თურქეთის გირესუნის უნივერსიტეტის წარმომადგენლები თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს ეწვივნენ

თურქეთის გირესუნის უნივერსიტეტის წარმომადგენლები თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს ეწვივნენ

2014 წლის 30 აპრილს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს გირესუნის უნივერსიტეტის (თურქეთი)  წარმომადგენლები ეწვივნენ. ეს შედარებით ახალგაზრდა უნივერსიტეტია, რომელმაც უკვე მოიპოვა  ავტორიტეტი. როგორც გირესუნის უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა,  ადემ უსტამ გვაცნობა,  იქ 25000 სტუდენტი სწავლობს, აქედან 400 უცხოელია, მათგან 10 კი – საქართველოს მოქალაქე.

გირესუნის უნივერსიტეტის რექტორი ქალბატონი აიგუნ ათთარი კარგად იცნობს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს, წლების მანძილზე აკვირდებოდა აქ მიმდინარე სასწავლო პროცესს და უდიდესი სიამოვნებით აპირებს  მჭიდრო კავშირი დაამყაროს ამ დიდი ტრადიციებისა და ნოვატორული მიდგომების უმაღლეს სასწავლებელთან.

     

თურქეთიდან ჩამოსულ სტუმრებს: გირესუნის უნივერსიტეტის ვიცე–რექტორს, პროფესორ მაჰირ კადაქალს, საერთაშორისო ურთიერთობების კოორდინატორს, ასოცირებულ პროფესორ შერინ დილის, თურქული და უცხოური ენების შემსწავლელი ცენტრის თავმჯდომარეს, ასისტენტ–პროფესორ აჰმედ გუნგიორს, საზოგადოებრივი მეცნიერებების ინსტრუქტორს თალიფ თერზოღლუს, უცხო ენების ლექტორს სენა საით ბეიათლის შეხვდნენ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის წარმომადგენლები: რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია, ვიცე–რექტორი, პროფესორი რიმა ბერიაშვილი, ვიცე–რექტორი, პროფესორი კახაბერ ჭელიძე, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი, პროფესორი ია ავალიანი, უცხოელ სტუდენტთა განათლების დეპარტამენტის უფროსი, ასოცირებული პროფესორი გიორგი გიორგობიანი, ასისტენტ–პროფესორი დავით თოფურია, უცხო ენების ცენტრის დირექტორი, პროფესორი მანანა ქუთელია, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ზაზა ტალახაძე, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ირინა კაპეტივაძე და რექტორის თანაშემწე დავით დელიბაშვილი.

თსსუ–ის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ვადაჭკორიამ დეტალურად გააცნო სტუმრებს ჩვენი უნივერსიტეტის ისტორია, დღევანდელი შესაძლებლობები. როგორც გირესუნის უნივერსიტეტის ვიცე–რექტორმა, პროფესორმა მაჰირ კადაქალმა აღნიშნა, თურქეთი და საქართველო მეზობელი ქვეყნებია, მათ ბევრი რამ აერთანებთ და სასურველია, რაც შეიძლება  მჭიდრო ურთიერთობები გვქონდეს განათლების სფეროშიც.  თურქეთის მხარე დაინტერესებულია, რაც შეიძლება მეტი გაცვლითი პროგრამა ამუშავდეს საქართველოსთან. „მევლანას“ ფარგლებში გაფორმდა ხელშეკრულება, რის საფუძველზეც, ზაფხულში გირესუნის უნივერსიტეტში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები გაემგზავრებიან სტაჟირებაზე. თურქულმა მხარემ დახმარება სთხოვა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს, რომ თავისი გამოცდილი კადრები გირესუნის უნივერსიტეტში მიავლინოს ლექციების წასაკითხად. ამასთან დაკავშირებით, გაკეთდა ოფიციალური მიწვევაც თურქეთის მხარისაგან.

   

ოფიციალური შეხვედრის დასრულების შემდეგ, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა სტუმრებს უნივერსიტეტის ფოტოგალერეა დაათვალიერებინა, რომელიც თბილისის სახელწმიფო სამედიცინო უნივერსიტეტის  ისტორიას ასახავს.

სტუმრები ეწვივნენ თსსუ–ის კლინიკური უნარ–ჩვევების ცენტრს. დაათვალიერეს თანამედროვე სტანდარტების მიხედვით აღჭურვილი სასწავლო კაბინეტები, ესაუბრნენ სტუდენტებს, რომლებმაც დიდი კმაყოფილება გამოხატეს სწავლების პროცესთან დაკავშირებით.  კლინიკური უნარ–ჩვევების ცენტრის დირექტორმა, პროფესორმა ირმა მანჯავიძემ სტუმრებს დაწვრილებით აუხსნა, რა პრინციპს ემყარება სწავლება თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში და როგორია შედეგები ობიექტურად სტრუქტურირებული კლინიკური გამოცდის მიხედვით. როგორც გირესუნის უნივერსიტეტის რექტორის მეუღლემ,  სადექ ათთარმა გვითხრა, თავადაც აქვს მიღებული არასრული სამედიცინო განათლება, შემდეგ კი სრული განათლება ინჟინრის კვალიფიკაციით. ბევრი რამ სმენოდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტზე, აქ რომ მოდიოდა, ჰქონდა იმის მოლოდინი, რომ თავისი საქმის პროფესიონალი კადრები და მაღალ დონეზე მოწყობილი სასწავლო გარემო ელოდა. მაგრამ რაც ნახა, ამან მოლოდინს გადააჭარბა.  

თსსუ–ის კლინიკური უნარ–ჩვევების ცენტრში თურქეთიდან ჩამოსულ დელეგაციას თურქეთის მოქალაქე, დამამთავრებელი კურსის სტუდენტები შეხვდნენ. სტუდენტებმა დაადასტურეს, რომ აქ ნამდვილ პროფესიონალად შეიძლება ჩამოყალიბება და თსსუ–ში გატარებული წლები მათთვის დიდი გამოცდილების მომტანი იყო.