საქველმოქმედო საღამო თამარ გავაშელიშვილის დასახმარებლად

საქველმოქმედო საღამო თამარ გავაშელიშვილის დასახმარებლად

თამარ გავაშელიშვილი ბავშვობისდროინდელი ტრავმის შემდეგ დამოუკიდებლად ვეღარ გადაადგილდება, თუმცა ამან ხელი არ შეუშალა სიკეთის კეთებაში. მან შექმნა „იმედის სახლი“  და ეხმარება უკიდურესად გაჭირვებულ ადამიანებს: აპურებს მათ და  სამოსით, სხვადასხვა საჭირო პროდუქტებით ამარაგებს. ამჟამად ქალბატონი თამარი ძალიან მძიმე დღეშია, სჭირდება ორივე ფეხის ენდოპროტეზირება.  სწორედ მის დასახმარებლად  გაერთიანდა  საზოგადოება. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი ამ კეთილშობილურ საქმეში ჩაერთო.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობისა და ქართული ხალხური ცეკვების ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლი „ვორტექსის“ ინიციატივით, თსსუ–ის წითელ დარბაზში საქველმოქმედო კონცერტი გაიმართა. კონცერტის შემდეგ შეგროვდა შემოწირულობა, რაც სრულად გადაეცემა იმედის გმირს – თამარ გავაშელიშვილს.

ამავე აქციის ფარგლებში, თამარ გავაშელიშვილის დასახმარებლად საკუთარი ხელნაკეთი სამკაული, სურათის ჩარჩოები და ზარდახშები გასაყიდად გამოიტანა თსსუ–ის მედიცინის ფაკულტეტის IV კურსის სტუდენტმა სალომე ნოზაძემ.