ტრენინგი სამედიცინო განათლების მეთოდოლოგიაში

ტრენინგი სამედიცინო განათლების მეთოდოლოგიაში

2014 წლის 17–21 მარტს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ჩატარდა ტრენინგი სტომატოლოგიის ფაკულტეტის აკადემიური პერსონალისთვის სამედიცინო განათლების მეთოდოლოგიაში. ტრენინგი ორგანიზებული იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის აკადემიური განვითარების ცენტრის მიერ (ცენტრის ხელმძღვანელი – პროფესორი გაიანე სიმონია), ხოლო მოდულის კოორდინატორი გახლდათ პროფესორი მარინა მამალაძე.

სამედიცინო განათლების, კვლევის და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსმა გაიანე სიმონიამ აღნიშნა,  რომ ცენტრის მიზანია სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის მუდმივი გადამზადება სწავლების, სწავლისა და შეფასების მეთოდოლოგიაში, რაც უნივერსიტეტში სამედიცინო განათლების ხარისხის გაუმჯობესების მნიშვნელოვანი წინაპირობაა. სწორედ ამ მიმართულებით მუშაობს ცენტრი უკვე ორი წელია და სამომავლოდაც მთელ რიგ ღონისძიებებს გეგმავს.

     

ტრენინგზე აუდიტორიას გააცნეს სრულიად ახალი მიდგომა სტომატოლოგიის სწავლების მეთოდიკაში. მსმენელებს განვითარებული ქვეყნების გამოცდილება გაუზიარეს  პროფესორებმა: რიმა ბერიაშვილმა,  მარინა მამალაძემ,  ირინე კვაჭაძემ,  გაიანე სიმონიამ,   ზაზა ბოხუამ.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტისთვის მნიშვნელოვანია, რომ სწავლება მიმდინარეობდეს მაღალ დონეზე, ყველა იმ სასარგებლო სიახლის გათვალისწინებით, რომელიც დაინერგა განვითარებულ ქვეყნებში. სწორედ ამას ემსახურებოდა ტრენინგი.

როგორც პროფესორმა მარინა მამალაძემ აღნიშნა, სასურველი და აუცილებელია, რომ აკადემიურმა პერსონალმა მუდმივად გაიაროს ტრენინგი. დღეს მსოფლიოს ყველა მოწინავე ქვეყნის  უმაღლეს სასწავლებლებს აქვთ მსგავსი ინსტიტუტი თავის შემადგენლობაში. ახლახანს ჩამოვედით ლიდსის უნივერსიტეტიდან, სადაც მუშაობს ძალიან ავტორიტეტული და მრავალწლიანი ისტორიის მქონე სამედიცინო განათლების ინსტიტუტი. სტომატოლოგიის ფაკულტეტი, ისე როგორც სხვა ფაკულტეტები, გარდა თეორიული ცოდნისა, აუცილებელად ითვალისწინებს პარაქტიკული უნარ–ჩვევების, კომუნიკაციის უნარების ათვისებას. შესაბამისად, არსებითია იმის განსაზღვრა, თუ როგორ უნდა მოხდეს პრაქტიკული უნარ–ჩვევების სწავლება.  მნიშვნელოვანია, რომ  აუდიტორია სავსეა ახალგაზრდებით, ისინი გაცილებით უკეთ გააგრძელებენ ჩვენს საქმეს. რაც შეეხება შედეგს, დარწმუნებული ვარ,  დადებითად აისახება თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტზე.

ცოდნა არ არსებობს ცოდნის შეფასების გარეშე. პროფესორმა ირინე კვაჭაძემ აღნიშნა, რომმნიშვნელოვანია, შეაფასო სტუდენტი  იმის მიხედვით, თუ რა იცის, როგორ იცის, როგორ აჩვენებს და როგორ ავითარებს ცოდნას ის... ეს ერთგვარ პირამიდას ქმნის – შეფასების სისტემის მილერისეულ კომპეტენციების პირამიდას.  ცნობილი მოთხოვნათა და საჭიროებათა იერარქია განათლების სფეროში აქტუალურია და მცირე ნაწილებით იქმნება ძირითადი – მარტო თითოეული სტუდენტის, თუ ექიმის კი არა, – ზოგადად პროფესიის მომავალიც...

აუდიტორიაში დიდი ინტერესი გამოიწვია თემებმა, რომლებიც ეხებოდა ობიექტურად სტრუქტურირებულ კლინიკურ გამოცდას სტომატოლოგიაში, საგამოცდო ტესტების სახეობებსა და შედგენის წესებს, კლინიკურ დახელოვნებას სტომატოლოგიაში პოსტდიპლომური განათლების ეტაპზე, კლინიკურ შემთხვევებზე დაფუძნებულ კლინიკურ აზროვნებას, ცოდნის შეფასების წესებსა და კლინიკური უნარ–ჩვევების სწავლებას სტომატოლოგიაში.

ტრენინგს ესწრებოდა სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია, რომელმაც ერთ–ერთი სამუშაო შეხვედრისას აღნიშნა, რომ ყველაზე მთავარი, რაც სწავლის თუ სწავლების მეთოდების განხილვისასაც და ზოგადად ცხოვრებაშიც უალტერნატივო პრიორიტეტია,  არის თავისუფლება. აკადემიური თავისუფლება და ამავე დროს, ურთიერთპატივისცემა  სწავლებისა და შეფასების პროცესების წარმატებით განხორციელების აუცილებელი პირობაა.

სტუდენტი თვითონვე უნდა  განსაზღვრავდეს საკუთარი განათლების პროცესის წარმატებას. სწორედ თავისუფლების ჭრილში უნდა განსაზღვროს თითოეულმა სტუდენტმა საკუთარი მომავალი, განათლების თვალსაზრისით კი მიიღოს მაქსიმუმი, – ამას უნივერსიტეტის პროფესურა უზრუნველყოფს.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტისთვის არა მარტო პროფესიონალების სრულყოფილი აღზრდაა პრიორიტეტული, არამედ მათი სულიერი ღირებულებების ჩამოყალიბება და დამოუკიდებელი აზროვნებისთვის მოტივირება–მომზადება, რის გარეშეც არ არსებობს არც მედიცინა, არც ზოგადად მეცნიერება. ეს სიღრმისეული გააზრება მომავლის მედიცინის მთავარი საყრდენია.