თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მონაწილეობა სამედიცინო განათლების საერთაშორისო ფორუმში

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მონაწილეობა სამედიცინო განათლების საერთაშორისო ფორუმში

მეცნიერების სხვა დარგებთან ერთად, თანამედროვე სამყაროში ძალიან სწრაფად ვითარდება სამედიცინო განათლების ახალი მეთოდოლოგიები. სწავლების პროცესებში ფართოდ ინერგება ისეთი მეთოდები, როგორიცაა ობიექტურად სტრუქტურირებული კლინიკური გამოცდა (OSCE), ელექტრონული სწავლების, შეფასებისა და პრეზენტაციის ტექნოლოგიები და სხვა ინოვაციური მეთოდები. სამედიცინო განათლებაში მიმდინარე პროცესები და სიახლეები ყოველწლიურად აქტიურად განიხილება ევროპის სამედიცინო განათლების ასოციაციის (AMEE) კონფერენციებზე, სადაც ხდება გამოცდილების გაზიარება, განსჯა და ანალიზი. AMEE მსოფლიო მნიშვნელობის ორგანიზაციაა, რომელშიც გაწევრიანებულია 90 ქვეყნის უმაღლესი სამედიცინო სასწავლებელი, მათ შორის თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი. AMEE–ს რეკომენდაციები და გაიდლაინები საფუძვლად უდევს უმაღლესი სამედიცინო სასწავლებლების სტრატეგიულ და სასწავლო გეგმებს, სწავლებისა და ცოდნის შეფასების მეთოდოლოგიებს... თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი აქტიურად მონაწილეობს სწავლებისა და შეფასების მეთოდების მოდერნიზაციის საერთაშორისო პროგრამებში, ფორუმებში, თემატურ სამუშაო ჯგუფებში და ჩართულია თანამედროვე აკადემიურ მედიცინაში მიმდინარე ყველა ინოვაციურ პროცესში. ევროპის სამედიცინო განათლების ასოციაციის (AMEE) საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელიც ა.წ. 25–30 აგვისტოს ჩატარდა ლიონში (საფრანგეთი), მონაწილეობას იღებდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დელეგაცია: უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია, რექტორის მოადგილე, პროფესორი რიმა ბერიაშვილი, სამედიცინო განათლების, კვლევებისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსი, პროფესორი გაიანე სიმონია და ოდონტოლოგიის დეპარტამენტის ენდოდონტიის მიმართულების ხელმძღვანელი, პროფესორი მარინა მამალაძე. 
აღსანიშნავია, რომ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი პირველია, სადაც ობიექტურად სტრუქტურირებული კლინიკური გამოცდა განხორციელდა სტომატოლოგიურ ფაკულტეტზე პროფესორ მარინა მამალაძის ხელმძღვანელობით. აქედან გამომდინარე, ლიონში ევროპის სამედიცინო განათლების ასოციაციის (AMEE) საერთაშორისო კონფერენციაზე, სამეტაპიანი კონკურსის შედეგედ პრეზენტაციისათვის შეირჩა პროფ. მარინე მამალაძის მოხსენება ”ობიექტურად სტრუქტურირებული კლინიკური გამოცდის (OSCE) დანერგვა სტომატოლოგთა განათლებაში: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის გამოცდილება„ (Introducing OSCE for Stomatology Education in Georgia: Experience of Tbilisi State Medical University). აღსანიშნავია ისიც, რომ პროფ. მარინა მამალაძემ წარმოადგინა ე.წ. ელექტრონული პოსტერი, რაც, თავის მხრივ, პრეზენტაციის უახლეს ფორმას წარმოადგენს და პირველად წელს იქნა გამოყენებული ევროპის სამედიცინო განათლების ასოციაციის ( AMEE) კონფერენციაზე. პრეზენტაციამ და მისმა ახალმა ფორმამ კონფერენციის მონაწილეთა დიდი ინტერესი გამოიწვია და ექსპერტების მიერ უაღრესად დადებითად შეფასდა.

საყურადღებოა ის ფაქტი, რომ კონფერენციას ესწრებოდა 3000–ზე მეტი დელეგატი ევროპის, ამერიკის, აზიისა და აფრიკის ქვეყნებიდან. კონფერენციაში მონაწილეობას იღებდნენ ევროპის აშშ–ის, ავსტრალიის, დიდი ბრიტანეთისა და კანადის სამედიცინო განათლების აღიარებული ექსპერტები. კონფერენციის მუშაობის დღეებში გაიხსნა დიდი გამოფენა, სადაც წარმოდგენილი იყო სამედიცინო სიმულატორების და პროგრამების მსოფლიოში ცნობილი მწარმოებლების ნიმუშები, აგრეთვე სამედიცინო სასწავლო და სამეცნიერო ლიტერატურის ცნობილი გამომცებლობების ახლად გამოქვეყნებული სახელმძღვანელოები, მონოგრაფიები და პერიოდული გამოცემები.

ვიზიტის დროს უნივერსიტეტის დელეგაციის წევრები შეხვდნენ AMEE-ს პრეზიდენტს, ქალბატონ მადალენა პატრიციოს, ასოციაციის გენერალურ მდივანს, ბატონ რონალდ ჰარდენს, ტემპუსის პროექტის „სამედიცინო განათლების მოდერნიზაცია ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლო ქვეყნებში” (MUMEENA) პარტნიორებს – ლიდსის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის დელეგაციას, სამედიცინო განათლების დეპარტამენტის ხელმძღვანელს, პროექტის კოორდინატორს, პროფესორ ტრუდი რობერტს, უტრეხტის (ნიდერლანდები) სამედიცინო ცენტრის კვლევებისა და განათლების ცენტრის დირექტორს, პროფესორ ოლე ტენ კატეს. კონფერენციის პარალელურად, გაიმართა MUMEENA–ს პროექტის პარტნიორთა სამუშაო შეხვედრა. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ დასრულდა პროექტის მოსამზადებელი ეტაპი და შემდგომი ორი წლის განმავლობაში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში განხორციელდება სამედიცინო განათლების მოდერნიზაცია, რაც გულისხმობს მნიშვნელოვან ინოვაციას სწავლებაში, სწავლასა და ცოდნის შეფასების მეთოდოლოგიაში.

   

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დელეგაცია ევროპის სამედიცინო განათლების ასოციაციის (AMEE) საერთაშორისო კონფერენციაზე – 2012 წლის აგვისტო. 

     

პროფესორ მარინა მამალაძის პრეზენტაციამ „ობიექტურად სტრუქტურირებული კლინიკური გამოცდის (OSCE) დანერგვა სტომატოლოგთა განათლებაში: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის გამოცდილება“ და პრეზენტაციის ახალმა ელექტრონულმა ფორმამ დიდი მოწონება დაიმსახურა.

     

შეხვედრა ტემპუსის პროექტის „სამედიცინო განათლების მოდერნიზაცია ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლო ქვეყნებში” (MUMEENA) პარტნიორებთან – ლიდსის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის სამედიცინო განათლების დეპარტამენტის ხელმძღვანელთან – პროფესორ ტრუდი რობერტსთან და უტრეხტის სამედიცინო ცენტრის კვლევებისა და განათლების ცენტრის დირექტორთან – პროფესორ ოლე ტენ კატესთან..

   

სამედიცინო სიმულატორების, სასწავლო თვალსაჩინოებათა და ახალი სასწავლო ტექნოლოგიების გამოფენაზე.