ევროპისა და აზიის აბრეშუმის გზის უნივერსიტეტთა კონსორციუმის საბჭოს სხდომები პადოვას უნივერსიტეტში

ევროპისა და აზიის აბრეშუმის გზის უნივერსიტეტთა კონსორციუმის საბჭოს სხდომები პადოვას უნივერსიტეტში

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია 2014 წლის 7–13 აპრილს მივლინებით პადოვას (იტალია) უნივერსიტეტს ეწვია, სადაც დაესწრო ევროპისა და აზიის აბრეშუმის გზის უნივერსიტეტთა კონსორციუმის (ESRUC) აღმასრულებელი საბჭოს სხდომებს, იგი 2011 წლიდან ამ საბჭოს წევრია.

     

საბჭოს სხდომებზე განიხილეს: უნივერსიტეტთა კონსორციუმის მუშაობის 2013 წლის ანგარიში მსოფლიო ბანკის მიერ ენერგეტიკული ტექნოლოგიების ცენტრის (CENNET) დაფინანსების  შესახებ; ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ერასმუს–მუნდუსის პროექტში ევროპისა და აზიის აბრეშუმის გზის უნივერსიტეტთა კონსორციუმის წევრ იურიდიულ პირთა მონაწილეობის  პრაქტიკული  საკითხები; განათლებისა და კვლევის  სხვადასხვა პროექტები (ERSUC “GIS” და  “Caravan“-ის  პროექტები, „მარკო პოლოს“ მობილობის   პროგრამა, „AL-Khwarizmi”-ის გაცვლითი პროგრამა და სხვა); თურქეთის სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ სტუდენტთა და პროფესორთა მობილობის პროგრამაში „მელვანა“ – ევროპისა და აზიის აბრეშუმის გზის უნივერსიტეტთა კონსორციუმის წევრთა კიდევ უფრო აქტიური  ურთიერთთანამშრომლობის შესახებ; შეჯამდა 2013 წლის ნოემბერში ინდოეთში ჩატარებული ყოველწლიური კონგრესის და კონსორციუმის აღმასრულებელი საბჭოს  სხდომის შედეგები.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო  „ESRUC”-ის  მე–5 ყოველწლიური მიტინგის 2014 წლის 24-29 ივნისს მონღოლეთში, ულან–ბატორში ორგანიზების საკითხს. კონგრესის ძირითადი თემა იქნება „აბრეშუმის გზის ქვეყნებში მიმდინარე  გლობალური და რეგიონული ცვლილებები“, რაც მრავალმხრივ მნიშვნელოვანია...

აღმასრულებელმა საბჭომ განიხილა და დაადგინა, რომ 2015 წელს,  „ESRUC”-ის   ყოველწლიური კონგრესი  თურქეთში, ბითლის უნივერსიტეტში გაიმართება.

საბჭოს სხდომების შემდეგ პადოვას უნივერსიტეტის  ვიცე–რექტორმა, პროფესორმა ალექსანდრო მარტინიმ სტუმრებს გააცნო მსოფლიოს ერთ–ერთი ყველაზე ძველი უნივერსიტეტის – პადოვას უნივერსიტეტის აკადემიური და სამეცნიერო მუშაობის პრინციპები,  დაათვალიერებინა მსოფლიოში  უძველესი ბოტანიკური ბაღი,  ანატომიური  თეატრი და სხვა..  დაისახა მომავალი ურთიერთთანამშრომლობის გეგმებიც.

ვენეციის საერთაშორისო უნივერსიტეტის პრეზიდენტმა, მისმა აღმატებულება ბატონმა ელჩმა–უმბერტო ვატანიმ კი აღმასრულებელი საბჭოს წევრებს  თავისი უნივერსიტეტის საქმიანობა გააცნო.

როგორც პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია აღნიშნავს, ვიზიტი ნაყოფიერი აღმოჩნდა. მნიშვნელოვანი იყო ისიც, რომ საშუალება ჰქონდა, შეხვედროდა თსსუ–ის პარტნიორი  უნივერსიტეტების  ხელმძღვანელებს: ათათურქის უნივერსიტეტის პრეზიდენტს,  პროფესორ ჰიკმეკ კოჩაკს და კიიტის (ინდოეთი) უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ სატიენდრა პატნაიკს. გაირკვა  თსსუ–ის სტუდენტებისა და რეზიდენტების  სამომავლო სტაჟირების პირობები.

ყოველი ასეთი სამუშაო ვიზიტი მნიშვნელოვანია როგორც თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მომავალი განვითარებისთვის, ისე ახალი პერსპექტიული გზების მოძიების თვალსაზრისითაც.