თსსუ–ში  წიგნის ,,ლაპაროსკოპული ქირურგია“  პრეზენტაცია გაიმართა

თსსუ–ში წიგნის ,,ლაპაროსკოპული ქირურგია“ პრეზენტაცია გაიმართა

2013 წლის 6 დეკემბერს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში   წიგნის – ,,ლაპაროსკოპული ქირურგია“  პრეზენტაცია გაიმართა.

ღონისძიებას ესწრებოდა: თსსუ–ის რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია, სამედიცინო უნივერსიტეტის აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი, დარგის სპეციალისტები.

წიგნი  მნიშვნელოვანია ქართული მედიცინის განვითარების კუთხით, რადგან ის არის ლაპაროსკოპიულ ქირურგიაში შექმნილი პირველი  ქართული ორიგინალური ნაშრომი და ილუსტრირებულია ავტორთა მიერ საკუთარი პროფესიული გამოცდილების შედეგად   შეკრებილი ფოტო  მასალით.

ღონისძიება გახსნა თსსუ–ის ქირურგიის N.1 დეპარტამენტის კერძო ქირურგიის N.1 მიმართულების ხელმძღვანელმა, წიგნის რეცენზენტმა, პროფესორმა გია თომაძემ. მან  დადებითი  შეაფასება მისცა ნაშრომს  და აღნიშნა, რომ მას წარმატებით გამოიყენებენ როგორც დარგის სპეციალისტები, ასევე რეზიდენტები და სტუდენტები.

პრეზენტაციაზე საზოგადოების წინაშე წარსდგნენ წიგნის ავტორები: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ქირურგიის N.1 დეპარტამენტის თორაკოაბდომინური ქირურგიის მიმართულების პროფესორი მერაბ კილაძე,  დეპარტამენტის თორაკალური ქირურგიის მიმართულების პროფესორი თენგიზ ჩართოლანი, ხმელთაშუა ზღვის და ახლო აღმოსავლეთის ენდოსკოპისტ ქირურგთა ასოციაციის (MMESA) არჩეული პრეზიდენტი, ენდოქირურგიის საერთაშორისო ცენტრის სამედიცინო დირექტორი, პროფესორი დავით აბულაძე. წიგნის ავტორებმა ისაუბრეს მისი შექმნის ისტორიაზე, სტრუქტურაზე და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე.  მადლობა გადაუხადეს  მათ, ვინც  წვლილი შეიტანა აღნიშნული ნაშრომის შექმნაში, განსაკუთრებით დიდი მადლიერება გამოხატეს წიგნის რეცენზენტის, პროფესორ ჯან–ლუიჯი მელოტის მიმართ.

ღონისძიებაზე წიგნის შესახებ  საზოგადოებას აზრი გაუზიარა: თსსუ–ის უწყვეტი პროფესიული განვითარების ინსტიტუტის დირექტორმა, პროფესორმა ზაზა ბოხუამ, თსსუ–ის მედიცინის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა თინათინ ჩიქოვანმა, წიგნის რეცენზენტმა და  თსსუ-ის ქირურგიის დეპარტამენტის N.1 ქირურგიულ სნეულებათა მიმართულების ხელმძღვანელმა, პროფესორმა ნოდარ ლომიძემ და სხვა დამსწრე პირებმა.

წიგნის პრეზენტაციაზე პროფესორმა მერაბ კილაძემ დამსწრე საზოგადოებას უჩვენა იმ საინტერესო ოპერაციების  ვიდეომასალა, რომელიც  წიგნში არ შესულა.