გერმანელი პროფესორების ვიზიტი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში

გერმანელი პროფესორების ვიზიტი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში

2013 წლის 18 დეკემბერს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს ესტუმრა დელეგაცია გერმანიიდან: კოხ–მეჩნიკოვის ფორუმის საერთაშორისო წევრი და რუსეთის  სამედიცინო მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი, პროფესორი ჰელმუტ ჰანი, კოხ–მეჩნიკოვის ფორუმის სამედიცინო ტექნოლოგიების დირექტორი, იორგ პეტერ შტრობელი, აკონის უნივერსიტეტის ხარისხის პროგრამის მმართველი, პროფესორი ტიმო ულრიხი, „J.Pröpster GmbH“ საწარმოს დამფუძნებელი, ქველმოქმედი, დოქტორი იოჰან პროფსტერი, მიკრობიოლოგი, დოქტორი მარლის ჰოკი და ჟურნალისტი ბატონი ფოირლაინი.

შეხვედრას ესწრებოდა: თსსუ–ის რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია, რექტორის მოადგილე, პროფესორი რიმა ბერიაშვილი, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი, პროფესორი ია ავალიანი, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ირინა კაპეტივაძე და  უცხო ენების ცენტრის დირექტორი, პროფესორი მანანა ქუთელია.

შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს მომავალი ერთობლივი პროექტების განხორციელების  საკითხები.

   

18 დეკემბერს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით, განსაკუთრებული ღვაწლისა და გაწეული ამაგისთვის თსსუ–ის საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა:

  • პროფესორ ჰელმუტ ჰანს (გერმანია)–ბერლინის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის მიკრობიოლოგიის კათედრის ემერიტუს–პროფესორს, „კოხ-მეჩნიკოვის ფორუმის“  დამფუძნებელს.  მისი ინიციატივით თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტმა  ხელშეკრულება გააფორმა „კოხ-მეჩნიკოვის ფორუმთან“. პროფესორმა ჰანმა რამდენჯერმე ლექციები წაიკითხა თსსუ–ში. მისი თანადგომით რეგულარულად ტარდება კონგრესები, კონფერენციები და სიმპოზიუმები - ტუბერკულოზის, მიკრობიოლოგიისა და ჯანდაცვის საკითხებზე, რომლებშიც მონაწილეობას იღებენ თსსუ–ის თანამშრომლებიც. გარდა ამისა, იგი ორგანიზებას უკეთებს მეცნიერთა და სტუდენტთა გაცვლით პროგრამებს.მომავალში დაგეგმილია ,,კოხ-მეჩნიკოვის ფორუმთან" ერთად  სტუდენტური და სამეცნიერო  გაცვლითი პროგრამების გაფართოება;
  • პროფესორ ტიმო ულრიხს(გერმანია)–რომელიც არის „კოხ-მეჩნიკოვის ფორუმის“ დამფუძნებელი. იგი მოღვაწეობს საქართველოში 2003 წლიდან და მუშაობს ტუბერკულოზის კონტროლის დარგში და ორგანიზებას  უკეთებს პარტნიორულ პროექტებს. 2009 წლიდან იგი ურთიერთობს თსსუ–თან. 2010-2013 წლებში მან გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის დახმარებით მიიღო დაფინანსება  ლექციების ჩატარებისთვის თსსუ–ში. 2013 წელს დაიდო ხელშეკრულება აკონის უმაღლეს სასწავლებელსა და თსსუ–ის შორის, რომლის თანახმადაც დაგეგმილია სტუდენტური და სამეცნიერო  გაცვლითი პროგრამების გაფართოება;
  • დოქტორ იოჰან პროფსტერს (გერმანია)– რომელიც ცნობილია თავისი ქველმოქმედებით.  მისი  განზრახვაა  გააფართოვოს საქველმოქმედო საქმიანობა საერთაშორისო მასშტაბით. კერძოდ, მას სურს ფინანსურად დაეხმაროს  თსსუ–ის კლინიკას  . ასევე მას სურს დააფინანსოს ჩვენი სტუდენტების სასწავლო პრაქტიკა გერმანიაში,დახმარება მისი მხრიდან იქნება გრძელვადიანი;
  • დოქტორ ირმა კვიცარიძეს (ავსტრია)–ინსბრუკის საუნივერსიტეტო კლინიკის სხივური თერაპიისა და რადიოლოგიის განყოფილების უფროს ექიმს, იგი აქტიურად მონაწილეობს თსსუ–სა  და ინსბრუკს შორის ახალ ინიციატივებში, რომელიც ეხება ერთობლივი საექთნო სკოლის ჩამოყალიბებასა და თსსუ–ის კურსდამთავრებულთა დიპლომისშემდგომი განათლების კურსის გავლას ავსტრიის კლინიკებში.
     

აღსანიშნავია, რომ გერმანელ კოლეგებს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება  მიენიჭათ კოხ–მეჩნიკოვის ფორუმის დაარსებიდან ათი წლის იუბილეზე, რისთვისაც დელეგატებმა გულითადი მადლობა გადაუხადეს თსსუ–ის ხელმძღვანელობას.

მოწვეულმა სტუმრებმა დაათვალიერეს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კლინიკური უნარ-ჩვევების ცენტრი  და ლაბორატორია, რომელიც აღჭურვილია უახლესი სასწავლო-სამედიცინო აპარატურით.

 

ვიზიტის დასასრულს, გერმანელი სტუმრები დაესწრნენ საზეიმო კონცერტს, რომელშიც მონაწილეობდნენ თსსუ–ის სპორტისა და ხელოვნების ცენტრის მხატვრული ჯგუფები. ეს საზეიმო კონცერტი გაიმართა თსსუ–ის 1953 წლის კურსდამთავრებულების საპატივსაცემოდ.