ტემპუსის პროექტი MUMEENA - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დელეგაციის სამუშაო ვიზიტი ნიდერლანდებში

ტემპუსის პროექტი MUMEENA - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დელეგაციის სამუშაო ვიზიტი ნიდერლანდებში

2012 წლის 19-24 მარტს შედგა, TEMPUS-ის პროექტ MUMEENA-ს ფარგლებში დაგეგმილი, შემთხვევაზე დაფუძნებული კლინიკური აზროვნების (CBCR) მეთოდოლოგიის შემსწავლელი ჯგუფის სამუშაო ვიზიტი უტრეხტის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრში (ნიდერლანდები).

ერთკვირიან ტრენინგებს ხელმძღვანელობდა აღნიშნული პროექტის მიმართულების კოორდინატორი, უტრეხტის უნივერსიტეტის სამედიცინო განათლების ცენტრის უფროსი, პროფესორი ოლე ტენ კატე. ტრენინგებს ესწრებოდა პროექტის ადმინისტრატორი, ლიდსის უნივერსიტეტის (დიდი ბრიტანეთი) პროფესორი ანა-მარია რიდი. 

სამუშაო ჯგუფის შემადგენლობაში შედიოდნენ: თსსუ–ის სრული პროფესორი გაიანე სიმონია (პროექტის ლოკალური კოორდინატორი), ასოცირებული პროფესორები – პლატონ მაჭავარიანი, მაია ოკუჯავა, ნათელა ოკუჯავა, ირინე ანდრონიკაშვილი, ზვიად კირტავა და ასისტენტ-პროფესორი დავით თოფურია.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის თანამშრომლების მიერ წარმოდგენილი იყო პრეზენტაციები კურიკულუმის, სასწავლო და სამეცნერო მუშაობის მეთოდიკის, საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ. ტრენინგის მსვლელობისას, სამუშაო ჯგუფის წევრები გაეცნენ CBCR მეთოდოლოგიას და შეიმუშავეს კლინიკური შემთხვევები წინასწარ შერჩეული თემატიკის მიხედვით. თსსუ-ს თანამშრომლების მიერ შედგენილმა კლინიკურმა შემთხვევებმა დადებითი შეფასება დაიმსახურა. პროფესორმა ოლე ტენ კატემ ჯგუფის წევრებს შესთავაზა ერთობლივი სახელმძღვანელოს შექმნა და გამოქვეყნება კლინიკური შემთხვევების და კლინიკური აზროვნების ჩამოყალიბების მეთოდოლოგიის საკითხებზე.

     

პროფესორ გაიანე სიმონიას და ჯგუფის სხვა წევრების მიერ უცხოელ პარტნიორებს მიეწოდათ ინფორმაცია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ახალი ინიციატივის - უცხოელი პროფესორების თსსუ-ში მოწვევის თაობაზე. 

 

ასისტენტ–პროფესორი დავით თოფურია შეხვდა უტრეხტის უნივერსიტეტის ანატომიის დეპარტამენტის ხელმძღვანელს, პროფესორ რონალდ ბლეის, რომელსაც ესაუბრა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საინტერესო ინციატივის შესახებ, ხოლო ასოცირებული პროფესორი ზვიად კირტავა შეხვდა სოციალურ მეცნიერებათა პროფესორს დევიდ ინგლების და მიაწოდა ინფორმაცია თსსუ-ში უტრეხტის უნივერსიტეტის ლექტორთა მოწვევის შესახებ.