თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დოქტორანტი ევროპის მიკროცირკულაციის საზოგადოების წევრი გახდა

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დოქტორანტი ევროპის მიკროცირკულაციის საზოგადოების წევრი გახდა

 

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პათოფიზიოლოგიის დეპარტამენტის დოქტორანტი  ნათია გამყრელიძე ბრისტოლში  ბრიტანული მიკროცირკულაციის საზოგადოების მიერ გამართულ სამუშაო კონფერენციაზე იყო მიწვეული, სადაც ის  სასტენდო მოხსენებით წარსდგა.

ნათია გამყრელიძის სადოქტორო თემის ერთი ეპიზოდი – „მიკროცირკულაციის როლი კრაშ სინდრომის დროს“ საინტერესო აღმოჩნდა  ბრიტანეთის მიკროცირკულაციის საზოგადოებისთვის. ამიტომაც ახალგაზრდა მკვლევრებს შორის ის გამოარჩიეს რამდენიმე სხვა ავტორთან ერთად და გადასცეს „ახალგაზრდა მკვლევრის მხარდაჭერის პრიზი“ ფულად ჯილდოსთან ერთად.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დოქტორანტის შრომა (ხელმძღვანელები არიან პათოფიზიოლოგიის დეპარტამენტის პროფესორი ვახტანგ ყიფიანი და ასოცირებული პროფესორი თეიმურაზ პეტრიაშვილი) საინტერესოდ მიიჩნიეს  ბრიტანელმა  პროფესორებმა და სტუდენტებმა. ლონდონის სამეფო კოლეჯის პროფესორმა ჯოვანი მანიმ განსაკუთრებული ყურადღების ღირსად მიიჩნია ქართველი დოქტორანტის სასტენდო მოხსენება. მან სამომავლო თანამშრომლობაც შესთავაზა  ახალგაზრდა მკვლევარს.

მნიშვნელოვანია, რომ ნათია გამყრელიძე  გახდა ბრიტანეთის მიკროცირკულაციის საზოგადოების წევრი და ამავდროულად, ევროპის მიკროცირკულაციის საზოგადოების წევრიც, რაც ნამდვილად კარგი სასტარტო მონაცემია ქართველი დოქტორანტისთვის. ევროპის მიკროცირკულაციის საზოგადოება უშვებს სამეცნიერო ჟურნალს სახელწოდებით „მიკროცირკულაცია“, სადაც რამდენიმე თვეში ნათია გამყრელიძის სტატია „მიკროცირკულაციის როლი კრაშ სინდრომის დროს“ დაიბეჭდება.