თელ–ავივის საუნივერსიტეტო კლინიკის პროფესორები  თსსუ–ის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიურ კლინიკაში

თელ–ავივის საუნივერსიტეტო კლინიკის პროფესორები თსსუ–ის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიურ კლინიკაში

იხილეთ სიუჟეტი

2014 წლის 1 აპრილს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს  თელ-ავივის უნივერსიტეტის (ისრაელი) მედიცინის ფაკულტეტის პროფესორი, სოურასკის სამედიცინო ცენტრის დანა-დვაკის ბავშვთა ჰოსპიტალის პედიატრიული ქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი იცხაკ ვინოგრადი, ზოგადი ქირურგი, პროფესორი  მიხეილ რაბაუ და  ბავშვთა ქირურგი, პროფესორი ოსნან ზმორა ეწვივნენ.

   

მსოფლიოში ცნობილმა ქირურგებმა რამდენიმე რთული ოპერაცია ჩაატარეს თსსუ–ის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიურ კლინიკაში. „ეს მეგობრული ჟესტი და დახმარებისა და თანადგომის სურვილია, რომელმაც უკვე მეშვიდედ ჩამოგვიყვანა საქართველოში, იმედია, ჩვენი საქმე წაადგება თქვენს უნივერსიტეტს, დაეხმარება ქირურგებსა და მომავალ ქირურგებს კვალიფიკაციის ამაღლებაში“, – გვითხრა პროფესორმა იცხაკ ვინოგრადმა.

თელ–ავივიდან ჩამოსული პროფესორების სტუმრობას დიდი საგანმანათლებლო მნიშვნელობა ჰქონდა. ჩატარდა რამდენიმე ლექცია თემაზე „ლაპარასკოპია ბავშვთა ქირურგიაში“. დარბაზი გადაჭედილი იყო სტუდენტებით. ლექციებს ესწრებოდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია. როგორც მან გვითხრა, უკვე წლებია, თელ–ავივის საუნივერსიტეტო კლინიკის  პროფესორები თანამშრომლობენ თსსუ–ის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიურ კლინიკასთან. ლაპარასკოპიული ქირურგია ბავშვებში საქართველოში ჯერ კიდევ არ არის სათანადო  დონეზე განვითარებული. უახლესი დროის მოთხოვნების შესაბამისად, თსსუ–ის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკა აპირებს დანერგოს ეს მეთოდი. ამაში დიდ დახმარებას გვიწევენ ჩვენი კოლეგები ისრაელიდან.

უახლოეს მომავალში თსსუ–ის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიურ კლინიკაში ბავშვთა  ლაპარასკოპიული ქირურგიული განყოფილება ამოქმედდება.  პირველი ნაბიჯები გადადგმულია, კადრები მომზადებულია,  კონტაქტები წამყვან სპეციალისტებთან უზრუნველყოფს ჩატარებული ოპერაციების მაღალ ხარისხს და შედეგს. თუნდაც ის ფაქტი, რომ დღეს კლინიკას სტუმრობენ მსოფლიო  დონის ექსპერტები იცხაკ ვინოგრადი და მიხეილ რაბაუ, ბევრზე მეტყველებს.

მაღალ დონეზე ჩატარებული, საკმაოდ რთული ოპერაციების ნახვა და გაანალიზება ძალიან მნიშვნელოვანია როგორც სტუდენტებისთვის, ისე პროფესიონალებისთვისაც.

თსსუ–ის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკის ბავშვთა ქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი ავთანდილ  კუტუბიძე ჩატარებულ ლექციებსა და ოპერაციებს უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს: „მართალია, მსგავსი ოპერაციები ტარდება ჩვენს კლინიკაში, მაგრამ ბევრად უფრო  გამოცდილი ქირურგის გაკეთებულ ოპერაციას ორმხრივად კარგი შედეგი აქვს: პროფესიული დახვეწის თვალსაზრისითაც და ოპერაციის შედეგის გათვალისწინებითაც.  ეს ბატონები პირველად არ არიან საქართველოში, ჩამოდიან წელიწადში ორჯერ, ან სამჯერ,  გამოცდილებას გვიზიარებენ...  გვეხმარებიან, ჩავატაროთ ისეთი რთული ოპერაციები, რომელსაც საქართველოში ერთი–ორი კლინიკა თუ შეძლებს“.

თსსუ–ის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკის ინტელექტუალური და მატერიალურ–ტექნიკური ბაზა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის წარმატებული საგანმანათლებლო  საქმიანობის ერთ–ერთი ასპარეზია.

 და კიდევ, ძალიან მნიშვნელოვანია ჩატარებული ღონისძიებების საქველმოქმედო მხარეც. „როგორც ცნობილია, მსგავსი დონის ოპერაციები ძალიან ძვირადღირებულია უცხოეთში. ეს მართლაც დიდი საჩუქარია ჩვენთვის, რომ არა თსსუ–ის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკის დიდი   ავტორიტეტი, რომლის გამოც ასეთი დონის ქირურგები არიან ჩამოსული საქართველოში, ჩვენი შვილები ამ ოპერაციას ვერ გაიკეთებდნენ“, – აღნიშნეს ნაოპერაციები ბავშვების მშობლებმა.