პროფესორ მერაბ კილაძის წარმატება

პროფესორ მერაბ კილაძის წარმატება

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ქირურგიის N1 დეპარტამენტის თორაკოაბდომინური ქირურგიის მიმართულების ასოცირებულმა პროფესორმა მერაბ კილაძემ მონაწილეობა მიიღო ევროპის, ხმელთაშუა ზღვის და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების ქირურგ-ენდოსკოპისტთა ასოციაციის მეშვიდე საგაზაფხულო კონგრესის მუშაობაში, რომელიც 2012 წლის 26-28 მარტს ჩატარდა საუდის არაბეთის დედაქალაქში - ელ-რიადში.
კონგრესზე წამყვან ქირურგთა და ენდოსკოპისტთა მიერ წარმოდგენილი იყო აქტუალური, სამეცნიერო და პრაქტიკული ღირებულების მქონე ნაშრომები მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნიდან.

საამაყოა, რომ ქირურგთათვის ასეთ ავტორიტეტულ ფორუმზე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის წარმომადგენელმა - მერაბ კილაძემ უდიდესი წარმატება და აღიარება მოიპოვა: მისმა ნაშრომმა ”ლაპაროსკოპიული საშუალებების გამოყენება მწვავე აბდომინურ ქირურგიაში” პირველი ხარისხის პრემია დაიმსახურა ნომინაციაში ”ღირებული მოხსენებისთვის”. ეს ფაქტი აღინიშნა სახელობითი ჯილდოთი და ფულადი პრემიით 1500 ევროს ოდენობით.

   

ეს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის, ქართული ქირურგიული და ენდოსკოპიური სკოლის მორიგი გამარჯვებაა.

ვულოცავთ ბატონ მერაბ კილაძეს მისი პროფესიონალიზმის კიდევ ერთ საერთაშორისო აღიარებას!

 

სურათზე:

1.კონგრესის საპატიო პრეზიდენტთან პროფესორ ჯან-ლუიჯი მელოტისთან (იტალია) და კონგრესის თავმჯდომარესთან აბდულ ალ-ზაჰრანთან (საუდის არაბეთი) ერთად.