ნოდარ  გრიგოლიას სახელობის პირველი სტიპენდიატი გამოვლინდა

ნოდარ გრიგოლიას სახელობის პირველი სტიპენდიატი გამოვლინდა

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს არაერთი წარმატებული სტუდენტი ჰყავს. ამიერიდან საუკეთესოთა შორის საუკეთესოს პროფესორ  ნოდარ გრიგოლიას სახელობის სტიპენდია მიენიჭება.  ამ სტიპენდიის დაარსების შესახებ მისმა ვაჟმა, გიორგი გრიგოლიამ გამოთქვა სურვილი. თსსუ–ს მედიცინის ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ თინათინ ჩიქოვანის განცხადებით, ამ ახალი სახელობითი სტიპენდიის მინიჭებისთვის კანდიდატებს დიდი ყურადღებით არჩევდნენ. ის უნდა ყოფილიყო მაღალი რეიტინგის მქონე სტუდენტი, რომელიც ქირურგის სპეციალობით აპირებს მუშაობას.

შერჩევა დაიწყო ყველაზე რეიტინგული სტუდენტებისგან და პირველი მათ შორის აღმოჩნდა ივერი ლაგვილავა.  ის სრულად აკმაყოფილებდა ნოდარ გრიგოლიას სახელობის  სტიპენდიატის კანდიდატის  მოთხოვნებს.

ივერი ლაგვილავა დაბადებულია სოფელ დიმში, დაამთავრა დიმის საშუალო სკოლა, 2008 წელს ჩაირიცხა ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტზე. 2010 წელს მობილობით გადმოვიდა თსსუ–ს მედიცინის ფაკულტეტზე, მესამე კურსზე, იმთავითვე გამოირჩეოდა კარგი სწავლით და აკადემიური მოსწრებით. დღეს კი, მეექვსე კურსზე, ის პირველია ყველა სტუდენტს შორის თავისი რეიტინგით. სწორედ ის გახდა ნოდარ გრიგოლიას სახელობის პირველი სტიპენდიანტი.

ივერი ლაგვილავას შესაბამისი სიგელი  თსსუ–ს ვიცე–რექტორმა, პროფესორმა კახაბერ ჭელიძემ გადასცა. როგორც მან აღნიშნა ივერი ლაგვილავას აქვს ყველაზე მნიშვნელოვანი თვისება – სწრაფვა ცოდნისკენ და გამარჯვებისკენ, ამიტომაც ის მართლაც გამარჯვებული იქნება თავისი ცხოვრების მანძილზე. „ჩემთვის დიდი პატივია, რომ აქ დგეხართ და ნამდვილად იმსახურებთ სტიპენდიას, რომელიც ამ დიდი ადამიანის სახელს უკავშირდება“, – უთხრა ვიცე–რექტორმა წარმატებულ სტუდენტს.