პროფესორ ჰადარ სპივაკის ლექცია თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში

პროფესორ ჰადარ სპივაკის ლექცია თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში

2014 წლის 9 იანვარს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს ოფიციალური ვიზიტით  ეწვია  ჩაიმ შებას სამედიცინო ცენტრის (ტელ–ჰაშომერი, ისრაელი), სიმსუქნის კორექციის ცენტრის დირექტორი, პროფესორი ჰადარ სპივაკი, რომელმაც უნივერსიტეტის სტუდენტების, რეზიდენტებისა და  აკადემიური პერსონალისათვის წაიკითხა ლექცია თემაზე –"სიმსუქნე და II ტიპის დიაბეტი – არის თუ არა ქირურგიული მკურნალობა გამოსავალი".

პროფესორი სპივაკი დამსწრე საზოგადოებას ესაუბრა ჯანდაცვის გამოწვევებზე,  რომელსაც ჭარბი წონა და მასთან თანდართული დაავადებები (შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2,  ჰიპერტენზიული დაავადება, ოსტეოართრიტი და სხვა) წარმოადგენს, განიხილა  პრობლემების  თანამედროვე  ბარიატრიულ–ქირურგიული მეთოდებით  მკურნალობის საკითხები,  რომელიც განვითარებულ ქვეყნებში მზარდი პოპულარობით სარგებლობს.

ლექციაზე განხილული იქნა ბარიატრიულ–ქირურგიული ლაპაროსკოპიული ოპერაციები (კუჭის ბანდაჟირება, კუჭის შუნტირება და გასტროპლასტიკის სხვა სახეები), ოპერაციის შემდგომი  გართულებები   და მათი მართვა, ასევე ოპერაციის  შედეგები, როგორც ახლო ასევე ხანგრძლივ პერსპექტივაში.

ლექციის მიმდინარეობისას პროფესორმა სპივაკმა დამსწრე საზოგადოებას უჩვენა ვიდეომასალა, რომელიც ახდენდა განხილული საკითხების ვიზუალიზაციას. ლექციის ბოლოს გაიმართა დისკუსია.

ვიზიტის ფარგლებში პროფესორი ჰადარ სპივაკი შეხვდა თსსუ–ის კანცლერს, ბატონ  ზურაბ ორჯონიკიძეს, რომელმაც ისაუბრა  უნივერსიტეტის ტრადიციებზე, მის  დასავლურ ორიენტაციაზე და ამ ღირებულებებზე  დაფუძნებული სწავლების თანამედროვე  მიდგომებზე. შეხვედრაზე დაიგეგმა  ურთიერთთანამშრომლობის  საკითხები.