ერზინჯანის უნივერსიტეტის (თურქეთი) კოლეგების ვიზიტი და ლექციები თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში

ერზინჯანის უნივერსიტეტის (თურქეთი) კოლეგების ვიზიტი და ლექციები თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში

2012 წლის 30 აპრილს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროექტის ფარგლებში, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია შეხვდა ერზინჯანის უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ ილიას კაპოღლუ.

     

შეხვედრას ესწრებოდნენ: ერზინჯანის უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი, პროფესორი ფეჰმი ჩელები, მედიცინის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი აბდულ კადირ ჩობანი, თსსუ–ის ვიცე–რექტორი, პროფესორი დავით ჭავჭანიძე, რექტორის მოადგილე, პროფესორი რიმა ბერიაშვილი, რექტორის მოადგილე გიორგი აბესაძე, მედიცინის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი თინათინ ჩიქოვანი, უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსი ია ავალიანი, უფროსის მოადგილე ირინა კაპეტივაძე. 

ერზინჯანის უნივერსიტეტის რექტორი გაეცნო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მუშაობის პრინციპებს, საგანმანათლებლო პროგრამებს. ასევე, თურქმა კოლეგამ მასპინძლებს დეტალურად გააცნო ინფორმაცია ერზინჯანის უნივერსიტეტის ფაკულტეტების, უმაღლესი პროფესიული სკოლებისა და საუნივერსიტეტო კლინიკების საქმიანობის შესახებ. გამოითქვა ორმხრივი სურვილი, რომ განხორციელდეს ერთობლივი პროექტები: სტუდენტებმა/რეზიდენტებმა და ახალგაზრდა სპეციალისტებმა მიიღონ მონაწილეობა გაცვლით პროგრამებში, პროფესორ-მასწავლებლები ჩაერთონ სამეცნიერო-კვლევით პროგრამებში, მოხდეს კლინიკური გამოცდილების ურთიერთგაზიარება.

შეხვედრის დასასრულს გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტსა და ერზინჯანის უნივერსიტეტს შორის.

ვიზიტის ფარგლებში თურქმა პროფესორებმა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის წაიკითხეს ლექციები თემებზე:

     

– „დიაბეტის დიაგნოსტიკა და მკურნალობა“ – პროფესორი ილიას კაპოღლუ – ერზინჯანის უნივერსიტეტის რექტორი;

– „მწვავე მუცელი“ – პროფესორი ფეჰმი ჩელები – ერზინჯანის უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი.

– „გლუკოზის როლი კვების შემდგომ მეტაბოლურ პროცესებში“ – პროფესორი აბდულ კადირ ჩობანი – ერზინჯანის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის დეკანი;

ვიზიტის დასასრულს სტუმრებმა მადლობა გადაუხადეს უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას გულთბილი დახვედრისთვის და ორივე მხარემ, მეგობრობის ნიშნად, ერთმანეთს გადასცეს სამახსოვრო საჩუქრები.