თამარ დეკანოსიძის მემორიალური დაფა გაიხსნა

თამარ დეკანოსიძის მემორიალური დაფა გაიხსნა

2014 წლის 23 მაისს იმ სახლის კედელზე, სადაც დიდი მეცნიერი, პროფესორი თამარ დეკანოსიძე ცხოვრობდა, მემორიალური დაფა გაიხსნა. ღონისძიებას ესწრებოდნენ თსსუ–ის რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია, ვიცე–რექტორი, პროფესორი რიმა ბერიაშვილი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ვიცე–პრეზიდენტი, ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი თეიმურაზ ნანეიშვილი, აკადემიკოსი ფრიდონ თოდუა,  აკადემიკოსი  რომან შაქარიშვილი, პროფესორი რამაზ ჩიხლაძე სხვა მეცნიერები და პედაგოგები. ბევრი მათგანი ქალბატონი თამარის მოწაფე გახლდათ და დიდი მადლიერებით იხსენებდა ამაგდარ პედაგოგს. 

ღონისძიება გახსნა პროფესორმა რამაზ ჩიხლაძემ. სიტყვით გამოვიდნენ: ქალბატონი თამარის საყვარელი მოწაფე, თსსუ–ის რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია, აკადემიის ვიცე–პრეზიდენტი, აკადემიკოსი რომან შაქარიშვილი, ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი თეიმურაზ ნანეიშვილი, ქალბატონი თამარის გამორჩეული მოწაფე, პროფესორი რიმა ბერიაშვილი, ასევე ქალბატონი თამარის მოწაფე, პროფესორი ავთანდილ ჯორბენაძე, ქალბატონი თამარის უსაყვარლესი მოწაფე, ა.ნათიშვილის სახ. მორფოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი დიმიტრი კორძაია ...

გაიხსენეს ქალბატონი თამარის ღვაწლი, მისი ცხოვრება და სამეცნიერო საქმიანობა...

მემორიალური დაფა გახსნეს პროფესორმა ზურაბ ვადაჭკორიამ და აკადემიკოსმა ფრიდონ თოდუამ.

ბევრი თბილი სიტყვა ითქვა ქალბატონი თამარის მიმართ. გაიხსენეს, რომ ის ინსტიტუტის დამთავრებისთანავე დატოვეს თსსუ-ს პათოლოგიური ანატომიის კათედრაზე ასისტენტად, შემდეგ აირჩიეს დოცენტად, პროფესორად. ის ავტორია 250-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომისა, რომლებიც ეხება ნერვულ-ქსოვილოვან ურთიერთობებს ნორმალური და პათოლოგიური ზრდის პირობებში, გეროგენული ცვლილებების მორფოლოგიურ საფუძვლებს, სამედიცინო-ბიოლოგიური პროცესების შეფასების აუცილებლობას სინერგეტიკის პოზიციებიდან (მოლეკულური ბიოლოგია, ბიოფიზიკა).  გამოქვეყნებული აქვს 65 მონოგრაფია, მათ შორის “შეგუების და კომპენსაციური პროცესების მორფო-ფუნქციური საფუძვლები”, რომელშიც მიენიჭა ივ. თარხნიშვილის სახელობის პრემია. მისი ხელმძღვანელობით დაცულია 187 საკანდიდატო და 72 სადოქტორო დისერტაცია.

თამარ დეკანოსიძე არჩეული იყო პათოლოგ-ანატომთა, გერონტოლოგთა, ათეროსკლეროზის და სხვა საერთაშორისო საზოგადოებებისა და ასოციაციების გამგეობის წევრად. იყო საქართველოს მრავალი დარგობრივი ასოციაციის წევრი. ქალბატონი თამარი როგორც მრავალი სამედიცინო ჟურნალისა და გამომცემლობის (დიდი საბჭოთა ენციკლოპედია, ქართული ენციკლოპედია, ჟურნალი “Архив патологий” და სხვა) სარედაქციო კოლეგიის წევრი ეწეოდა უაღრესად ნაყოფიერ საქმიანობას. მისი უშუალო მონაწილეობით იყო ჩატარებული არაერთი საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმი, როგორც საქართველში, ისე საზღვარგარეთ.

თამარ დეკანოსიძე უყვარდათ როგორც სამედიცინო წრეებში, ისე მის გარეთაც. ის მეგობრობდა ცნობილ ხელოვანებთან, საინტერესო და სასურველი სტუმარი იყო ყველგან, ნებისმიერ უმაღლეს სასწავლებელში.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში დიდი მეცნიერის – თამარ დეკანოსიძის ხსოვნას არაერთი ღონისძიება მიეძღვნა.

ქალბატონმა თამარმა თავისი მოღვაწეობით უკვდავყო საკუთარი თავი, ეს დაფა კი, როგორც მცირე ნიშანი მისი ამქვეყნიური ყოფისა, უბრალოდ გაახსენებს ყველა ქართველს, რომ აქ ცხოვრობდა დიდი მეცნიერი, ამაგდარი მასწავლებელი – თამარ დეკანოსიძე, რომელმაც მეცნიერთა არაერთი თაობა აღუზარდა საქართველოს. რომ მისი ღვაწლი არასდროს მიეცემა დავიწყებას...