დასრულდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტთა საზაფხულო სკოლა-სტაჟირების საპილოტე პროგრამა

დასრულდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტთა საზაფხულო სკოლა-სტაჟირების საპილოტე პროგრამა

2013 წლის 25 ნოემბერს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის  აკადემიურმა საბჭომ მოისმინა რექტორის მოადგილის გიორგი აბესაძის მოხსენება “თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტთა საზაფხულო სკოლა-სტაჟირების შესახებ”.

სტუდენტთა საზაფხულო სტაჟირების საპილოტე პროექტის განხორციელების მიზნით შეიქმნა სამუშაო ჯგუფი რექტორის მოადგილის გიორგი აბესაძის ხელმძღვანელობით. სამუშაო ჯგუფის მიერ ჩატარდა უნივერსიტეტის მედიცინის, სტომატოლოგიის, ფარმაციის და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტების სტუდენტების გამოკითხვა და გამოვლინდა სტაჟირების გავლის მსურველთა რაოდენობა. დადგინდა სტაჟირების გეოგრაფიული არეალი.

სტუდენტებისათვის შეირჩა საზაფხულო სკოლა-სტაჟირების კლინიკური ბაზები, ფარმაცევტული და სადაზღვევო კომპანიები. ყველა დაწესებულების ხელმძღვანელს გაეგზავნა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორის წერილი თხოვნით სკოლა-სტაჟირების განხორციელებისათვის  ხელშეწყობის შესახებ. რექტორის მოადგილემ რეგიონებში მოინახულა წინასწარ შერჩეული კლინიკური ბაზები.

   

სამუშაო ჯგუფის მიერ შემუშავდა სტუდენტების საზაფხულო სკოლა–სტაჟირების დღიურების ფორმა, სტაჟირების ზოგადი პრინციპები და თემატიკა: მედიცინის ფაკულტეტისათვის – თერაპიაში, ქირურგიაში, მეანობა-გინეკოლოგიაში, პედიატრიაში; სტომატოლოგიური ფაკულტეტისათვის – თერაპიულ სტომატოლოგიაში, ქირურგიულ სტომატოლოგიაში, ორთოპედიულ სტომატოლოგიაში და ორთოდონტიაში; საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტისათვის – ჯანდაცვის მენეჯმენტის, გარემოს ჰიგიენის და ეპიდემიოლოგიის მიმართულებით; ფარმაციის ფაკულტეტისათვის – ფარმაცევტული დახმარების, ფარმაცევტული ანალიზის, ფარმაცევტული ტექნოლოგიების და ფარმაკო-თერაპიული არჩევანის კუთხით.

პროექტში მონაწილეობდა: 6 სტომატოლოგიური კლინიკა, 3 სადაზღვევო კომპანია, 3 ფარმაცევტული კომპანია, 2 ჰოსპიტალური ქსელი, 2 რეგიონული საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი, თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი და ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი.           

2013 წლის 27 ივლისიდან 12 აგვისტოს ჩათვლით, სკოლა-სტაჟირების პროექტში მონაწილეობა მიიღო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის 363 სტუდენტმა.

აღნიშნული პროექტის განხორციელებაში აქტიური მონაწილეობა მიიღეს: თსსუ–ის კლინიკებთან ურთიერთობის და სტუდენტებთან და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის სამსახურებმა, ასევე მედიცინის, სტომატოლოგიის, საზოგადოებრივი ჯანდაცვი და ფარმაციის ფაკულტეტების დეკანატებმა.

სტაჟირების წარმატებით დასრულების აღსანიშნავად  რექტორის მოადგილის გიორგი აბესაძის მიერ სტუდენტებს საზეიმოდ გადაეცათ სტაჟირების დამადასტურებელი სერტიფიკატები.

აკადემიური საბჭოს სხდომაზე ხაზგასმით აღინიშნა, ზოგიერთი კლინიკის განსაკუთრებული ხელშეწყობა სტაჟირების პროექტის განხორციელებაში და კლინიკის ხელმძღვანელებს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ვადაჭკორიამ გადასცა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მადლობის სიგელები. 

მედიცინის ფაკულტეტის IV კურსის სტუდენტების საზაფხულო სკოლა–სტაჟირების ბაზები