კონფერენცია სამედიცინო სოციოლოგიაში

კონფერენცია სამედიცინო სოციოლოგიაში

2014 წლის 31 იანვარს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტზე,  ჯანდაცვის მენეჯმენტის, პოლიტიკისა და ეკონომიკის მიმართულებაზე ჩატარდა ტრადიციული კონფერენცია სამედიცინო  სოციოლოგიაში, რომელშიც ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტის  I კურსის სტუდენტები იღებდნენ მონაწილეობას. საპრეზენტაციო  თემები  საჭირო და პრობლემატური გახლდათ თანამედროვე საზოგადოებისთვის: სოციალური ქსელები და მათი გავლენა ახალგაზრდებზე, ნარკომანია, ალკოჰოლის მოხმარება საჭის მართვისას, სწრაფი კვება, წიგნის კითხვის კულტურა... სტუდენტებმა სამეცნიერო კვლევებსა და მსოფლიო სოციოლოგიურ გამოკითხვებზე დაყრდნობით, საკუთარი სოციოლოგიური კვლევის შედეგების შეჯერებით, საინტერესო მასალა წარუდგინეს დამსწრე საზოგადოებას. სპეციალურმა კომისიამ შეარჩია ორი საუკეთესო პრეზენტაციის ავტორიც: ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტის  I კურსის სტუდენტი დავით გაგნიძე და ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტის ინგლისურენოვანი სექტორის I კურსის სტუდენტი აჰმედ ქაან ოზერი.

როგორც პროფესორმა ირინე ზარნაძემ გვითხრა, სამეცნიერო უნარ–ჩვევების გამომუშავება უმნიშვნელოვანესია  სტუდენტებისთვის და პრეზენტაცია ამაში დიდად უწყობს ხელს. გამორჩეული პრეზენტაციები სხვადასხვა რანგის ღონისძიებებზე იქნება წარდგენილი. რუმინეთში, კლუჯ–ნაპოკას უნივერსიტეტი 2014 წლის გაზაფხულზე ატარებს სტუდენტურ კონფერენციას. ამჯერადაც, ისევე, როგორც გასულ წლებში, იქ მიწვეული არიან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებიც. როგორც გამოცდილებამ აჩვენა, ევროპაშიც და ამერიკის შეერთებულ შტატებშიც, ჩვენი უნივერსიტეტიდან წარდგენილი სტუდენტები ძალიან კარგ დონეზე წარმოაჩენენ ხოლმე თავს.