არქიმანდრიტ ადამს მიენიჭა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება

არქიმანდრიტ ადამს მიენიჭა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება

2012 წლის 23 მარტს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში რექტორის, პროფესორ ზურაბ ვადაჭკორიას თავმჯდომარეობით ჩატარდა აკადემიური საბჭოს სხდომა.
სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული ხუთი საკითხის შემდეგ, თსსუ –ის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ბიძინა ზურაშვილმა აკადემიური საბჭოს წევრების წინაშე წარადგინა მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, არქიმანდრიტი ადამი.(ვახტანგ ახალაძე).

პროფესორი ბიძინა ზურაშვილი:“თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში კარგი ტრადიცია არსებობს, რომ იმ ადამიანებს, ვისაც განსაკუთრებული ღვაწლი მიუძღვის ჩვენი უნივერსიტეტის წინაშე, ვანიჭებთ საპატიო დოქტორის წოდებას. არქიმანდრიტმა ადამმა სწორედ აქ მიიღო პირველი სამედიცინო განათლება. შემდგომ გახდა მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, საპატრიარქოს ჯანდაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი. არის ბიოეთიკის ეროვნული საბჭოს, საქართველოს საკოორდინაციო საბჭოს (CCM) და რეპროდუქციული ჯანმრთელობის ეროვნული საბჭოს წევრი.2003 წლიდან, წლების განმავლობაში იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფილური სადისერტაციო საბჭოს წევრი“.

აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია:“მამა ადამი, როგორც ჩვენი უნივერსიტეტის კურსდამთავრებული, მონაწილეობას ღებულობს ჩვენი ახალგაზრდობის სულიერი აღზრდის საქმეში და ყოველთვის გვერდით უდგას მშობლიურ უნივერსიტეტს.ყოველივე ზემოაღნიშნულის გამო, გვაქვს პატივი წარვადგინოთ იგი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორად“.

ოფიციალური წარდგინების შემდგომ, აკადემიური საბჭოს წევრებმა არქიმანდრიტი ადამი ერთხმად აირჩიეს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორად.

საბჭოს მიმართა არქიმანდრიტმა ადამმა და ბრძანა:“მაღალმა ღმერთმა დალოცოს თითოეული თქვენთაგანი, მეცნიერების, განათლების, მამულიშვილობისა და ჰუმანიზმის ამ დიადი კერის –თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ყველა პროფესორ–მასწავლებელი და სტუდენტი. მსურს განსაკუთრებული და გულწრფელი მადლობა გითხრათ თქვენ – აკადემიური საბჭოს თითოეულ წევრს და, უპირველეს ყოვლისა, აკადემიური საბჭოს თავმჯდომარეს, უნივერსიტეტის რექტორს, ბატონ ზურაბ ვადაჭკორიას.საპატიო დოქტორობა ოდენ პატივი და ბედნიერება როდია. იგი უდიდესი მოვალეობაა და პასუხისმგებლობა. ამიტომაც მინდა განვაცხადო ამ უმნიშვნელოვანეს ჟამს:მარად და ყველგან, ყველა ჭირსა და ლხინში ვიქნები შენთან, ჩემო მშობლიურო უნივერსიტეტო!“.