საზაფხულო სტაჟირება ერევნის საუნივერსიტეტო კლინიკებში (სომხეთი)

საზაფხულო სტაჟირება ერევნის საუნივერსიტეტო კლინიკებში (სომხეთი)

2012 წლის 18 ივლისიდან 6 აგვისტოს ჩათვლით, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინისა და სტომატოლოგიური ფაკულტეტის 18 სტუდენტმა, ბილატერალური აკადემიური გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, საზაფხულო სტაჟირება გაიარეს ერევნის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კლინიკებში ( სომხეთი).
სტუდენტები, სტაჟირების მიმდინარეობისას, სურვილისამებრ, განაწილებულნი იყვნენ შემდეგ დეპარტამენტებში: ქირურგია, თერაპია, რადიოლოგია, კარდიოლოგია, პედიატრია, ორთოდონტია, ქირურგიული და თერაპიული სტომატოლოგია და 3 კვირის განმავლობაში, კლინიკურ სწავლებასთან ერთად, მონაწილეობა მიიღეს სამედიცინო მანიპულაციებში ერევნის წამყვან საუნივერსიტეტო კლინიკებში: „მურაცანის“ საუნივერსიტეტო კლინიკა, საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი „ჰერაცი“ და #1 საუნივერსიტეტო სტომატოლოგიური კლინიკა.

პროგრამა მეორე წელია ხორციელდება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და სომხეთის განათლების სამინისტროს მხარდაჭერით სომხეთის მხარესთან გაფორმებული ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, რომლის მიზანია ორმხრივი ურთიერთობების განვითარებისა და კლინიკური გამოცდილების გაზიარების ხელშეწყობა ქართველ და სომეხ ახალგაზრდა მედიკოსებს შორის.

   

სასწავლო კურსის დასასრულს, სტუდენტებს საზეიმო ვითარებაში გადაეცათ სერტიფიკატები და შეხვედრა გაიმართა ერევნის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორთან, პროფესორ ერვანდ სააკიანთან, რომელმაც ხაზი გაუსვა პროგრამის მნიშვნელობას კავკასიის ორ წამყვან უნივერსიტეტს შორის და გამოთქვა მზადყოფნა მომავალი ურთიერთობების განვითარების შესახებ.

სტუდენტებმა, სოციალური პროგრამის ფარგლებში, მოინახულეს ეჩმიაძინის სამონასტრო კომპლექსი და სევანის ტბა, აგრეთვე მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა კულტურულ და გასართობ ღონისძიებებში.