თსსუ–ის სტუდენტებს „ზამთრის სკოლა 2014“ მნიშვნელოვან გამოცდილებად ექცათ

თსსუ–ის სტუდენტებს „ზამთრის სკოლა 2014“ მნიშვნელოვან გამოცდილებად ექცათ

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით, დაბა ბაკურიანში ჩატარდა სტუდენტური საგანმანათლებლო პროექტების ციკლი "ზამთრის სკოლა 2014".  უნივერსიტეტის სხვადასხვა ფაკულტეტების წარმომადგენლებს უტარდებოდათ სხვადასხვა ტრენინგები. თემატიკა მოიცავდა საინტერესო და პრობლემატურ საკითხებს, რომლებზე დაფიქრება და მუშაობაც ნამდვილად სამომავლო საქმეა.

ტრენინგებს ხელმძღვანელობდა თსსუ–ის ტოპოგრაფიული ანატომიის დეპარტამენტის პროფესორი ირაკლი ამირანაშვილი.

სკოლა–სემინარის პირველ დღეს სტუდენტები გაეცნენ პირველადი სამედიცინო დახმარების თეორიულ ნაწილს.

მეორე დღეს მოეწყო სხვადასხვა კატასტროფის იმიტირება და პირველადი სამედიცინო დახმარების პრაქტიკული სწავლება. ჩატარდა  ტრენინგების ციკლი თემაზე – „პირველადი სასწრაფო სამედიცინო გადაუდებელი დახმარება“.

მესამე დღეს პროფესორმა მარინა გიორგობიანმა წაიკითხა ლექცია თემაზე  „რადონის პრობლემა საყოფაცხოვრებო შხამ–ქიმიკატებთან დაკავშირებით“.

სტუდენტების თქმით, მესამე საერთაშორისო სკოლა–სემინარი „კვლევის მეთოდები და კვლევითი უნარ–ჩვევები ჯანდაცვაში“ მათთვის მნიშვნელოვანი ცოდნისა და გამოცდილების წყარო გახდა, მითუმეტეს, რომ ის პრაქტიკული უნარ–ჩვევები, რაც სკოლა–სემინარზე შეითვისეს, მომავალ პროფესიაში აუცილებლად გამოადგებათ.

სასწავლო–შემეცნებითი ნაწილი იმდენად კარგად ორგანიზებული და საინტერესოდ შედგენილი იყო, რომ ბევრი სტუდენტისთვის ახალი პროფესიული ინტერესის გაჩენის წინაპირობა გახდა.

დასასრულ, საგანგებო ბანკეტზე სტუდენტებს სხვადასხვა ნომინაციები მიანიჭეს და სერტიფიკატები გადასცეს. მონაწილეთა თქმით, ეს იყო ერთ–ერთი ყველაზე ლამაზი და ფუნქციურად დატვირთული დღეები მათ სტუდენტურ ცხოვრებაში.