სტუდენტთა XX სამეცნიერო კონფერენცია  “ეპიგენეტიკა – მეორე რევოლუცია გენეტიკაში”

სტუდენტთა XX სამეცნიერო კონფერენცია “ეპიგენეტიკა – მეორე რევოლუცია გენეტიკაში”

2014 წლის 28 მაისს თსსუ-ს ბიბლიოთეკის ცისფერ დარბაზში მოლეკულური და სამედიცინო გენეტიკის დეპარტამენტის და სამედიცინო გენეტიკისა და ეპიგენეტიკის საქართველოს საზოგადოებასთან არსებული  სტუდენტური-სამეცნიერო კლუბ “მეგ”-ის  (მომავალი ეკუთვნის გენეტიკას) ორგანიზებით ჩატარდა სტუდენტთა რიგით XX სამეცნიერო კონფერენცია თემაზე – “ეპიგენეტიკა – მეორე რევოლუცია გენეტიკაში”.

საქართველოში პირველად ჩატარდა ეპიგენეტიკის საკითხებისადმი მიძღვნილი კონფერენცია, რომლის ფარგლებშიც განიხილეს გენომის რეგულაციის და ქრომატინის ფუნქციონირების ძირითადი მექანიზმები ნორმისა და სხვადასხვა დაავადებების დროს.

კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს: თსსუ–ის მედიცინის ფაკულტეტის მეორე კურსის ქართულ- და ინგლისურენოვანმა სტუდენტებმა, დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის (USMD) პირველი კურსის სტუდენტებმა, რომელთაც კოორდინაცია გაუწიეს უფროსი კურსის წარმატებულმა სტუდენტებმა და თსსუ-ის კურსდამთავრებულებმა. 13–მა მომხსენებელმა  წარმოადგინა სამეცნიერო კვლევების პირველადი შედეგები და სამომავლო გეგმები. მათ მიმოიხილეს ისეთი აქტუალური საკითხები, როგორიცაა:  სიმსივნის ეპიგენეტიკა, საკვების გავლენა გენის ექსპრესიის რეგულაციაზე, ალერგიული დაავადებების ეპიგენეტიკური ასპექტები, ეპიგენეტიკური თერაპიის ახალი, დამიზნებითი სამკურნალო საშუალებები და ა.შ.

კონფერენცია, ზეპირი მოხსენებების გარდა, მოიცავდა პოსტერულ მოხსენებებსაც, რომლის წარდგენის შემდეგაც  გაიმართა საუბარი და დისკუსია პოსტერების ავტორებთან.

კონფერენციას ესწრებოდნენ: თსსუ-ის ვიცე–რექტორი, პროფესორი რიმა ბერიაშვილი, მედიცინის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი თინათინ ჩიქოვანი, ფარმაკოლოგიის დეპარტამენტის პროფესორი ნელი ანთელავა, სამედიცინო ბიოლოგიის და პარაზიტოლოგიის დეპარტამენტის პროფესორი დავით ცხომელიძე, აშშ-ის ემორის უნივერსიტეტის მედიცინის და ნევროლოგიის პროფესორი კენ უოკერი, ემორის უნივერსიტეტის ასისტენტ–პროფესორი არჩილ უნდილაშვილი, USMD პროგრამის კოორდინატორი თეა თოდუა,  ივ. ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის დირექტორი, პროფესორი დავით ნადარეიშვილი, მედი-ქლაბ-ჯორჯიას ბავშვთა ნევროლოგი  გია მელიქიშვილი, სასამართლო მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი ბესარიონ კილასონია, და სხვა  პროფესორ-მასწავლებლები. 

კონფერენციას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა სტუდენტების სამეცნიერო უნარ-ჩვევების ჩამოყალიბების, სტუდენტებს, მეცნიერებს და პროფესორ-მასწავლებლებს შორის ურთიერთობის გაღრმავების თვალსაზრისით.

კონფერენცია საზეიმო ვითარებაში დაიხურა. ყველა მონაწილეს გადაეცა სერტიფიკატი.