კონფერენცია „ახალგაზრდული პოლიტიკის 2014-2020 წლების სამოქმედო გეგმის შემუშავების შესახებ

კონფერენცია „ახალგაზრდული პოლიტიკის 2014-2020 წლების სამოქმედო გეგმის შემუშავების შესახებ

2014 წლის 27 ივნისს  საგამოფენო ცენტრ „ექსპო-ჯორჯიაში" საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ,  გაეროს ბავშვთა ფონდისა და გაეროს მოსახლეობის ფონდის  მხარდაჭერით, ჩაატარა კონფერენცია „ახალგაზრდული პოლიტიკის 2014-2020 წლების სამოქმედო გეგმის შემუშავების შესახებ".

კონფერენცია გახსნეს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ლევან ყიფიანმა, გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა ლელა ბაქრაძემ და გაეროს ბავშვთა ფონდის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელის მოადგილემ ნადა მარასოვიჩმა. კონფერენციას ესწრებოდნენ: ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლები, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებთან და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი გიგა სორდია,   მიხეილ დიაკონიძე,  სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენლები: კახა აბულაძე, გიორგი მიკუჩაძე, თამარ საგანელიძე, ლაშა ლობჯანიძე.

გამომსვლელებმა მოუწოდეს ახალგაზრდებს ახალგაზრდული პოლიტიკის 2014-2020 წლების სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში აქტიურად ჩართვისკენ.  

კონფერენციის მიზანი იყო ახალგაზრდებისა და ახალგაზრდული ორგანიზაციების გააქტიურება, რომ მათ მონაწილეობა მიიღონ პოლიტიკის დოკუმენტის სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში. ახალგაზრდული ორგანიზაციებისაგან მიწოდებული წინადადებები და მოსაზრებები ასახული იქნება სამოქმედო გეგმის სამუშაო დოკუმენტში, რომელიც მოგვიანებით საქართველოს მთავრობას წარედგინება დასამტკიცებლად.

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო, გაეროს ბავშვთა ფონდთან და გაეროს მოსახლეობის ფონდთან პარტნიორობით, მუშაობს ქვეყანაში ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარებაზე. ამ პარტნიორობის შედეგად გაწეული სამუშაოს ფარგლებში, უკვე შექმნილია „სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტი", რომელიც საქართველოს მთავრობამ 2014 წლის 2 აპრილს დაამტკიცა. პოლიტიკის დოკუმენტი უზრუნველყოფს ახალგაზრდების აქტუალურ პრობლემათა მოგვარებას ახალგაზრდობის საკითხებზე მომუშავე სამინისტროების, სახელმწიფო სტრუქტურების,  სამოქალაქო საზოგადოებისა და კერძო სექტორის, ასევე, საერთაშორისო, ეროვნული და ადგილობრივი პარტნიორების კოორდინაცის გზით.

ახალგაზრდული პოლიტიკა წარმოადგენს კონცეპტუალურ დოკუმენტს და ის საფუძვლად უდევს მთავრობის მიერ ახალგაზრდობასთან დაკავშირებით განხორციელებულ ქმედებებს. ახალგაზრდული პოლიტიკის განსახორციელებლად, სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს შესაბამის ვადებში განსაზღვრული სამოქმედო გეგმის შემუშავება, განხორციელება და შეფასება.

ახალგაზრდული პოლიტიკის სამოქმედო გეგმაზე მუშაობა 2013 წელს დაიწყო და ახალგაზრდული პოლიტიკის ოთხ სტრატეგიულ მიმართულებას მოიცავს:

1. მონაწილეობა

2. განათლება, დასაქმება და მობილობა

3. ჯანმრთელობა 

4. სპეციალური მხარდაჭერა და დაცვა.

სამოქმედო გეგმა მოიცავს კონკრეტულ და დროში გაწერილ პროგრამებსა და ღონისძიებებს, რომელთაც უნდა უზრუნველყონ ახალგაზრდული პოლიტიკის ამოცანების შესრულება, პროგრესის ინდიკატორებს, ბიუჯეტსა და პასუხისმგებელ უწყებებს. 2014 წელს დაგეგმილია სამოქმედო გეგმების დასრულება.

აღნიშნული დოკუმენტების შემუშავებაში ჩართულები იყვნენ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებთან და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის სამსახურიდან: გიგა სორდია და  მიხეილ დიაკონიძე, ასევე სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენლები: კახა აბულაძე, გიორგი მიკუჩაძე, თამარ საგანელიძე, ლაშა ლობჯანიძე.