გრძელდება თანამშრომლობა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტსა, ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტოს (USAID) და ჯორჯ სნოუს ინსტიტუტს (JSI) შორის

გრძელდება თანამშრომლობა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტსა, ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტოს (USAID) და ჯორჯ სნოუს ინსტიტუტს (JSI) შორის

2012 წლის 19 აპრილს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს ეწვია ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტოს (USAID) კონტრაქტორი ჯორჯ სნოუს ინსტიტუტის (JSI) პროგრამა ,,შენარჩუნებ“–ის დირექტორი, ბატონი ფილიპ ლემეი, ჯორჯ სნოუს ინსტიტუტის (JSI) უფროსი ტექნიკური მრჩეველი, ქალბატონი ლაურელ კაპა, პროგრამის კოორდინატორი ბატონი ბენ სტეფჰენსი, ოჯახის დაგეგმვისა და რეპროდუქციული ჯანმრთელობის ტექნიკური მრჩეველი, ქალბატონი ლია უმიკაშვილი.

შეხვედრას ესწრებოდნენ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია, რექტორის მოადგილე, პროფესორი რიმა ბერიაშვილი, დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლებისა და უწყვეტი პროფესიული განვითარების ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი ზაზა ბოხუა, კლინიკური უნარ–ჩვევების ცენტრის ხელმძღვანელი, პროფესორი ირმა მანჯავიძე და ამავე ცენტრის მთავრი სპეციალისტი, ქალბატონი ხათუნა ლომაური. 

     

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ვადაჭკორიამ მადლობა გადაუხადა სტუმრებს გაწეული დახმარებისათვის, პარტნიორ ოსლოს უნივერსიტეტთან თანამშრომლობის მხარდაჭერისა და მეთოდური დახმარებისთვის (ტრენინგების ორგანიზებასა და სხვადასხვა სახის სასწავლო რესურსებით უზრუნველყოფისთვის). შეხვედრაზე განიხილეს სამომავლო ურთიერთთანამშრომლობის საკითხები: კლინიკური უნარ–ჩვევების ცენტრის მხარდაჭერა და მეთოდური დახმარება; ობიექტური სტრუქტურირებული კლინიკური გამოცდის ორგანიზებაში (OSCE) მხარდაჭერა; დისტანციური სწავლების დანერგვასა და ქსელის შექმნაში ტექნიკური დახმარება და ხელშეწყობა, ექიმების და რეზიდენტებისთვის უწყვეტი სამედიცინო განათლების უზრუნველყოფის მიზნით.

შეხვედრის დასასრულს, ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტოს (USAID) კონტრაქტორი ჯორჯ სნოუს ინსტიტუტის (JSI) პროგრამის წარმომადგენლებმა მადლობა გადაუხადეს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას თანამშრომლობისთვის და გამოხატეს სამომავლო თანადგომისა და დახმარების სურვილი.