მედიცინისა და სტომატოლოგიის ფაკულტეტების საბჭოს გაერთიანებული სხდომა

მედიცინისა და სტომატოლოგიის ფაკულტეტების საბჭოს გაერთიანებული სხდომა

2013 წლის 18 სექტემბერს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ,,სადისერტაციო დარბაზში“ ჩატარდა მედიცინისა და სტომატოლოგიის ფაკულტეტების საბჭოს გაერთიანებული სხდომა, რომელიც მიეძღვნა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის IV კურსზე ობიექტურად სტრუქტურირებული გამოცდის (OSCE) დანერგვას მეანობა–გინეკოლოგიაში.

სხდომას ესწრებოდნენ: თსსუ–ის რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია, ვიცე–რექტორი, პროფესორი დავით ჭავჭანიძე, რექტორის მოადგილე, პროფესორი რიმა ბერიაშვილი, კანცლერი ზურაბ ორჯონიკიძე, ლიდსის (დიდი ბრიტანეთი) უნივერსიტეტის სამედიცინო განათლების ინსტიტუტის სტატისტიკის კონსულტანტი, პროფესორი გოდფრი პელი და ასევე, მედიცინისა და სტომატოლოგიის ფაკულტეტების აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი.

     

მედიცინისა და სტომატოლოგიის ფაკულტეტების საბჭოს გაერთიანებული სხდომა გახსნეს მედიცინის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა თინათინ ჩიქოვანმა და სტომატოლოგიის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა სამსონ  მღებრიშვილმა. მათ  ისაუბრეს  ობიექტურად სტრუქტურირებული გამოცდის მნიშვნელობაზე სტუდენტის პრაქტიკული უნარებისა და კომუნიკაციური ჩვევების გამომუშავების  კუთხით.

სხდომაზე მოხსენება –,,ობიექტურად სტრუქტურირებული კლინიკური გამოცდა სტომატოლოგიაში“ წარმოადგინა  ოდონტოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა  მარინა მამალაძემ. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ თსსუ–ის ოდონტოლოგიის დეპარტამენტი პირველია, თსსუ–ში  ,,OSCE”-ის  გამოცდის დაგეგმვისა და ჩატარების კუთხით. პროფესორმა მარინა მამალაძემ დამსწრე საზოგადოებას გააცნო დეპარტამენტის გამოცდილება ობიექტურად სტრუქტურირებული კლინიკური გამოცდის ჩატარების საქმეში. მან, ასევე  ისაუბრა აღნიშნული  გამოცდის მნიშვნელობაზე,  უპირატესობასა და გამოწვევებზე.

     

შეკრებაზე სიტყვით გამოვიდა მეანობა-გინეკოლოგიის დეპარტამენტის  პროფესორი  ნიკოლოზ კინტრაია, რომელმაც წარმოადგინა მოხსენება–,,მედიცინის ფაკულტეტის IV კურსზე მეანობა–გინეკოლოგიაში გამოცდის OSCE–ის ტიპით ჩატარების“ შესახებ (გეგმები, პერსპექტივები). შეხვედრის ბოლოს კენჭი ეყარა აღნიშნულ ინიციატივას, რომელიც მედიცინის ფაკულტეტის წარმომადგენლების მიერ   დადებითად იქნა შეფასებული.

სხდომა მიმდინარეობდა კითხვა–პასუხის რეჟიმში.