პროფესორ ტომას რაშის ლექცია თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის

პროფესორ ტომას რაშის ლექცია თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის

2014 წლის 27 მარტს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის სტუდენტებისთვის ემორის უნივერსიტეტის  პროფესორმა ტომას რაშმა ლექცია წაიკითხა. ლექციის თემა ეხებოდა ამერიკის შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლის  ეროვნულ ცენტრს  (CDC) და საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს (NCDC), მათი მუშაობის პრინციპებსა და მნიშვნელობას, ზოგადად საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემას.

თავად პროფესორი ტომას რაში წარმოადგენს ამერიკის შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლის  ეროვნულ ცენტრს  (CDC) და  უკვე ხუთი წელია, მუშაობს საქართველოში. ის კურირებს ტრენინგ–პროგრამას თბილისში, რომელიც ამზადებს ლაბორატორიული ხარისხის კონტროლის ჩამოყალიბებასა და ხარისხის მენეჯმენტის სისტემის შექმნას  საქართველოში.

დიდი სამეცნიერო გამოცდილების მქონე პროფესორ ტომას რაშს განსაკუთრებული ინტერესით უსმენდნენ სტუდენტები. მათ პროფესორ რაშთან ერთად სიღრმისეულად გაიაზრეს საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემის როლი ქვეყნის ცხოვრებაში, დაავადებათა კონტროლის ცენტრის ფუნქცია და თითოეული ექიმის ადგილი ამ სისტემაში.როგორც ემორის უნივერსიტეტის ჯანდაცვის მეცნიერებათა პროფესორმა, თსსუ–ემორის ერთობლივი პროგრამის ხელმძღვანელმა არჩილ უნდილაშვილმა გვითხრა, ეს მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია გახლავთ სტუდენტებისთვის. მოგეხსენებათ, სამედიცინო უნივერსიტეტში მომავალი ექიმები სწავლობენ. მნიშვნელოვანია ექიმის ჩართულობა საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემაში. მათ თავის თავზე უნდა აიღონ საქართველოს მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა, ამიტომაც აუცილებლად უნდა   გაიაზრონ თავისი, როგორც მომავალი პრაქტიკოსი ექიმების  როლი საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემაში. ეს არის მიზანი, რომლის გამოც ვიწვევთ კომპეტენტურ სტუმრებს სტუდენტებთან სასაუბროდ სხვადასხვა სფეროდან. საშუალებას ვაძლევთ მათ საუკეთესო სპეციალისტებისგან მიიღონ სამომავლო მუშაობისათვის აუცილებელი ინფორმაცია და რჩევები.