სიმპოზიუმი თემაზე „მიკროიმუნოთერაპია. იმუნური და აუტოიმუნური დარღვევების მკურნალობის ახალი შესაძლებლობები“

სიმპოზიუმი თემაზე „მიკროიმუნოთერაპია. იმუნური და აუტოიმუნური დარღვევების მკურნალობის ახალი შესაძლებლობები“

2019 წლის 30 ნოემბერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საბჭოების სხდომათა დარბაზში (თსსუ-ის ადმინისტრაციული კორპუსი, თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზ.33) გაიმართება სიმპოზიუმი თემაზე „მიკროიმუნოთერაპია. იმუნური და აუტოიმუნური დარღვევების მკურნალობის ახალი შესაძლებლობები“ 

თანამედროვე მედიცინაში კარგად არის ცნობილი ტერმინი იმუნოთერაპია, რაც იმუნური სისტემის აქტივაციის ან დათრგუნვის გზით მკურნალობას ნიშნავს. იმუნოთერაპია არის პრაქტიკული იმუნოლოგიის ნაწილი. აქ გამოიყენება ისეთი პრეპარატები, რომელიც მიზნობრივად იმუნურ სისტემაზე ზემოქმედებენ, ამიტომაც მათ იმუნოლოგიურ პრეპარატებს უწოდებენ. ესენია: ანტისხეულები, შრატები, მონოკლონური ანტისხეულები, მიკრობული წარმოშობის პრეპარატები, ციტოკინები და სხვა. იმუნოთერაპია, როგორც დამხმარე თერაპია გამოიყენება ინფექციური, ალერგიული, ონკოლოგიური დაავადებების დროს ანტიბიოტიკოთერაპიასთან და ქიმიოთერაპიასთან კომბინაციაში. იმუნოთერაპია ნაჩვენებია იმუნური სისტემის პირველადი დარღვევების დროს - იმუნოდეფიციტის, აუტოიმუნური დაავადებების დროს.

იმუნოთერაპიის შედარებით ახალ და ინოვაციურ მიმართულებას წარმოადგენს მიკროიმუნოთერაპია. დღეს მსოფლიოში მიკროიმუნოთერაპიული მიმართულების განვითარებით დაკავებულია მეცნიერთა და პროფესიონალთა დიდი გუნდი (მიკროიმუნოთერაპიის სამედიცინო საზოგადოება (Medizinische Gesellschaft für Mikroimmuntherapie (MegeMIT) ავსტრია; ესპანეთის მიკროიმუნოთერაპიის ასოციაცია (Asociación Española de Micro Inmunoterapia (AEMI); საფრანგეთის მიკროიმუნოთერაპიის ინსტიტუტი (Institut Francais De Micro-Immunotherapie). პრეპარატების მწარმოებელია GMP-ს სერტიფიკატის და 25 წელზე მეტი გამოცდილების მქონე ბელგიური კომპანია ლაბოლაიფი (LaboLife)), რომლის მთავარი მიზანია გააცნოს ექიმებს და მედიცინის სხვა მუშაკებს მიკროიმუნოთერაპიის სპეციფიური თავისებურებანი და უპირატესობანი, რათა მათ პაციენტებს შესთავაზონ თანამედროვე, ეფექტური და ხარისხიანი მედიკამენტები. 

ასე, რომ ძვირფასო კოლეგებო, სიმპოზიუმზე თქვენ გელით უაღრესად საინტერესო მოგზაურობა მიკროიმუნოთერაპიის სამყაროში.

სიმპოზიუმზე დასწრება თავისუფალია. 

მონაწილეთა რეგისტრაცია იწარმოებს 10-დან 11-საათამდე;

მოხსენებები დაიწყება 11:00 საათზე.

სიმპოზიუმში მონაწილეობას მიიღებენ: ოჯახის ექიმები, იმუნოლოგები, ალერგოლოგები, ონკოლოგები, ინფექციონისტები, პედიატრები, რევმატოლოგები, ნევროლოგები, პულმონოლოგები და სხვა.

სიმპოზიუმის ორგანიზატორებია: 

მიკროიმუნოთერაპიის საერთაშორისო სამედიცინო საზოგადოება (MegeMIT);

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი;

საქართველოს ბიოლოგიური მედიცინის ასოციაცია;

კომპანია „ნატუროპათი“.


იხილეთ პროგრამა