კანადის ქალაქ კვებეკის ჩიკუტიმის უნივერსიტეტში კავკასიის ენდემურ სახეობას იკვლევენ

კანადის ქალაქ კვებეკის ჩიკუტიმის უნივერსიტეტში კავკასიის ენდემურ სახეობას იკვლევენ

 

კანადის ქალაქ კვებეკის ჩიკუტიმის უნივერსიტეტსა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს შორის 2008 წელს გაფორმდა შეთანხმება სამეცნიერო ურთიერთთანამშრომლობისა და გაცვლითი პროგრამების ამუშავების თაობაზე. ამ პროგრამის ფარგლებში, 2014 წლის 6 იანვრიდან 3 მარტის ჩათვლით, ჩიკუტიმის უნივერსიტეტის LASEVE-ს ლაბორატორიაში ტრენინგებისთვის თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ფარმაციის ფაკულტეტის სამეცნიერო–კვლევითი და პრაქტიკული უნარ–ჩვევების ლაბორატორიის ხელმძღვანელი, ფარმაკოგნოზიისა და ბოტანიკის დეპარტამენტის ასისტენტ–პროფესორი  ლაშა მსხილაძე ჩავიდა.

ჩიკუტიმის  უნივერსიტეტის პროფესორის და LASEVE-ს (ბუნებრივ შენაერთთა იზოლირების და ანალიზის) ლაბორატორიის დირექტორის ანდრე პიშეტის თქმით, ქართველი მეცნიერი მაღალი დონის მკვლევარია, ამიტომაც მასთან თანამშრომლობას მომავალშიც სიამოვნებით გააგრძელებენ. ცხადია, თსსუ–ის თანამშრომლის მაღალი შეფასება კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ უნივერსიტეტის მთავარი პრიორიტეტი პროფესორ–მასწავლებელთა და შესაბამისად, სტუდენტთა მაღალი დონე და საერთაშორისო კრიტერიუმების მიხედვით სრულყოფილი მომზადებაა.

როგორც სამშობლოში დაბრუნებულმა მეცნიერმა აღნიშნა, პროექტის მიზანი იყო კავკასიის ენდემური სახეობის Allium leucanthum C.Koch-ის ფიტოქიმიური შესწავლა სტეროიდული საპონინების შემცველობაზე და მათი ბიოლოგიური (ანტისიმსივნური, ანტიოქსიდანტური, ანთების საწინააღმდეგო, ანტივირუსული, ფუნგიციდური) აქტიურობის დადგენა. მას ჰქონდა საშუალება, შეესწავლა და ესარგებლა ქიმიური და ბიოლოგიური კვლევებისთვის საჭირო თანამედროვე აპარატურით (HPLC-MS, NMR, GC-MS, IR, UV), რაც უმნიშვნელოვანესი შესაძლებლობაა  მეცნიერისა და მკვლევარისათვის.

ჩატარებული კვლევის შედეგები ძალიან საინტერესო და საყურადღებო აღმოჩნდა როგორც ქართველი მეცნიერისთვის, ისე LASEVE-ს ლაბორატორიის ხელმძღვანელის პროფესორ ანდრე პიშეტის და სხვა მეცნიერ–თანამშრომლებისთვის. მომზადდა ერთობლივი სამეცნიერო პუბლიკაცია, რომელიც გადაიგზავნა გამოსაქვეყნებლად საერთაშორისო ჟურნალში „Chemistry of Natural Compounds”.