ევროპის ბიოქიმიკოსთა ასოციაციამ (FEBS) საქართველოს ბიოქიმიკოსთა ასოციაცია სრულუფლებიან წევრად მიიღო

ევროპის ბიოქიმიკოსთა ასოციაციამ (FEBS) საქართველოს ბიოქიმიკოსთა ასოციაცია სრულუფლებიან წევრად მიიღო

2013 წლის 8–9 ოქტომბერს, თბილისში,  ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში შედგა შეხვედრა, რომელიც მიეძღვნა „საქართველოს ბიოქიმიკოსთა ასოციაციის”, ევროპის ბიოქიმიკოსთა ასოციაციაში (FEBS) სრულუფლებიან წევრად მიღებას.

შეხვედრა ატარებდა გაცნობით და სამუშაო  ხასიათს, მას FEBS–ის მხრიდან ესწრებოდნენ: პროფესორი გიულ გიუნერ აკდოგანი - FEBS–ის განათლების კომიტეტის თავმჯდომარე (იზმირი, თურქეთი), პროფესორი კეით ელიოტი (მანჩესტერი, გაერთიანებული სამეფო), პროფესორი მათიას შპრინზლი (ბაეროიტი, გერმანია) და სპეციალური მოწვევით პროფესორი ისრაელ პეხტი, FEBS–ის გენერალური მდივანი (რეჰოვონი, ისრაელი).

საქართველოს მხრიდან შეხვედრაში მონაწილეობას იღებდნენ თბილისის უმაღლეს სასწავლებლებში მოღვაწე ბიოქიმიკოსები: თსსუ–ის ბიოქიმიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი პაატა თუშურაშვილი და ამავე დეპარტამენტის პროფესორები.

ორდღიანი შეხვედრა ძალზედ ნაყოფიერი აღმოჩნდა, რადგან ნათლად გამოჩნდა თსსუ–ში მიმდინარე სასწავლო პროცესის განვითარების შესაძლებლობები. აღსანიშნავია, რომ, ბიოქიმიის სწავლების მიზანი და შედეგები, რაც სილაბუსით არის განსაზღვრული, სრულად თავსებადია და შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს.

მთელი მსოფლიოს წამყვან სამედიცინო სკოლებში ბიოქიმიის სწავლება უკვე კარგა ხანია, რაც „პრობლემაზე“ (PBL) და „შემთხვევაზე“ ორიენტირებულ სწავლებას  (CBL) ემყარება.

გასულ წელს თსსუ–შიც დაიწყო ამ სტილის სწავლების დანერგვა სასწავლო პროცესში. ეს საკმაოდ ეფექტური სისტემაა, რომელიც დიდ დროს, ენერგიას და რესურსს მოითხოვს. უმეტესად, ასეთი სწავლება კურიკულუმის აბსოლუტურ ინტეგრაციას მოითხოვს როგორც ეს მანჩესტერისა  (გაერთიანებული სამეფო)  და  იზმირის (თურქეთი)  სამედიცინო სკოლებშია.

სწავლის პროცესის დაგეგმვისა და უფრო ეფექტურად წარმართვის შესახებ ბიოქიმიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი პროფესორი პაატა თუშურაშვილი ესაუბრა FEBS–ის  წარმომადგენლებს, რომელთაც სრული მზადყოფნა  გამოთქვეს გამოცდილების გაზიარების კუთხით.

შეხვედრის დროს დიდი მხარდაჭერისა და დახმარების პირობა დადო პროფესორმა გიულ გიუნერ აკდოგანმა (თურქეთი) მან  უნივერსიტეტების დონეზე  ურთიერთთანამშრომლობის სურვილი გამოთქვა.