ევროსაბჭოს ექსპერტთა სხდომა ტრანსპლანტოლოგიაში

ევროსაბჭოს ექსპერტთა სხდომა ტრანსპლანტოლოგიაში

2013  წლის 10–11 ოქტომბერს, ბრიუსელში (ბელგია) ჩატარდა ევროსაბჭოს ექსპერტთა სხდომა ტრანსპლანტოლოგიაში, ხოლო 12 ოქტომბერს ორგანოთა დონაციის XV ევროპული დღე, რომელსაც ესწერებოდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის, ქირურგიის N.1 დეპარტამენტის, კერძო ქირურგიის N.1 მიმართულების პროფესორი და საქართველოს ტრანსპლანტოლოგთა ასოციაციის ხელმძღვანელი გია თომაძე.

მრგვალი მაგიდის ირგვლივ წარმოებული ტრადიციული ინფორმაციების წარდგენისას ექსპერტებმა სხდომას გააცნეს მათ ქვეყნებში მიმდინარე მდგომარეობა ტრანსპლანტაციური აქტივობის თვალსაზრისით. პროფესორმა გია თომაძემ სხდომას წარუდგინა მოხსენება, რომ 2013 წელი წარმატებული აღმოჩნდა საქართველოსთვის, რადგან 10 თვის (ოქტომბრის)  მონაცემებით ქვეყანაში უკვე შესრულდა თირკმლის 20 გადანერგვა, რაც ხუთი ერთეულით აჭარბებს გასული წლის მონაცემებს. აღსანიშნავია, რომ წლის ბოლომდე 14 დამატებითი გადანერგვაა დაგეგმილი და 2013 წლის ტრანსპლანტაციის ოპერაციების რაოდენობა გაორმაგებული აღმოჩნდება გასულ წელთან შედარებით. აღნიშნული მიმართულებით საქართველოზე ნაკლები აქტივობა სომხეთშია, ხოლო აზერბაიჯანი ლიდერობს, რადგან მათ დაიწყეს უკვე ღვიძლის გადანერგვის პროგრამა.

აღსანიშნავია, რომ კავკასიის რეგიონში ჯერ–ჯერობით არცერთ ქვეყანაში არ დაწყებულა გადასანერგად გვამური ორგანოების გამოყენება. გვამური დონაციის პრობლემებს მიეძღვნა შავი ზღვის ქვეყნების ურთიერთთანამშრომლობის პროგრამის განხილვა, რომელიც წარადგინა იტალიის წარმომადგენლობამ. აღსანიშნავია, რომ პროგრამა 2014 წლის ზაფხულისთვის დასრულდება და სასურველია კავკასიის ქვეყნებთან მიმართებაში დამატებით მოძიებულ იქნეს ტაიექსის დაფინანსება.

სხდომის დასასრულს, პროფესორმა გია თომაძემ ისაუბრა 2014–2015 წლებში განსახორციელებელი პროექტის სამუშაო ვერსიაზე, რომელიც შეეხება არარეზიდენტი ცოცხალი დონორების სელექციასა და შესაძლო ანაზღაურების საკითხებს. დადგინდა, რომ შემდეგ სხდომაზე წარმოდგენილი უნდა იქნეს შესაბამისი კვლევის კითხვარი და მისი დამტკიცების შემდეგ მოხდეს შეგროვებული მასალის ანალიზი და პრეზენტაცია ექსპერტთა კომიტეტის სხდომაზე.

პროექტის საბოლოო მიზანია ევროსაბჭოს წევრი ქვეყნების მიერ ერთიანი ტაქტიკის შემუშავება არარეზიდენტი დონორების სელექციასა და ფინანსური ანაზღაურების საკითხებთან დაკავშირებით.