პედიატრები გლობალურ საფრთხეზე მსჯელობენ

პედიატრები გლობალურ საფრთხეზე მსჯელობენ

15 იანვარს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პედიატრიის დეპარტამენტისა და ბავშვთა და მოზარდთა ასოციაციის ინიციატივით, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა ნანა ცხაკაიამ წაიკითხა ლექცია “პედიატრიული ტუბერკულოზი”.  ეს ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური თემაა, რომელიც პროფესიონალთა და საზოგადოების დიდ ყურადღებას იმსახურებს, ამიტომაც ლექცია სცდებოდა ვიწრო სამეცნიერო ფარგლებს და დიდ მნიშვნელობას იძენდა პედიატრთა საქმიანობაში პრაქტიკული თვალსაზრისით და ინფორმირებულობის ხარისხის გაზრდითაც.

როგორც ქალბატონმა ნანამ თემის ზოგადი მიმოხილვისას განაცხადა, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ ტუბერკულოზი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. მიუხედავად იმისა, რომ ეს დაავადება განკურნებად დაავადებათა რიცხვს ეკუთვნის, მსოფლიოში წელიწადში 2 მილიონამდე ადამიანი ხდება მისი მსხვერპლი.

საგულისხმოა, დაავადება უვითარდება ინფიცირებულთა მხოლოდ 10 %-ს. 2011 წელს მსოფლიოში ლეტალური გამოსავლით დასრულდა 1,4 მილიონი შემთხვევა. საგულისხმოა ისიც, რომ შიდსით დაავადებულთა 1/4  ასევე ტუბერკულოზით კვდება.

ნანა ცხაკაია: სასურველია, პედიატრები მეტი ყურადღებით მოექცნენ ბავშვთა ასაკში ტუბერკულოზის დიაგნოსტირებას. ეს დაავადება მთელ საქართველოშია გავრცელებული. მით უმეტეს, რომ საქართველო ითვლება ერთ-ერთი მაღალი პრევალენტობის ქვეყნად. 

დაბალი პრევალენტობის ქვეყანა არის ის, სადაც  100 ათას მოსახლეზე 20 ადამიანი ავადდება. შარშან საქართველოში ეს მაჩვენებელი 120-125 გახლდათ. ამდენად, ძალიან მნიშვნელოვანია, ტუბერკულოზს სათანადო ყურადღება დავუთმოთ. დაავადება ბავშვს თუ დაემართა, ცხადია, მოზრდილისგან გადაედო _  ე. ი. ვიღაც ასნებოვნებს.  იმ შემთხვევაშიც კი, როცა მოზრდილი სნეული იცავს ჰიგიენურ ნორმებს, მისგან წელიწადში 10-15 ადამიანი მაინც ინფიცირდება.

ხშირ შემთხვევაში, დასნეულებული ბავშვები, რომელთა ასაკი 12 წლამდეა, არ არიან გადამდებები.

საგულისხმოა, ბავშვთა ინფიცირების შემთხვევაში დაავადების განვითარების პროცენტული მაჩვენებელი:

  • 1 წლამდე _ 43-50 %
  • 1-5 წლამდე _ 24 %
  • 11-15 წლამდე _ 16 %

პროფესიონალთა, რეზიდენტთა და სტუდენტთა ინტერესი ამ თემის მიმართ ბუნებრივი და მოტივირებულია, რადგან საქართველოსთვის ტუბერკულოზი ჯერ ისევ მნიშვნელოვან საფრთხედ რჩება.

პედიატრთათვის მსგავსი საინტერესო შეხვედრა-ლექციები კვლავაც ჩატარდება. როგორც მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა ყარამან ფაღავამ განაცხადა, ეს უკვე მეორე ლექცია იყო იმ ციკლში, რომელსაც პირობითად “პედიატრთა კითხვანი” დაარქვეს:

_ სამედიცინო უნივერსიტეტის პედიატრიის დეპარტამენტის ბავშვთა და მოზარდთა მედიცინის მიმართულების წარმომადგენლებსა და ბავშვთა და მოზარდთა ასოციაციის წევრებმა დავგეგმეთ ყოველი თვის მეორე ოთხშაბათს შეხვედრები. პირველი ლექცია წაიკითხა პროფესორმა მიხეილ ლენტცემ ბავშვთა ალერგიული დაავადებების შესახებ. 2014 წელი გახსნა წამყვანმა ფთიზიატრმა, ქალბატონმა ნანა ცხაკაიამ და წაიკითხა ლექცია ბავშვთა ტუბერკულოზის თავისებურებების შესახებ. შემდეგი თემა იქნება ბავშვთა კვების სიახლეებზე... ასე, რომ ჩვენი შეხვედრები გაგრძელდება.

ჩვენი ძირითადი ამოცანაა, რომ პედიატრებმა შეძლონ შეხვედრა, მსჯელობა, ერთმანეთისთვის გამოცდილების და სიახლეების გაზიარება.