ტუბერკულოზის მსოფლიო დღე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში

ტუბერკულოზის მსოფლიო დღე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში

 

24 მარტს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში სტუდენტური თვითმმართველობის, საქართველოს ფარმაცევტ სტუდენტთა ასოციაციის, ივანე თარხნიშვილის სახელობის სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოების და არასამთავრობო ორგანიზაცია “არსიანის” ორგანიზებით, აღინიშნა ტუბერკულოზის მსოფლიო დღე. ტუბერკულოზი ერთ–ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა მსოფლიოში, სტატისტიკური მონაცემებით, ყოველწლიურად ამ სნეულებით 9 მილიონი ადამიანი ავადდება, მათგან 3 მილიონი სამედიცინო დახმარების გარეშე რჩება, 2 მილიონის სიცოცხლის  გადარჩენა კი ვერ ხერხდება. ყველაზე მნიშვნელოვანი ტუბერკულოზის დროული გამოვლენა და სწორი მკურნალობაა.

ტუბერკულოზთან დაკავშირებული ყველა პრობლემა მთელი საზოგადოების ინტერესის სფეროს უნდა წარმოადგენდეს, თუმცა, ამ მხრივ, მომავალი მედიკოსები გაზრდილ პასუხისმგებლობას გრძნობენ. ამიტომაც, 24 მარტი მათ ორი მიმართულებით აღნიშნეს: ერთი მხრივ, მხარდაჭერა გამოხატეს დაავადებულთა მიმართ და მეორე მხრივ, საკუთარი კომპეტენციის ასამაღლებლად მონაწილეობა მიიღეს კონფერენციაში  ტუბერკულოზის თემაზე.

სამედიცინო უნივერსიტეტის ტერიტორიაზე დარიგდა ტუბერკულოზის პრევენციისა და მკურნალობის შესახებ საინფორმაციო ფლაერები. მეტი ვიზუალური ეფექტისთვის,  ეზოში მოეწყო ფლეშმობი, სტუდენტებმა ცოცხალი ჯაჭვით გამოსახეს  TB, თითოეული მათგანი ამ ფორმით უცხადებდა  სოლიდარობას ტუბერკულოზით დაავადებულებს. A

რაც შეეხება კონფერენციას, ის დიდი ინტერესის ფონზე მიმდინარეობდა. მსმენელებმა დაწვრილებით განიხილეს ინფორმაცია ტუბერკულოზის გავრცელების, პრევენციისა და მკურნალობის შესახებ. ღონისძიებაზე მოწვეული იყო პროფესორი თამაზ ჭუმბურიძე, რომელმაც სტუდენტებს განუმარტა მათთვის საინტერესო საკითხები ტუბერკულოზის ირგვლივ. ღონისძიება დასრულდა სიმბოლიკიანი ცის მანათობლების გაშვებით.

ღონისძიების მხარდამჭერი იყო დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი.