სსიპ -  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში შრომის უსაფრთხოების

პოლიტიკის დამტკიცების შესახებ


 „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის, სსიპ - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის წესდების მე-16 მუხლის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 76-ე მუხლის, საქართველოს ორგანული კანონის “შრომის უსაფრთხოების შესახებ“  საფუძველზე


ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში შრომის უსაფრთხოების წესების დაცვისა და სამუშაო სივრცეში შრომის უსაფრთხოების ნორმების დარღვევის თავიდან აცილების მიზნით დამტკიცდეს „შრომის უსაფრთხოების პოლიტიკა“ დანართის სახით;

2. შრომის უსაფრთხოების  პოლიტიკა ვრცელდება  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში დასაქმებულ პერსონალზე, სტუდენტებზე, პაციენტებზე, სასწავლო, კვლევით ან/და კლინიკურ პროცესში  ჩართულ პირებზე;

3. შრომის უსაფრთხოების პოლიტიკის განხორციელებაზე კონტროლი დაევალოს ინფრასტუქტურის დეპარტამენტის  შრომის უსაფრთხოების განყოფილების უფროსს;

4. წინამდებარე ბრძანებით დამტკიცებული დოკუმენტის თვალსაჩინო ადგილას განთავსება დაევალოს თსსუ-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს;

5. ბრძანება დაეგზავნოს: კანცლერს, ვიცე-რექტორებს, კანცლერის მოადგილეებს, რექტორის აპარატის უფროსს, კანცლერის აპარატის უფროსს,  ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს,  ყველა სტრუქტურულ ერთეულს;

6. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.


კანცლერი ალექსანდრე ბუაჩიძე 

დანართი  


შრომის უსაფრთხოების პოლიტიკა


1. ზოგადი დებულებანი

სსიპ - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი არის ავტონომიური უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, სადაც სწავლება, სამეცნიერო კვლევა და სამედიცინო საქმიანობა ერთმანეთისგან განუყოფელია.  

უნივერსიტეტის  ხელმძღვანელობა იღებს ვალდებულებას, შექმნას უსაფრთხო გარემო უნივერსიტეტის ყველა სტრუქტურაში დასაქმებული თანამშრომლებისთვის, რეზიდენტებისთვის, სტუდენტებისთვის, ვიზიტორებისთვის, ასევე, საუნივერსიტეტო კლინიკებში მყოფი პაციენტებისა და მათი თანმხლები პირებისთვის. 

შრომის უსაფრთხოების დაცვის პოლიტიკა  ეფუძნება საქართველოს ორგანულ კანონს „საქართველოს შრომის კოდექსს“, საქართველოს ორგანულ კანონს „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ და სხვა საკანონმდებლო აქტებს. 

უნივერსიტეტის უსაფრთხოების დაცვის პოლიტიკა უზრუნველყოფს სასწავლო, სამეცნიერო და სამედიცინო პერსონალის უსაფრთხო სამუშაო პროცესების მარეგულირებელი წესების შესაბამისად რეგლამენტირებას ფიზიოლოგიური, ფიზიკური და ქიმიური უსაფრთხოების გათვალისწინებით. პოლიტიკა, ასევე, მოიცავს პრევენციულ ღონისძიებებს, რომლებიც მიმართულია პროფესიული რისკების გათვალისწინებით  საფრთხეების თავიდან ასაცილებლად.

უნივერსიტეტის ადმინისტრაცია, აკადემიური პერსონალი და ყველა თანამშრომელი ვალდებულია,  მონაწილეობა მიიღოს  შრომის უსაფრთხოების დაცვის პოლიტიკის გატარებაში.


2. შრომის უსაფრთხოების დაცვის პოლიტიკა

ძირითადი პოსტულატები:

უსაფრთხო გარემო - ადამიანის უფლების უზრუნველყოფა,  შრომის,  კვლევის,  მკურნალობის და სასწავლო პროცესში მაქსიმალურად იყოს დაცული საფრთხისა და რისკის შემცველი პირობებისგან;  

უსაფრთხოება - უბედური შემთხვევების, ავარიებისა და კატასტროფების არასასურველი შედეგებისგან ადამიანის, გარემოს, ობიექტებისა და მატერიალური ფასეულობის დაცული მდგომარეობა; 

შრომის  უსაფრთხოება - დასაქმებულისა და სამუშაო სივრცეში მყოფი პირის სიცოცხლის, ჯანმრთელობის და ფუნქციური შესაძლებლობების სამუშაოს უარყოფითი ასპექტებისაგან დაცვის სისტემა, რომელიც ჯანსაღი და უსაფრთხო საქმიანობის პირობებს ქმნის და მოიცავს სამართლებრივ, სოციალურ-ეკონომიკურ, ორგანიზაციულ-ტექნიკურ, სანიტარიულ-ჰიგიენურ, სამკურნალო-პროფილაქტიკურ,  სარეაბილიტაციო და სხვა ღონისძიებებს;

სსიპ - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტისთვის ადამიანთა  ჯანმრთელობის და შრომის უსაფრთხოების დაცვა  ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტადაა მიჩნეული. უნივერსიტეტის მენეჯმენტი მუდმივად ზრუნავს, რათა შეინარჩუნოს უნივერსიტეტში დასაქმებულისთვის და მის ტერიტორიაზე მყოფ პირთათვის უსაფრთხო  გარემო, რომელიც გამოიხატება საგანმანათლებლო, კვლევით, კლინიკურ და საწარმოო  სივრცეში დამსაქმებლის მხრიდან დასაქმებულებზე და სამუშაო სივრცეში მყოფ სხვა პირებზე ზრუნვით, რაც გულისხმობს შრომის უსაფრთხოების სპეციალისტების კვალიფიკაციის ამაღლებას, უსაფრთხო სამუშაო პირობების უზრუნველსაყოფად საჭირო ღონისძიებების შემუშავებას,  დასაქმებულთა  კოლექტიური და პერსონალური დაცვის საშუალებებით უზრუნველყოფას.  

უნივერსიტეტის ადმინისტრაცია, აკადემიური,  სამედიცინო და ტექნიკური პერსონალი, სტუდენტები, რეზიდენტები, პაციენტები და მათი თანმხლები პირები  ვალდებულნი არიან:

შეასრულონ უნივერსიტეტში შრომის უსაფრთხოების დაცვის ყველა ინსტრუქცია, რომელიც მოწოდებულია გამაფრთხილებელი ნიშნების,  პოსტერების,  ფლაერების და ინსტრუქციების სახით;

არ შექმნან სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის სახიფათო პირობები, არ შეუქმნან საფრთხე საკუთარ თავს და მის გარშემო მყოფებს, იზრუნონ როგორც საკუთარ, ასევე სხვების უსაფრთხოებაზე; გაუფრთხილდნენ გარემოს და მატერიალურ რესურსებს;

გამოიყენონ კოლექტიური და, საჭიროებისამებრ, ინდივიდუალური დაცვის საშუალებები, მათი არქონის შემთხვევაში, მოახდინონ კომპეტენტური სამსახურის ხელმძღვანელის ან შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის ინფორმირება;

სამუშაო პროცესის დროს გააჩნდეთ შრომის უსაფრთხოების მარეგულირებელი წესებით დადგენილი საჭირო აღჭურვილობა და ფორმა, წინააღმდეგ შემთხვევაში, თავი შეიკავონ ამ პროცესში ჩართვისგან, თუ ის არ არის გამოწვეული გადაუდებელი აუცილებლობით და არ იწვევს  საკუთარი ან/და ნებისმიერი სხვა პირის ჯანმრთელობის  მდგომარეობის  გაუარესებას;

საგანგებო სიტუაციების დროს დაემორჩილონ უნივერსიტეტში არსებულ საგანგებო სიტუაციების დროს სამოქმედო  გეგმას;

არ გამოცხადდნენ უნივერსიტეტში და უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებში ალკოჰოლური, ან სხვა ნივთიერებებით გამოწვეული სიმთვრალის მდგომარეობაში და სამუშაოს შესრულებისას არ მოიხმარონ ასეთი მდგომარეობის გამომწვევი ნივთიერებები;

დაემორჩილონ სამუშაო სივრცეში თამბაქოს მოხმარების არსებულ წესებს.


3. დისციპლინური პოლიტიკა

ა. უსაფრთხო და ჯანსაღი სამუშაო გარემოს შენარჩუნებისთვის აუცილებელია, ორგანიზაციის თანამშრომლების მიერ შრომის უსაფრთხოების რეკომენდაციების დაცვა. უნივერსიტეტში მოქმედი დისციპლინური პოლიტიკა გამოყენებული იქნება შრომის უსაფრთხოების მოთხოვნების დარღვევის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში. დამრღვევი პირის მიმართ დარღვევის სიმძიმის გათვალისწინებით, მოქმედებს შესაბამისი დისციპლინური პასუხისმგებლობის ადეკვატური ზომები - სანქციები, რომელიც განსაზღვრულია უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ დამტკიცებული შინაგანაწესით (IV თავი. მუხლი 44). 

ბ. სამუშაო გარემოში მომხდარი უბედური შემთხვევის და/ან პროფესიული დაავადების დადგომისას, რომელიც, შესაძლოა, გამოწვეული იყოს  შრომის უსაფრთხოების წესების დარღვევით და რომელსაც შედეგად მოჰყვა დასაქმებულ(ებ)ის ან სხვა პირ(ებ)ის ჯანმრთელობის დაზიანება, შრომისუნარიანობის შეზღუდვა ან დაკარგვა, გარდაცვალება ან  უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარება, უბედური შემთხვევის მოკვლევის მიზნით, დამსაქმებლის ბრძანების საფუძველზე, მომხდარი უბედური შემთხვევიდან 24 საათში იქმნება უბედური შემთხვევის მოკვლევის კომისია. კომისია მოიკვლევს მომხდარ შემთხვევას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2018 წლის 12 სექტემბრის ბრძანება №01-11/ნ (დანართი №1.2)-ის შესაბამისად და მოკვლევის ოქმს წარუდგენს დამსაქმებელს. 

გ. შრომის უსაფრთხოების განყოფილება ვალდებულია,  უნივერსიტეტში დასაქმებული პერსონალის, სტუდენტთა, პაციენტთა, ვიზიტორთა და ყველა სხვა პირთა შრომისა და ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველსაყოფად მოახდინოს საფრთხეების იდენტიფიცირება, შეაფასოს რისკები  და კომპეტენციის ფარგლებში დასახოს პრევენციული ღონისძიებები; უნივერსიტეტის პერსონალს მუდმივად მიაწოდოს ინფორმაცია  შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკანომდებლო ცვლილებების შესახებ, მენეჯმენტთან შეთანხმებით დაგეგმოს ტრენინგების  ჩატარება და აწარმოოს შრომის უსაფრთხოების მუდმივი მონიტორინგი. 

დ.  შრომის უსაფრთხოების განყოფილება უფლებამოსილია, მუდმივად  გაუწიოს მეთვალყურეობა შრომისა და ჯანმრთელობის დაცვისთვის საჭირო პირობების შესრულებას; საგანგებო სიტუაციების წარმოქმნის შემთხვევაში, მოითხოვოს უნივერსიტეტის ყველა დასაქმებულთაგან  სათანადო რეკომენდაციების მიხედვით მოქმედება. 

ე. შრომის უსაფრთხოების განყოფილება ვალდებულია, აწარმოოს დასაქმებულებთან კონსულტაციები, დაიცვას დასაქმებულთა ინტერესები შრომის უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით.


4. მონიტორინგი და ანგარიშგება 

გამოვლენილი საფრთხეებისა და რისკების პროფილაქტიკური ღონისძიებების განხორციელების ეფექტურობის დადგენის მიზნით, უნივერსიტეტში წარმოებს შრომის უსაფრთხოების პერიოდული მონიტორინგი. შრომის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირი ვალდებულია ჩაატაროს შიდა ინსპექტირებები და შეამოწმოს, რამდენად სწორად მიმდინარეობს რისკების კონტროლის პროცესი, ასევე, აღნიშნული მონიტორინგი ხელს უნდა უწყობდეს ახალი საფრთხეების იდენტიფიცირებას; შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი აღნიშნულზე აწარმოებს ანგარიშგებას უნივერსიტეტის ხელმძღვანელობის წინაშე.  მონიტორინგის შედეგები  დამუშავდება და შემდგომი ნაბიჯების დაგეგმვა/განხორციელების მიზნით, მენეჯმენტთან ერთად, მომზადდება შესაბამისი გადაწყვეტილებები.

შრომის უსაფრთხოების სისტემების განვითარება უწყვეტი პროცესია, რომლის მიზანია ზედმიწევნით შესრულდეს კანონმდებლობის ის მოთხოვნები და რეგულაციები, რომლებიც განსაზღვრავს სახელმწიფო ორგანოების, დამსაქმებელთა, დასაქმებულთა, დასაქმებულთა წარმომადგენლებისა და სხვა პირთა უფლებებს და ვალდებულებებს, რომლებიც დაკავშირებულია უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნასთან. უნივერსიტეტი ზრუნავს მის სტრუქტურულ ერთეულში მყოფი ნებისმიერი პირის  კომფორტული, მშვიდი და უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად.