თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ ზურაბ ვადაჭკორიას ტერნოპოლის (უკრაინა) სახელმწიფო სამედიცინო  უნივერსიტეტის  საპატიო პროფესორის წოდება მიენიჭა

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ ზურაბ ვადაჭკორიას ტერნოპოლის (უკრაინა) სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საპატიო პროფესორის წოდება მიენიჭა

2013 წლის  17–19 აპრილს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია ტერნოპოლის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის  რექტორის,  პროფესორ ლეონიდ კოვალჩუკის ოფიციალური მიწვევით, იმყოფებოდა უკრაინის საერთაშორისო სასწავლო–სამეცნიერო კონფერენციაზე – „სასწავლო  პროცესის ორგანიზაციის  კრედიტ–მოდულური სისტემა  უკრაინის უმაღლეს  სამედიცინო  (ფარმაცევტულ)  სასწავლებლებში –  ახალი  ეტაპი“ (ტერნოპოლი, უკრაინა).

საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში, 17 აპრილს, თსსუ–ის რექტორს, პროფესორ ზურაბ ვადაჭკორიას, უნივერსიტეტთა  შორის საერთაშორისო  ურთიერთობების განვითარების  საქმეში  გაწეული განსაკუთრებული წვლილისათვის ტერნოპოლის სახელმწიფო სამედიცინო  უნივერსიტეტის სამეცნიერო  საბჭომ მიანიჭა – „ტერნოპოლის სახელმწიფო სამედიცინო  უნივერსიტეტის  საპატიო პროფესორის“ წოდება, გადასცა  საპატიო  პროფესორის  დიპლომი  და  უნივერსიტეტის  მანტია.

კონფერენციის ორგანიზატორი  იყო გორბაჩევსკის  სახელობის ტერნოპოლის სახელმწიფო  სამედიცინო  უნივერსიტეტი.  უკრაინის უმაღლესი სამედიცინო და  ფარმაცევტული სასწავლებლების გარდა, კონფერენციაში  მონაწილეობას  იღებდნენ  აღმოსავლეთ  ევროპის წამყვანი უმაღლესი  სასწავლებლების  რექტორები,  სახელმწიფო  და   არასამთავრობო  ორგანიზაციების  წარმომადგენლები.

კონფერენციაზე განხილულ იქნა  სამედიცინო  განათლების  ისეთი  აქტუალური  საკითხები,  როგორიცაა:  სასწავლო  პროცესის  ორგანიზაციის კრედიტ–მოდულური  სისტემის ნორმატიულ–სამართლებრივი უზრუნველყოფა; მომავალი ექიმების (ფარმაცევტების) მომზადების ინოვაციური ტექნოლოგიები თეორიულ კათედრებზე; მომავალი  ექიმების (ფარმაცევტების) პრაქტიკული მომზადების უახლესი  მეთოდები კლინიკურ კათედრებზე; ექიმების (ფარმაცევტების) პრაქტიკული მომზადების თანამედროვე  მეთოდიკები დიპლომისშემდგომ  ეტაპზე; მომავალი  სპეციალისტების მსოფლმხედველობის ჩამოყალიბების  პრობლემები  და  სხვ.

თსსუ–ის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ვადაჭკორიამ საერთაშორისო კონფერენციაზე წარმოადგინა  მოხსენება:  „კლინიკური უნარ–ჩვევების  სწავლება  და  შეფასება  თბილისის  სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში“. პრეზენტაცია მოიცავდა კლინიკური  სწავლებისა და ობიექტურად სტრუქტურირებული კლინიკური გამოცდის (OSCE)  შედეგების ანალიზს  სამედიცინო  უნივერსიტეტის კლინიკური  უნარ– ჩვევების ცენტრში   და  ოდონტოლოგიის დეპარტამენტში.