შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის წარმომადგენლები თსსუ–ს ეწვივნენ

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის წარმომადგენლები თსსუ–ს ეწვივნენ

2014 წლის 2 ივნისს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის წარმომადგენლები ეწვივნენ. ვიზიტის მიზანი გახლდათ სახელმწიფო სამეცნიერო ფონდის გრანტების კონკურსის პრეზენტაცია.

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის სამეცნიერო პროგრამების დეპარტამენტის უფროსმა ირაკლი ნოსელიძემ უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალს დეტალურად გააცნო კონკურსის პირობები. განიხილეს გასული წლების შედეგები და წლევანდელი კონკურსის პირობებში შეტანილი ცვლილებები. როგორც ბატონმა ირაკლი ნოსელიძემ აუდიტორიას განუცხადა, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, იცოდეს მეცნიერთა აზრი: რა არის გამოსასწორებელი, როგორ ჯობია ჩატარდეს ეს კონკურსი.

აუდიტორიის კითხვებს პასუხობდნენ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის პროგრამების დეპარტამენტის უფროსი ირაკლი ნოსელიძე, მონიტორინგის  დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი  იოსებ კუპრაშვილი და მთავარი სპეციალისტი ზურაბ ბრეგვაძე. პრეზენტაცია მოიცავდა რამდენიმე კონკურსს: ფუნდამენტური კვლევებისთვის, გამოყენებითი კვლევებისთვის და საზღვარგარეთის სამეცნიერო ცენტრებში მომუშავე წარმატებულ თანამემამულეებთან საქართველოს სამეცნიერო კადრების ერთობლივი კვლევებისთვის.

დაწვრილებითი ინფორმაცია კონკურსში მონაწილეობის შესახებ და  შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის წარმომადგენლებთან კომუნიკაცია შესაძლებელია ვებ–გვერდის http://www.rustaveli.org.ge საშუალებით.

როგორც თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ვიცე–რექტორმა და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის სამეცნიერო საბჭოს წევრმა, პროფესორმა რიმა ბერიაშვილმა აუდიტორიას აცნობა, ეს ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო კონკურსია, რომელში მონაწილეობაც, ალბათ, ყველა მკვლევარისთვის სასურველი და ავტორიტეტული იქნება.