ლიდსის (დიდი ბრიტანეთი) სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორების  ვიზიტი თსსუ–ში

ლიდსის (დიდი ბრიტანეთი) სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორების ვიზიტი თსსუ–ში

2013 წლის 16-20 სექტემბერს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტომატოლოგიის ფაკულტეტის ოდონტოლოგიის დეპარტამენტს და უნივერსიტეტის აკადემიური განვითარების ცენტრს სტუმრობდნენ ლიდსის (დიდი ბრიტანეთი) სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორები: გოდფრი პელი და ნიკოლას ჰოდსონი. უცხოელი პროფესორების მოწვევა განხორციელდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ინიცირებული საგრანტო პროგრამის ფარგლებში.

სტომატოლოგიის ფაკულტეტის ოდონტოლოგიის დეპარტამენტში შედგა უცხოელი პროფესორების რიგით მეექვსე ვიზიტი. უნდა აღინიშნოს, რომ ნიკოლას ჰოდსონი ლიდსის უნივერსიტეტის ესთეტიკური სტომატოლოგიის სკოლის სახელოვანი წარმომადგენელია და მისი ლექცია განსაკუთრებით საინტერესო იყო არამარტო ჩვენი უნივერსიტეტის სტომატოლოგიის ფაკულტეტის IV და V კურსელებისთვის, არამედ ექიმი-რეზიდენტებისთვის და აკადემიური შტატისთვის. ნიკოლას ჰოდსონმა IV კურსის სტუდენტებს წაუკითხა ლექცია, რომელშიც საფუძვლიანად მიმოიხილა პირის ღრუს ყველაზე გავრცელებული დაავადების – კარიესის გავრცელების, წარმოშობის, პათოგენეზის და მკურნალობის ძირითადი ასპექტები. განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა ჩვენთვის ლიდსის უნივერსიტეტის სტომატოლოგიის სკოლის ხედვა საწყისი კარიესის რემინერალიზაციის შესახებ.

V კურსის სტუდენტებისთვის პროფესორმა ჰოდსონმა ისაუბრა კბილთა პათოლოგიურ ცვეთაზე, მსოფლიოში საყოველთაოდ გავრცელებული პათოლოგიის მკურნალობის კონსერვატიულ და ქირურგიულ მეთოდებზე.

ცალკე საუბრის თემაა პროფესორ გოდფრი პელის ვიზიტი სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის აკადემიური განვითარების ცენტრში. ცნობილი ფაქტია, რომ ოდონტოლოგიის დეპარტამენტი ერთ-ერთი პირველია თსსუ-ში, სადაც დაინერგა და წარმატებით ტარდება ობიექტურად სტრუქტურირებული კლინიკური გამოცდა. ეს მეთოდიკა სწორედ ლიდსის სამედიცინო უნივერსიტეტის სტომატოლოგიის ფაკულტეტზეა ათვისებული და ჩვენთან სწორედ ამ მეთოდოლოგიით და ამ სტანდარტებით ტარდება. პროფესორი გოდფრი პელი ერთ-ერთი პირველთაგანია, ვინც ობიექტურად სტრუქტურირებული კლინიკური გამოცდის მოდელი შეიმუშავა და სიამოვნებით ეწევა მის პოპულარიზაციას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების უნივერსიტეტებში, მათ შორის საქართველოში.

მისი შეხვედრა თსსუ-ს დაინტერესებულ დეპარტამენტებთან ძალიან საინტერესო აღმოჩნდა, იყო საქმიანი შეკითხვები, გამოვლინდა უდიდესი ინტერესი და მოხდა შთაბეჭდილებათა გაზიარება. სხდომა მიჰყავდა თსსუ–ის სამედიცინო განათლების, კვლევის და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსს, პროფესორ გაიანე სიმონიას.