისი საქმიანობის ძირითადი მიმართულებაა აკადემიური პროცესის მაღალ დონეზე წარმართვა შემდეგ დისციპლინებში:
ა) აკადემიური წერის საფუძვლები (ქართულენოვანი სექტორის სტუდენტთათვის);
ბ) ქართული ენა (საერთაშორისო სექტორის არაქართულენოვანი სტუდენტებისთვის (ინგლისურ და რუსულ სექტორებზე);
გ) ქართული ენა (სახელმწიფო პროგრამა „ქართული, როგორც მეორე ენა“);

3. სხვა საქმიანობა, რომელიც არ ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას, უნივერსიტეტის წესდებას, შინაგანაწესს და სხვა ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს.

მუხლი 3. ქართული ენის ცენტრის პერსონალი
1. ცენტრის პერსონალი წარმოდგენილია ცენტრის დირექტორითა და მოწვეული მასწავლებლებით;
3. ცენტრის მართვას ახორციელებს ცენტრის დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს უნივერსიტეტის რექტორი;
4. ცენტრის დირექტორი ანგარიშვალდებულია რექტორის, კანცლერის და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის საბჭოს წინაშე;
5. ცენტრის საშტატო რიცხოვნობა განისაზღვრება უნივერსიტეტის საშტატო განრიგით;
6. ცენტრის საქმიანობის ცალკეულ მიმართულებებს, რომელიც არ არის გათვალისწინებული უნივერსიტეტის საშტატო განრიგით, შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე, ახორციელებს მოწვეული მასწავლებელი;
7. ცენტრის თანამშრომლები (მასწავლებლები) ახორციელებენ ქართული ენის ცენტრის დებულებით და შესაბამისი შრომითი ხელშეკრულებით დაკისრებულ ფუნქციებს.

მუხლი 4. ცენტრის დირექტორი
1. ცენტრის დირექტორი მიეკუთვნება დამხმარე პერსონალს.
2. ცენტრის დირექტორი
ა) უზრუნველყოფს ცენტრში სასწავლო პროცესის შეუფერხებელ მიმდინარეობას;
ბ) ახორციელებს უნივერსიტეტის მიერ ცენტრის ფუნქციობისთვის გადაცემული ქონების მართვას და დაცვას;
გ) გეგმავს და ხელმძღვანელობს ცენტრის საორგანიზაციო საქმიანობას;
დ) მოთხოვნის შესაბამისად, ცენტრის საქმიანობასთან დაკავშირებულ დოკუმენტაციას წარადგენს უნივერსიტეტის ადმინისტრაციაში;
ე) უზრუნველყოფს სხვა ისეთი საქმიანობის განხორციელებას, რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირ ემსახურება ცენტრის მიზნებს;
ვ) „ქართული, როგორც მეორე ენა“ სახელმწიფო პროგრამის შესაბამისად გეგმავს და უზრუნველყოფს მსმენელთა სასწავლო პროცესს;
ზ) ხელს უწყობს ცენტრის თანამშრომელთა საქმიანობისა და პროფესიული დონის ამაღლებას;
თ) უნივერსიტეტის ადმინისტრაციაში წარადგენს ცენტრის მასწავლებელთა კანდიდატურებს მათთან შრომითი ხელშეკრულების გასაფორმებლად;
ი) წარმოადგენს ცენტრს მესამე პირებთან ურთიერთობაში;
კ) მოითხოვს საქმიანობის განხორციელებისათვის ყველა აუცილებელ ინფორმაციას უნივერსიტეტის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებიდან;
ლ) მონაწილეობს საუნივერსიტეტო ღონისძიებებში;
მ) წარადგენს წლიურ ანგარიშს ცენტრის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის საბჭოს წინაშე.
 
მუხლი 5. ცენტრის ქონება

1. ცენტრს, მასზე დაკისრებული მიზნების და საქმიანობის განსახორციელებლად, აქვს შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა;
2. ცენტრის ქონება წარმოადგენს უნივერსიტეტის საკუთრებას და ცენტრს იგი გადაცემული აქვს სარგებლობისა და მართვის უფლებით.

მუხლი 6. ცენტრის დაფინანსება ცენტრის საქმიანობის დაფინანსება ხორციელდება უნივერსიტეტის მიერ დადგენილი წესით.
მუხლი 7. ცენტრის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია
ცენტრის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება უნივერსიტეტის წესდებით და ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით დადგენილი წესით.