გორბაჩევსკის სახელობის ტერნოპილის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის წარმომადგენლები თსსუ–ს ეწვივნენ

გორბაჩევსკის სახელობის ტერნოპილის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის წარმომადგენლები თსსუ–ს ეწვივნენ

2014 წლის 1 ივლისს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს  გორბაჩევსკის სახელობის ტერნოპილის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის (უკრაინა) რექტორი, პროფესორი ლეონიდ კოვალჩუკი და უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროს სამეცნიერო და საგანმანათლებლო პერსონალის დეპარტამენტის უფროსი ნიკოლაი ოსიიჩუკი ეწვივნენ.

სტუმრებს შეხვდნენ: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია, დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლებისა და უწყვეტი პროფესიული განვითარების ინსტიტუტის დირექტორი,  ასოცირებული პროფესორი ზაზა ბოხუა, რექტორის მრჩეველი დავით დელიბაშვილი, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ირინა კაპეტივაძე.  სტუმრებმა აღნიშნეს, რომ თვალს ადევნებენ თსსუ–ის წარმატებულ კურსს როგორც დიპლომამდელი, ისე დიპლომისშემდგომი განათლების სფეროში. მათთვის ძალიან საინტერესოა ის ინოვაციები, რაც აქ დაინერგა და რამაც ტრადიციულ მიდგომასთან ერთად განაპირობა  მაღალი შედეგი სწავლებაში.

გორბაჩევსკის სახელობის ტერნოპილის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი დაინტერესებულია, თავისთანაც დანერგოს მოდერნიზებული მიდგომა აკადემიურ სფეროში. სწორედ ამ მიზნის მისაღწევად, მათ სჭირდებათ ქართველი კოლეგების რჩევები და პროფესიული კონსულტაციები.

როგორც თსსუ–ის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ვადაჭკორიამ განაცხადა, ჩვენ მზად ვართ მივიღოთ მონაწილეობა უკრაინელი კოლეგების კონსულტირებასა და დავეხმაროთ გორბაჩევსკის სახელობის ტერნოპილის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს სწავლების  მოდერნიზების საქმეში.

 შეთანხმება შედგა, რის საფუძველზეც 2014 წლის 15–18 ივლისს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ჩამოვლენ გორბაჩევსკის სახელობის ტერნოპილის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის წარმომადგენლები. მათ სწავლების მოდერნიზების სფეროში დეტალურ ინფორმაციას მიაწვდიან ქართველი კოლეგები.