თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი  ანტიმიკრობული რეზისტენტობის პირველ საერთაშორისო სამუშაო შეხვედრას მასპინძლობს

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი ანტიმიკრობული რეზისტენტობის პირველ საერთაშორისო სამუშაო შეხვედრას მასპინძლობს

2013 წლის 2-4 ივლისს,საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ლ.საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის (NCDC&PH) ორგანიზებით, თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს სამეცნიერო ექსპერტების საერთაშორისო პანელთან თანამშრომლობით (POE) ტარდება  ანტიმიკრობული რეზისტენტობის პირველი საერთაშორისო სამუშაო შეხვედრა სახელწოდებით: ,,ანტიმიკრობული რეზისტენტობის წარმოქმნისა და პრევენციის გათვითცნობიერების გაუმჯობესება  მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ცვალებად სამყაროში”.  სამუშაო შეხვედრის სლოგანია: ,,მეცნიერება – საერთო ენაა”.

შეხვედრა გაიხსნა 2013 წლის 2 ივლისს,  10:00 საათზე,  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სხდომათა დარბაზში.  გახსნის ცერემონიალში მონაწილეობა მიიღეს: ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა  საქართველოში  რიჩარდ ნორლანდმა,   საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ  ქეთევან ნატრიაშვილმა, დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა  ზურაბ ვადაჭკორიამ. შეხვედრაში მონაწილეობდნენ  ექსპერტები ამერიკის შეერთებული შტატების, ნორვეგიის, დიდი ბრიტანეთის, რუსეთის, სომხეთის, აზერბაიჯანისა და ბულგარეთის წამყვანი უნივერსიტეტებიდან.

 

ტექნიკური სამუშაო შეხვედრის მიზანია: ანტიმიკრობული რეზისტენტობის პრობლემის სამეცნიერო პროგრამის შემუშავება საზოგადოებრივი ჯანმრთელობისათვის მნიშვნელოვანი საფრთხის შესამცირებლად სტრატეგიის ჩამოსაყალიბებლად, მდგრადი კვლევითი პროგრამის ფორმირების გზით. სამუშაო შეხვედრა მიმართულია სამეცნიერო პროექტების საიდენტიფიკაციოდ, რომლებიც წარმოაჩენს  საზოგადოებისა და ცხოველების ჯანმრთელობის მეცნიერების მხარდაჭერის საჭიროებას  რეგიონში. სემინარის ორგანიზატორთა პრიორიტეტია ახალგაზრდა სპეციალისტთა მონაწილეობა დისკუსიებში, რაც ხელს შეუწყობს მათ სამეცნიერო წინსვლას. საერთაშორისო გუნდი ერთობლივად იმუშავებს სხვადასხვა საკითხების განხილვაში, მათ შორის: ანტიბიოტიკების როლზე და ანტიბიოტიკების რეზისტენტობაზე ბუნებაში, მზარდი რეზისტენტობის პრობლემასთან დაკავშირებული საშიშროების შემცირების ახალ მიდგომებზე.

 სამუშაო შეხვედრის პროცესში გამოიკვეთა საქართველოში ანტიმიკრობული რეზისტენტობის შესწავლის პრიორიტეტული მიმართულებები და კონკურენტუნარიანი სამეცნიერო პროექტები, რომლებიც ხელს შეუწყობენ საქართველოში ბიოსამედიცინო მეცნიერებების, ბიოზედამხედველობისა და  ლაბორატორიული შესაძლებლობების გაძლიერებას, რაც საბოლოო ჯამში, დადებითად აისახება საქართველოს მოსახლეობის ჯანმრთელობაზე.

საერთაშორისო სამუშაო შეხვედრის მეორე და მესამე სხდომა  გაიმართება 3 და 4 ივლისს,   ლ.საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში.