შეხვედრა თსსუ–ის 1953 წლის კურსდამთავრებულებთან

შეხვედრა თსსუ–ის 1953 წლის კურსდამთავრებულებთან

 

2013 წლის 18 დეკემბერს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში გაიმართა შეხვედრა „სამედიცინო ინსტიტუტის“ 1953 წლის კურსდამთავრებულებთან.

შეხვედრის ჩატარების ინიციატორი იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორის მრჩეველთა საბჭო.

ღონისძიება გახსნა და საპატიო სტუმრებს მიესალმა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია.

მისასალმებელ სიტყვაში რექტორმა აღნიშნა, რომ მოწვეულ საპატიო სტუმრებთან  შეხვედრა, ვინც  ექვსი ათეული წელია, რაც დაამთავრა "Alma Mater"–ი –  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, ყველაზე საპატიო და სასიამოვნოა   უნივერსიტეტის წინასაახალწლო   ღონისძიებათა შორის.

„სამედიცინო უნივერსიტეტმა დღეს უკვე  მეცხრე ათეულში გადააბიჯა, აქედან 66 წელი (სწავლის პერიოდი და 60 წელი დამთავრების შემდგომ), თქვენ მისი „წევრი“ ბრძანდებით. ვფიქრობ, ყველა დამეთანხმება, რომ ადამიანისთვის „ყოფილი“ სკოლა და უნივერსიტეტი არ არსებობს – სამედიცინო  უნივერსიტეტი იყო, არის და იქნება „თქვენი უნივერსიტეტი“. ბევრი თქვენგანის ცხოვრების მნიშვნელოვან ნაწილს მომავალი მედიკოსების აღზრდა შეადგენს, ზოგი – ადამიანის ჯანმრთელობას უშუალოდ საექიმო საქმიანობით ემსახურა და დღესაც ემსახურება. ყველა შემთხვევაში, თითოეული თქვენგანი ადამიანის კეთილდღეობაზე ზრუნვის ჰუმანური მისიის მატარებელია“ – აღნიშნა მისალმებაში რექტორმა.

     

მან საპატიო სტუმრებს – სამედიცინო უნივერსიტეტის 1953 წლის კურსდამთავრებულებს: ბატონებს – გურამ ბექაიას, მიხეილ გედევანიშვილს, დავით დობორჯგინიძეს, ბესიკ იაშვილს, ვიქტორ მახათაძეს, შოთა მირაშვილს, დორიან მურმანიშვილს, ქალბატონებს: ლეილა ახვლედიანს, ლია დუნდუას, ნათელა თურქიას, ირინე კუხალეიშვილს, ია მაჩიტაძეს, ზაირა ტაგანაშვილს, ნარი უსტიაშვილს, ლეილა ქაროსანიძეს, მილა ჯაფარიძეს, ეთერ გოგოძეს, ნუნუ ქადეიშვილს, ლალი ჩიტაიშვილს უსურვა დიდხანს სიცოცხლე, მხნეობა და  სურვილების შესრულება.

ქართული მედიცინის წინაშე დიდი დამსახურების ნიშნად და სამედიცინო უნივერსიტეტის სიყვარულის სიმბოლოდ საპატიო სტუმრებს გადაეცათ მადლიერების ბარათები და უნივერსიტეტის სიმბოლური საჩუქრები.

შეხვედრა დასრულდა საზეიმო კონცერტით, რომელშიც მონაწილეობდა  სამედიცინო უნივერსიტეტის სპორტისა და ხელოვნების ცენტრის მხატვრული კოლექტივები.

საზეიმო შეხვედრას და კონცერტს დაესწრნენ სამედიცინო უნივერსიტეტის  ადმინისტრაციისა და  აკადემიური პერსონალის წარმომადგენლები, სტუდენტები და   სამედიცინო უნივერსიტეტში ვიზიტად მყოფი გერმანელი პარტნიორები და პროფესორები, სამედიცინო უნივერსიტეტის  საპატიო დოქტორები – მიხაელ ლენტცე, ჰელმუტ ჰანი,  ტიმო ულრიხი და იოჰან პროფსტერი.