სტომატოლოგია მაღალი სტანდარტებით

სტომატოლოგია მაღალი სტანდარტებით

2014 წლის 17-18 მაისს კიდევ ერთი წარმატებული პროექტი განხორციელდა საქართველოს რეგიონებში მომუშავე სტომატოლოგთა მხარდასაჭერად. ეს ღონისძიება კვლავ საქართველოს სტომატოლოგთა პროფესიული ასოციაციის, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ოდონტოლოგიის და პაროდონტისა და პირის ღრუს ლორწოვანის დაავადებათა დეპარტამენტების, სტომატოლოგიის კლინიკისა და სასწავლო-კვლევითი ცენტრის – უნიდენტის ექიმთა ინიციატივით მოხდა.

სასტუმროს საკონფერენციო დარბაზმა ძლივს დაიტია კონფერენციაზე დასწრების მსურველები. ღონისძიებას 165 სტომატოლოგი დაესწრო. ისინი სამეგრელოს თითქმის ყველა ქალაქიდან ჩამოვიდნენ (ზუგდიდი, აბაშა, ხობი, სენაკი, ჩხოროწყუ).

კონფერენციას ესწრებოდნენ ზუგდიდის დამოუკიდებელი უნივერსიტეტის თანამშრომლები და სტომატოლოგიის მიმართულების პედაგოგებიც. ზუგდიდში სარეზიდენტო კლინიკის მთავარი ექიმი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი გია დანელია კონფერენციაზე თავისი კლინიკის ექიმებთან და სტუდენტებთან ერთად მოვიდა.

თბილისიდან ჩასულ სტუმრებს  მასპინძლობდა თსსუ-ის სტომატოლოგიის ფაკულტეტისა და სტომატოლოგიის კლინიკისა და სასწავლო-კვლევითი ცენტრის, უნიდენტის რეზიდენტურის კურსდამთავრებული, ექიმი-სტომატოლოგი ირაკლი ლატარია და ზუგდიდში მომუშავე სტომატოლოგები.  

აუდიტორია უდიდესი ინტერესით ისმენდა ლექციათა ციკლს და მათი აქტივობა მთელი დღის მანძილზე არ შენელებულა. კონფერენცია 7 საათს გაგრძელდა (10:00-18:00).

კონფერენციათა ციკლის რიგით მე-4 აქტივობა „სტომატოლოგია მაღალი სტანდარტებით“ პროფესორმა მარინა მამალაძემ გახსნა. მანვე წაიკითხა პირველი ლექცია, რომელიც თანამედროვე ადჰეზიურ სისტემებსა და კომპოზიტებით კბილთა რესტავრაციას მიეძღვნა.

პროფესორმა მანანა ივერიელმა ალერგიულ სტომატიტებზე და მათი მართვის პრინციპებზე ისაუბრა.

როგორც ყოველთვის, ამჯერადაც აუდიტორია ინტერესით შეხვდა პროფესორ ნინო ჭიპაშვილის ლექციას ამბულატორიულ სტომატოლოგიაში ტკივილის მართვის შესახებ.

კონფერენციის ძირითადი მოხსენებათა ციკლი დაასრულა ასოცირებული პროფესორის – ნინო აბაშიძის ლექციამ - სწრაფად პროგრესირებადი პაროდონტიტი და მისი მართვის ძირითადი პრინციპები.

კონფერენციაზე ორი ინფორმაციული პრეზენტაცია გახლდათ წარმოდგენილი სტომატოლოგიური დაავადებების მკურნალობაში ხოლისალისა და ტრახისანის გამოყენების თაობაზე (ასოცირებული პროფესორი ლალი ჯაში, ასისტენტ-პროფესორი ხატია გოგიშვილი). 

კონფერენციის უცვლელი სპონსორები იყვნენ ფარმაცევტული კომპანიები Alpen Pharma და GEA.

არანაკლებ საინტერესო აღმოჩნდა კონფერენციის მე-2 დღე. 18 მაისს სტომატოლოგიის კლინიკა „Medex“-ში , ირაკლი ლატარიამ ჩვენს დელეგაციას უმასპინძლა. აქ უკვე საჩვენებელი მასტერ-კლასები  ჩატარდა.

ექიმებმა: თეა ჭუმბურიძემ და თამარ ჟღენტმა - 1.1; 2.1 კბილთა საჩვენებელი რესტავრაცია ჩაატარეს ნანოკომპოზიტით Esthet- X HD

ექიმების, მაია ლომსიანიძისა და მაკა კოპალიანის მიერ 1.6 კბილის ენდოდონტიური მკურნალობა ძალიან საინტერესო აღმოჩნდა,  დამსწრე ექიმებს ენდომკურნალობის პროტოკოლის გაცნობის საშუალება მიეცათ.

პროფესორმა მანანა ივერიელმა და ასოცირებულმა პროფესორმა ნინო აბაშიძემ პაციენტთა კონსულტაციები ჩაატარეს.

ექიმებმა, თეა ჯანჯალაშვილმა და ლია სანოძემ  დამსწრე ექიმებს უჩვენეს დიოდური ლაზერული აპარატის (Dr. Smile) კლინიკური გამოყენების თავისებურებები.

ამავე დღეს პროფესორები: მარინა მამალაძე და ნინო ჭიპაშვილი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატმა გია დანელიამ მიიწვია ზუგდიდის დამოუკიდებელ უნივერსიტეტში, უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალთან და ზუგდიდის ექიმ-სტომატოლოგებთან შესახვედრად. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.  ექიმებს აინტერესებდათ პრაქტიკული სტომატოლოგიის და სამედიცინო სტომატოლოგიური რეგულაციების საკვანძო საკითხები. ცოტა ხანში შეხვედრას პროფესორები მანანა ივერიელი და ნინო აბაშიძეც შეუერთდნენ. საუბარი 3 საათის განმავლობაში გაგრძელდა და მსმენელთა უდიდესი ინტერესი გამოიწვია.

ვიზიტი სამეგრელოს რეგიონში  დადიანების სასახლის  და ანაკლია–განმუხურის ულამაზესი პეიზაჟების დათვალიერებით დასრულდა. 

.