მადლობის წერილი თსსუ–ის რექტორს

მადლობის წერილი თსსუ–ის რექტორს

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ვადაჭკორიამ ამავე უნივერსიტეტის კურსდამთავრებულის – მაია ძამაშვილის მადლობის წერილი მიიღო: „თავს უფლებას მივცემ და ამ წერილის საშუალებით მადლობას გადავუხდი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსს, ქალბატონ ია ავალიანს, ამავე დეპარტამენტის თანამშრომელს ქალბატონ ნინო კანდელაკსა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტს ERASMUS MUNDUS (MEDEA) პროექტში გაწეული დახმარებისთვის. პროექტ MEDEA–თი, რომელიც ქალბატონ იასა და ნინოს დახმარებით შეიქმნა, შევძელი გერმანიის დედაქალაქში არსებული უდიდესი კლინიკის შარიტეს დოქტორანტი გავმხდარიყავი. მოვიპოვე სამი წლის სრული დაფინანსება. არ მავიწყდება, როგორ ზრუნავდნენ და გვიხსნიდნენ ქალბატონი ია და ნინო სათითაოდ ყველა სტუდენტს, ყველა დეტალს პროექტ ERASMUS MUNDUS–ისა და განსაკუთრებით MEDEA–ს შესახებ.

ეს სტიპენდია საშუალებას მომცემს ჰემატოლოგიის სფეროში ავიმაღლო ცოდნა და ეს ცოდნა გავუზიარო ჩემს ქართველ კოლეგებსა და სტუდენტებს.

მესმის რას ნიშნავს იყო შარიტეს დოქტორანტი. ეს ერთდროულად დიდი ბედნიერებაცაა და პასუხისმგებლობაც, რომ მე ვიქნები თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის წარმომადგენელი, იმ უნივერსიტეტისა, რომელიც უკვე 10 წელია ჩემი სახლია და მისი ბიბლიოთეკის უცხოენოვანი განყოფილება და იქ მომუშავე უსაყვარლესი პერსონალი – ჩემი პროფესიული ცხოვრების ნაწილი.

მჯერა, რომ ქალბატონ იას უსაზღვრო მონდომება და ამაგი კიდევ ბევრ ქართველ სტუდენტს მისცემს ცოდნის ამაღლების საშუალებას ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში.

დიდი მადლობა თქვენ, საქართველოში ყველაზე კარგი უნივერსიტეტისა და საუკეთესო საერთაშორისო დეპარტამენტის არსებობისთვის“.